აგვისტოს ომიდან 6 წლის შემდეგ გმირების მემორიალთან - ჟურნალისტის დღიური სოფელ შინდისიდან

აგვისტოს ომიდან 6 წლის შემდეგ გმირების მემორიალთან - ჟურნალისტის დღიური სოფელ შინდისიდან

"ო, ეს ეკლესია, რა დიდებულია…" – გორში, სოფელ შინდისში ამ სიმღერას აგვისტოს ომში დაღუპულთა სახელზე მშენებარე ეკლესიაში ერთ-ერთი ადგილობრივი მშენებელი მღეროდა. ისეთი გულწრფელი იყო… შენება უხაროდა, თანაც ნაგებობა თითქმის დასრულებულია.

აგვისტოს ომის 6 წლის თავზე, გულწრფელი ვიყავი მეც, როცა იქვე, ჩემთან 30 მეტრში მდგომი მინისტრები კომენტარებს აკეთებდნენ და მათი გაშუქების სურვილი არ მქონდა. სიმბოლურად, ეკლესიაში შესვლამდე რამდენიმე მათგანისგან სხვა ჟურნალისტების მსგავსად, მეც ავიღე კომენტარი, მაგრამ არც კი მომისმენია. გმირების მემორიალთან მყოფ მინისტრებს მოვშორდი და რაღაც ემოციურის ძებნა დავიწყე. მინდოდა მომესმინა სისხლით მორწყული ადგილის რეალური მხილველისთვის და კიდევ ერთხელ მეგრძნო როგორ მძულს პუტინი.

მემორიალზე 17 გმირის ქვაზე ნახატი სურათი დევს, ძირითადად ჩემი ასაკის ბიჭების. ისინი, როგორც მითხრეს, სენაკის მეორე ბრიგადაში მსახურობდნენ და შინდისიდან იგერიებდნენ რუს ოკუპანტებს. მათი ხსოვნისადმი პანაშვიდი სასჯელაღსრულების სამინისტროს ინიციატივით ჩატარდა.

ვეძებდი ემოციას და ვნახე – ახალგაზრდა ქალი, ჯუნა ბერუაშვილი ინტერვიუზე დამთანხმდა. კამერასთან საუბარი არ სურდა, მაგრამ მაინც დავიყოლიე – თქვა, ამ მიყვარს ჩემს ქმედებებზე ლაპარაკიო. ომის დროს, ის ერთ-ერთი იყო, ვინც რუს ოკუპანტებს, რომლებსაც მის სახლთან ახლოს საგუშაგოები ჰქონდათ, დაჭრილ ქართველ მებრძოლებს უმალავდა, რომ კიდევ არ ესროლათ.

"არასდროს დამავიწყდება ბიჭი, რომელიც მძიმედ იყო დაჭრილი, მკლავში, მუხლებში… რუსების ვერტმფრენი ძალიან დაბალზე დაფრინავდა, თითქმის კაკლის ხის სიმაღლეზე. დაჭრილი ბიჭი მიწაზე იწვა. დავაფიქსირეთ, რომ პილოტებს იარაღი ჰქონდათ ჩამოშვებული. მოვახერხე ის, რომ ქართული ფორმის, ცოტა ფართე კაბა მეცვა და დაჭრილს ბიჭს გადავაფარე, რომ არ დაენახათ. ვერტმფრენის დანახვისას, ხელმეორედ ჩახედა იმ ბიჭმა სიკვდილს თვალებში, მაგრამ ცოცხალია", - ამბობს ჯუნა ბერუაშვილი.

მან საუბარში რამდენჯერმე ახსენა სახელი ბადრი. თქვა, რომ ეს ბიჭიც, რომლის შესახებაც მომიყვა, რუსების კონტროლირებადი ზონიდან, ბადრიმ გამოიყვანა.

ახმეტა - ბადრი ხუციშვილის ზედმეტსახელია. ის ომის დროს, ყველაფერს აკეთებდა დაჭრილი ბიჭების გადასარჩენად, - ასე ამბობენ შინდისელები.

ბადრი ხუციშვილის მონაყოლი უმძიმესი მოსასმენი იყო…

"კიდევ უნდა გამახსენოთ ის უბედურება? აქ საშინელება ხდებოდა. დახოცილი, დანაწევრებული ჩვენი ჯარისკაცები მიწაზე იყვნენ მოფენილი. ჩუმად შემოვიპარებოდით ხოლმე და დაჭრილებს ვეძებდით. ჩუმად მიგვყავდა. რუსები მათი გაყვანის საშუალებას არ გვაძლევდნენ, რთული იყო, მაგრამ მაინც ვახერხებდით. 11 აგვისტოს 1 ჯარისკაცის გაყვანა მოვახერხეთ, 12-ში 2-ს და 13-ში კიდევ 2-ს. სამწუხაროდ, მხოლოდ 5 კაცის გადარჩენა მოვახერხეთ. გარშემო რუსებს საგუშაგოები ჰქონდათ. 12 აგვისტოს მოხსნეს პოსტები, სუნი დადგა აქ – მიცვალებულების სუნი და ამის გამო…", - ეს ფრაზა მისთვისაც და ჩემთვისაც მძიმე სათქმელი და გასაგები იყო, წარმოვიდგინე რა აქვს ნანახი და განცდილი ამ კაცს. საუბარი აღარ გამიგრძელებია და ახმეტაც წავიდა, თითქოს ერთი სული ჰქონდა, თვალს როდის მოეფარებოდა.

მინდოდა, იქვე მყოფი მოძღვარიც დამლაპარაკებოდა, თითქოს მოსმენილის შემდეგ რაღაც დადებითს მეტყოდა, თუმცა არ მოისურვა. მემორიალს მივუახლოვდი. მინისტრები აღარ დამხვდნენ. ბიჭების სახეებს კადრებად ვიღებდი ვიდეო-სიუჟეტისთვის და 3 წლამდე ბიჭი შევნიშნე – მამასთან ერთად, ერთ-ერთი დაღუპულის ქვასთან პატარა ხელებით, სანთელს ანთებდა. ეს ყველაზე პოზიტიური კადრი იყო, რაც დღეს ვნახე…

ხათუნა გაგნიძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია