"გირგვლიანი და ბუხაიძე სასაფლაოზე მანქანით მე ავიყვანე და შიშველი დავტოვეთ" - ყოფილი ძალოვანი მკვლელობის ღამეს იხსენებს

"გირგვლიანი და ბუხაიძე სასაფლაოზე მანქანით მე ავიყვანე და შიშველი დავტოვეთ" - ყოფილი ძალოვანი მკვლელობის ღამეს იხსენებს

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე სასამართლომ შს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი დავით ქოქიაშვილი დაკითხა. ქოქიაშვილის განმარტებით, ყველა თანამდებობის პირი, ვინც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის დროს შსს–ში შემავალ უწყებებს ხელმძღვანელობდა, მომხდარის შესახებ საქმის კურსში იყო.

როგორც სასამართლო პროცესზე ქოქიაშვილმა განმარტა, ის 2006 წლის 28 იანვარს, გირგვლიანის მკვლელობის ღამეს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის გია ალანიას მძღოლი იყო. მისივე თქმით, მანქანას, რომლითაც სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე ოქროყანის სასაფლაოზე აიყვანეს თვითონ მართავდა. ქოქიაშვილის განცხადებით, აღნიშნული ავტომანქანა კუდ–ის მაღალჩინოსანს სოსო თოფურიძეს ემსახურებოდა. ქოქიაშვილის მტკიცებით, მან პირადად მოუყვა კუდ–ის მაშინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას მკვლელობის შესახებ და პატაკი ჩააბარა.

"სატელევიზიო სიუჟეტები რომ გავიდა, სამსახურიდან მანქანა გაქრა და უკვე დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ეს ფაქტი იყო და მაშინ მივმართე დეპარტამენტის დირექტორს დათა ახალაიას პატაკით. პატაკში განვაცხადე ყველა ის გარემოება, თავიდან ბოლომდე როგორც იყო. მერე გამესაუბრა, მადლობა მომიხადა და გამომიშვა",– განაცხადა სასამართლო პროცესზე დავით ქოქიაშვილმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ რაც გირგვლიანი და ბუხაიძე სასაფლაოზე შიშველი დატოვეს, აღნიშნული პირების ტანსაცმელი კუდის ხელმძღვანელის მოადგილის სოსო თოფურიძის მანქანით წამოიღეს და მოდულის შენობაში მიიტანეს. ქოქიაშვილის განმარტებით, ამავე შენობაში აღმოჩნდა გირგვლიანის და ბუხაიძის საბუთები და მობილური ტელეფონები, რომელიც მათ კუდის მაღალჩინოსანმა გია ალანიამ ჩამოართვა და რომელიც მეორე დილით მოდულის შენობაში დაწვეს.

"ჩვენთან სიგარეტს ოთახებში არ ეწეოდნენ და როცა სიგარეტის მოსაწევად გავედი, უკვე ეს საქმე ტელევიზიითაც გაშუქებული იყო. იქ იდგნენ ბიბილურიძე და აფციური და რაღაც ნივთებს წვავდნენ. რომ დავხედე ტელეფონები, საფულე, პირადობის მოწმობა, ბანკის პლასტიკური ბარათები იყო. ეს რა არის, რა აკეთებთ მეთქი და ეს იქიდან წამოღებული ნივთებიაო",– განაცხადა დავით ქოქიაშვილმა.

დავით ქოქიაშვილი საერთოდ არ ფიგურირებს 2006 წელს გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულთა საქმეში. ქოქიაშვილი ამბობს, რომ ყოფილი ხელისუფლების მმართველობის პერიოდში ის დაკითხვაზეც არ დაუბარებიათ.

იხილეთ სრულად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ