"ცხრა წელი ხომ მეძახდნენ მკვლელს, გამტაცებელს... ახლა მომიხადონ ბოდიში" - გურამ დონაძე

"ცხრა წელი ხომ მეძახდნენ მკვლელს, გამტაცებელს... ახლა მომიხადონ ბოდიში" - გურამ დონაძე

გუშინ სანდრო გვირგვლიანის საქმეზე ოლეგ მელნიკოვმა აღიარებითი ჩვენება მისცა. მან ფატქობრივად დაადასტურა ის, რასაც გვირგვლიანის ოჯახი ამბობდა. მელნიკოვის ჩვენების შეფასება შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ექს-ხელმძღვანელს, გურამ დონაძეს ვთხოვეთ:

- მე აღნიშნულ საქმეზე მიცემული მაქვს ჩვენება და კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ "შარდენ ბარში" გურამ დონაძის გამო არავითარი ინციდენტი არ მომხდარა, ხოლო გარეთ რა მოხდა და ვინ ვის რა ანიშნა, ეს ჩემთვის უცნობია. რაც ვიცოდი, მე გამოძიებას ყველაფერი ვუთხარი

- მელნიკოვმა თქვა, რომ დათა ახალაიამ თქვენი ტელეფონით დაურეკა გია ალანიას...

- ეს გამოძიებაშიც დევს, რომ ჩემი ტელეფონი სუფრაზე იდო. მგონი ნორმალურია, როდესაც მეგობრები იკრიბებიან სიგარეტი და ტელეფონი ჯიბეში არავის არ უდევს. როგორც წესი, მაგიდაზე დებენ ხოლმე. ტელეფონი იდო მაგიდაზე და ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ესარგებლა, მითუმეტეს, თუ დამჯდარი ჰქონდა ტელეფონი.

- მელნიკოვის ყოფილი ადვოკატი, მალხაზ ველიჯანაშვილი თვლის, რომ მელნიკოვმა ეს ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა, ეთანხმებით მის ამ განცხადებას?

- თქვენ ცდილობთ, რომ მე მოვახდინო მელინკოვის ჩვენების შეფასება. ჩვენებას კი აფასებს საგამოძიებო ორგანო და მართლმსაჯულება. მე ზუსტად ვიცი, რომ შემთხვევის ადგილზე არაფერი ჩამიდენია, არანაირ დანაშაულში მონაწილეობა არ მიმიღია, თორემ ამდენი ხანი ქუჩაში არ ვივლიდი. ცხრაწლიანი ლანძღვა-გინების მერე ხომ დადასტურდა, რომ გურამ დონაძეს არავინ მოუკლავს?! ამ ტყუილი ლანძღვის გამო ვინმე მიხდის ბოდიშს?! მთელი ცხრა წელი ხომ მეძახდნენ მკვლელს, გამტაცებელს და ა.შ. ახლა მომიხადოს ბოდიში იმ საზოგადოებამ, ვინც ამ ყველაფერს მეძახდა. მათ შორის, ბოდიში უნდა მომიხადონ სოზარ სუბარმა, ნოდარ ხადურმა და სხვ. მე მათი ინტერვიუების ჩანაწერები გამზადებული მაქვს სტრასბურგისთვის, უბრალოდ, ველოდები როდის დასრულდება სასამართლო პროცესები, ველოდები, რომ ჩემი დანაშაული არ გამოიკვეთება, მექნება საბუთი ხელში და მერე მე გავაგრძელებ ჩემი ღირსების აღდგენის სამართლებრივ გზას. მე წლების განმავლობაში გაკეთებული განცხადებები მაქვს შეგროვილი. ქალბატონი ეკა ბესელია მეძახდა მკვლელს და მლანძღავდა, მაგრამ ეს ყველაფერი არ დადასტურდა და თუნდაც ერთი სიტყვით ვინმემ ხომ უნდა მომიხადოს ბოდიში, ვინაიდან წლების მანძილზე ჩემს ოჯახს აყენებდნენ შეურაცხყოფას, დასცინოდნენ და სხვ. მე რომ დამნაშავე ვყოფილიყავი, ქუჩაში არავინ მატარებდა, გინდა გვირგვლიანის ოჯახი აიღეთ და გნებავთ, რობაქიძის ოჯახი. მიუხედავად იმისა, რომ ბუტა რობაქიძის ოჯახმა არაერთხელ ანთხია ბოღმა და ღვარძლი ჩემს წინააღმდეგ, ბევრ უზუსტობაში დამდო ბრალი, მაგრამ მე ეს ყველაფერი მოვითმინე, როგორც დაზარალებული და გაუბედურებული ოჯახისგან. ეს არის უბრალოდ გაუგებრობას შეწირული შვილის ოჯახი და მხოლოდ ამიტომ ვაპატიე მათ ის, რასაც ჩემზე ამბობდნენ. მე აქ ვარ და სხვებისგან განსხვავებით, არ გავქცეულვარ და არ დავმალულვარ, მე ვიბრძვი იმისთვის, რომ დავამტკიცო ჩემი უდანაშაულობა.

წაიკითხეთ მეტი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ