ხილი და ბოსტნეული თითქმის 100%-ით არის გაძვირებული - საქართველო რთული ზამთრის მოლოდინში?

ხილი და ბოსტნეული თითქმის 100%-ით არის გაძვირებული - საქართველო რთული ზამთრის მოლოდინში?

როგორც გაზეთი ”რეზონანსი” წერს, სოფლის მეურნეობის პროდუქტების დიდი ნაწილი ზაფხულის მიწურულსაც კი საგრძნობლად ძვირია. მომხმარებელი უკვე ნერვიულობს, რომ სურსათის მომარაგების თვალსაზრისით, მძიმე ზამთარი და კიდევ უფრო რთული გაზაფხული ელის. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლებში ასეთი ძვირი ზაფხული მომხმარებელს არ ახსოვს. პროდუქტის გაძვირება რუსეთის ბაზრის გახსნასა და გვალვას უკავშირდება.

შარშანდელთან შედარებით, სოფლის მეურნეობის ბევრი პროდუქტის ფასი გაორმაგებული და გასამმაგებულია. სეზონი ისე იწურება, რომ 1 კილოგრამი პომიდორი 80 თეთრს არ ჩამოცდა, კარგი კი სულაც 1,30-1,50 ლარი ღირს. შარშან ამ დროს კი 1 კგ პომიდორის ფასი 50-60 თეთრი იყო. შარშან თუ, აგრარულ ბაზრობებზე 4 კილოგრამი კიტრის ღირებულება 1 ლარი იყო, წელს 1 კილოგრამის ფასი 70 თეთრზე დაბლა არ ჩამოსულა. ასევე 70 თეთრი ღირს ბადრიჯანი (შარშან 3-4 კგ 1 ლარი ღირდა), ხოლო ნიორი -2,5 ლარი. 2-2,5 ლარია მჭადის ფქვილი მაშინ, როდესაც შარშან ამავე პერიოდში მისი ღირებულება 1,5 ლარს არ ასცილებია. თითქმის იგივე ფასი დარჩა კომბოსტოზე, ხახვსა და კარტოფილზე. წელს შიდა ქართლში უხვი მოსავლის გამო, სავარაუდოდ, არც ე.წ.მინდვრის ლობიო გაძვირდება.

წარმოუდგენლად გაძვირდა ხილი. თუკი შარშან 1 კილოგრამი ატამი, საშუალოდ, 40-50 თეთრი ღირდა (ზოგიერთ აგრარულ ბაზარში 3 კილოგრამი 1 ლარი), წელს მისი ფასი 1 ლარს არ ჩამოსცდენია. უფრო მეტიც, სახლეჩი ატმის ღირებულებამ 1,5 ლარსაც კი გადააჭარბა. ისე დამთავრდა მარწყვის სეზონი, რომ მისი ღირებულება 2,5-3 ლარზე ნაკლები არ ყოფილა, ასევე საგრძნობლად ძვირია ქლიავი და 1 კილოგრამის ფასი 2 ლარია.

წინა წლებთან შედარებით, მაღალი ფასი აქვს საზამთროსა და ნესვს. კახელები იმასაც ამბობენ, რომ საზამთრო ასეთი ძვირი არასდროს ყოფილა. რამდენიმე დღის წინ 1 კილოგრამი საზამთრო 70-80 თეთრი ღირდა, ამჯერად ფასი 50-60 თეთრის ფარგლებშია. ვაჭრების ინფორმაციით, ეს დროებითია. ბოლო დღეებში ერთბაშად ბევრი საზამთრო დაიკრიფა, ამიტომ შედარებით გაიაფდა და მალე მისი ღირებულება ისევ 80 თეთრს მიაღწევს.

გაძვირდა რძის პროდუქტებიც. 1 კგ იმერული ყველის ფასმა 6,5-7 ლარს მიაღწია, სულგუნი კი 10-12 ლარი ღირს, არადა ახლა ის პერიოდია, როდესაც ყველი ტრადიციულად ყველაზე იაფია ხოლმე.

აგრარულ ბაზრებში, სიძვირის გამო, მომხმარებლის წუწუნს ხშირად გაიგონებთ. ხილ-ბოსტნეულზე წლევანდელი ფასებით ყველა გაღიზიანებულია. თამარ კიკნაძემ ზუსტად 7 წლის წინათ დაკარგა სამსახური, ამ წლების განმავლობაში მისი ძირითადი საქმიანობა დიასახლისობა გახდა. 7 წელია ბაზარში თავად დადის და ამბობს, რომ ზოგიერთ პროდუქტზე ასეთი მაღალი ფასი არასდროს უნახავს.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია