ყვითელი "მარშრუტკებიდან" მძღოლები გარბიან

ყვითელი "მარშრუტკებიდან" მძღოლები გარბიან

შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, "თბილისის მიკროავტობუსიდან" მძღოლები გარბიან. როგორც "რეზონანსმა" შეიტყო, მარტო ერთი სამარშრუტო ხაზიდან 7 მძღოლი წავიდა, რასაც "თბილისის მიკროავტობუსში" არ ადასტურებენ.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, მძღოლებს პრობლემები არ შექმნიათ და რეალურად არ არსებობს არც ერთი ფაქტი, კომპანიიდან მძღოლის წასვლას რომ დაადასტურებს.

ერთ-ერთი პრობლემა, რასაც "თბილისის მიკროავტობუსებში" ასახელებენ, მიკროავტობუსში კონდიციონერის ჩართვას უკავშირდება. კომპანიის პრესცენტრის ცნობით, კონკრეტულ ფაქტებზე სანქციები ტარდება და რამდენიმე მძღოლი დაჯარიმდა კიდეც. თუმცა, რამდენი მძღოლია დაჯარიმებული და რა სანქციები გატარდა, არ სახელდება.

როგორც მძღოლები აცხადებენ, კონდიციონერი არ არის ერთადერთი პრობლემა, რაც მათ აწუხებთ. ისინი კომპანიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ორგანიზაციის მხრიდან ელემენტარული კონტროლიც არ არსებობს და დღემდე გაუსაძლის პირობებში უწევთ მუშაობა.

მიკროავტობუსებში შექმნილ პრობლემებს მძღოლები გაუმართავ სისტემას უკავშირებენ, რის გამოც მგზავრები ზარალდებიან, ხოლო სიტუაციის გამოსასწორებლად რეალურად არაფერი კეთდება.

ბოლო დროს დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემაში დიდ პრობლემად იქცა კონდიციონერი, რომელიც მუდმივად გაუმართავია და მგზავრების უკმაყოფილებას იწვევს. კომპანიის არაერთ განცხადებას, რომ კონდიციონერები მასობრივად შეაკეთეს, მძღოლები მორიგ სიცრუეს უწოდებენ. მათი მტკიცებით, შემოწმება საერთოდ არ ჩატარებულა და მდგომარეობით არავინ დაინტერესებულა.

პრობლემა მხოლოდ კონდიციონერს არ უკავშირება. მძღოლებს გაუმართავი მიკროავტობუსებით უწევთ გადაადგილება და დილის 7 საათიდან ღამის 11 საათამდე მუშაობენ, რაც ამ ადამიანებისა და მგზავრებისთვის სარისკოა.

მიკროავტობუსის ერთ-ერთი მძღოლი, რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ ვასახელებთ, "რეზონანსს" ესაუბრა პრობლემებზე, რასაც ის და ასობით მისი კოლეგა ყოველდღიურად აწყდება. უკმაყოფილო მძღოლის ინფორმაციით, ბოლო თვის განმავლობაში, მარტო ერთ სამარშრუტო ხაზზე სამუშაო შვიდმა მძღოლმა დატოვა - მათ პირობებს ვერ გაუძლეს და გაიქცნენ.

მძღოლი ამბობს, რომ "თბილისის მიკროავტობუსების" მხრიდან ელემენტარული ხელშეწყობაც არ აქვთ, რის გამოც მათი საქმიანობა ინტერესს კარგავს.

"მხოლოდ კონდიციონერის გაუმართაობა რომ იყოს, კიდევ გაუძლებდა კაცი, თუმცა აქაც იტყუება კომპანია, როცა პრესასთან აკეთებს განცხადებას და მძღოლებს სანქციებით ემუქრება. არც ერთი მძღოლი ამ მიზეზით არ დაუჯარიმებიათ და ამას ვერც გააკეთებენ. დედაქალაქის მასშტაბით მოძრავ თითქმის ყველა სამარშრუტო ტაქსში კონდიციონერი ყველგან გაუმართავია და რომელი ერთი უნდა დააჯარიმონ? კონტროლსაც არ ახდენენ, არც აინტერესებთ, რეალურად რა ხდება და რა პრობლემებია ამ სისტემაში. ერთხელ არ მოსულან, რომ სიტუაცია შეესწავლათ.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია