მთელი მთავრობა რომ გამორბოდა, ჩემი შვილი ცხინვალში მეგობრის ცხედრისთვის შევიდა და იქ დარჩა სამუდამოდ, - ასე იხსენებს ვაზიანის მეოთხე ბრიგადის კაპიტნის , ალექსანდრე თანდაშვილის დედა აგვოსტოს ომის დროს განვითარებულ მოვლენებს.
როგორც ლენა თანდაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მხარს უჭერს ავგვისტოს ომის მოვლენების შესწავლას და მოითხოვს, რომ პასუხი გასცენ მშობლებს, თუ რა ვითარებაში დაიღუპნენ მათი შვილები.
"განა შემიძლია მისი მოგონება. ძალიან ძნელია ჩემთვის. ვიცი, რომ პირველ დაბომბვას გადაურჩა და თავის დანაყოფთან ერთად უვნებლად გამოვიდა, მაგრამ მერე მეორედ შებრუნდა ერთ-ერთი ჯარისკაცის, ერეკლე ყულოშვილის ცხედრის გამოსატანად და თვითონაც იქ დარჩა. ვიცი, რომ თავიდან ნიქოზამდე მოვიდა და მერე ისევ უკან გატრიალდა. ყველა რომ გამორბოდა, მთელი მთავრობა, ჩემი შვილი იქ შევიდა, რომ მეგობარი გამოეყვანა, იქნებ სხვებსაც უჭირდა. დაჭრილები იყვნენ და შველა სჭირდებოდათ. არავინ არ უშველა ჩვენს შვილებს. ძალიან ძნელია. ექვსი წლისთავია, მაგრამ მე 2008 წელში დავრჩი. იმის მერე ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა. ორი წლის შემდეგ ჩემი მეუღლეც გარდაიცვალა, 2012 წელს კი, მეორე ბიჭიც დამეღუპა და დავრჩი მარტო", - განაცხადა ლენა თანდაშვილმა.
რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან დახმარებას, დაღუპული ჯარისკაცის დედის განმარტებით, თავად, 15 წლის შვილიშვილი ერთად 500 ლარს იღებეს.
"სახელმწიფოსგან დახმარება გვაქვს ზუსტად იმდენი, როგორც ყველას. ჩემს შვილს შვილი დარჩა, რომელიც რამდენიმე დღის წინ 15 წლის გახდა. დახმარება, რასაც ვიღებთ, 500 ლარიანია, რომელიც შუაზე იყოფა. რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს ომის გამოძიება. მე არ ვიცი, ჩემი შვილი რა სიტუაციაში დაიღუპა. არაფერი ჩვენ არ ვიცით და მშობლებს უნდა გვითხრან. ყველა რომ გაიქცა და ჩვენი შვილები დაყარეს, თქვენ არ იცით, რომ ეს ასეა?", - აღნიშნა ლენა თანდაშვილმა.