ანაკლიაში, განმუხურის ხიდთან სასულიერო პირებისა დ მრევლის აქცია დასრულდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, პარაკლისის გადახდის შემდეგ, აქცის მონაწილეებმა წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში გადაინაცვლეს და ლოცვა აღავლინეს. როგორც სასულიერო პირები აცხადებენ, ისინი მრევლისა და ქვეყნისთვის ლოცვას ისევ გააგრძელებენ, თუმცა ჯერჯერობით არ იციან ჩაატარებენ თუ არა საპროტესტო აქციას "კაზანტიპის" ფესტივალის წინააღმდეგ.
ანაკლიაში სასულიერო პირებისა და მრევლის აქცია მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. აქციის მონაწილეები ფესტივალის აკრძალვას და იმ ტერიტორიის მოლოცვას მოითხოვდნენ, სადაც "კაზანტიპის" ფესტივალი უნდა ჩატარდეს.
ანაკლიაში, სასულიერო პირებმა და "კაზანტიპის" ფესტივალის მოწინააღმდეგეებმა თავდაპირველად წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში სამშვიდობო პარაკლისი ჩაატარეს. როგორც სასულიერო პირებმა განაცხადეს, დღეს მშვიდობისთვის ილოცეს და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდეს, დაიცვან ქართული ღირსება და სიწმინდეები.
ანაკლიაში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში მშვიდობიანი პარაკლისის დასრულების შემდეგ, მრევლმა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა მშვიდობიანი მსვლელობა გამართეს.
მსვლელობა სასულიერო პირებმა და მრევლმა ანაკლიაში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრიდან პარაკლისის დასრულების შემდეგ დაიწყეს.
მათ მსვლელობისას თან ჰქონდათ პლაკატები წარწერით - "ნუ გადავაქცევთ საქართველოს სოდომ-გომორად", "ვთხოვთ, ხელისუფლებას, არ დაუშვას გარყვნილების ქადაგება", "კაზანტიპი გარყვნილებაა".
მსვლელობაში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, რომლებიც აცხადებენ, რომ სამარცხვინოა, როცა სახელმწიფო პროსტიტუციას უჭერს მხარს.
ანაკლიაში სასულიერო პირებსა და მრევლს განმუხურის ხიდზე გადასვლის შესაძლებლობა არ მისცეს.
ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულები, რომლებიც "კაზანტიპის" ფესტივალის მოწინააღმდეგეებს ხიდზე გადასვლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.
აღსანიშნავია, რომ განმუხურის ხიდთან შეკრებილი მრევლი, რომელიც დღეს დილიდან "კაზანტიპის" საწინააღმდეგო აქცია-მსვლელობას მართადა, ჟურნალისტების მიმართ აგრესიულობით გამოირჩეოდა.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ისინი მედიის წარმომადგენლებს ფოტოებს უღებდნენ, აცხადებდნენ, რომ ჟურნალისტები შავრაზმელთა ბანდის წარმომადგენლები არიან და ცდილობენ პროვოკაცია შეიტანონ დღევანდელ მშვიდობიან აქციაში.
აქციის მონაწილეები ჟურნალისტებს ემუქრებოდნენ და ამბობდნენ, რომ "საკუთარ თავს უნდა დააბრალონ, რაც მოუვათ".
ადამიანთა ერთი ჯგუფი, რომელიც საკუთარ თავს "პროგრესულად მოაზროვნეს" უწოდებს, კაზანტიპის ფესტივალს ემიჯნება. მათ განმუხურის ხიდის გადაკეტვა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.
როგორც სასულიერო პირები აცხადებენ, ისინი ყოველდღე გააგრძელებენ ლოცვას და "კაზანტიპის" პრეზიდენტის, ნიკიტა მარშუნოკის საქართველოდან გაძევებას მოითხოვენ.
ამასთან, "კაზანტიპის" პრეზიდენტი სასულიერო პირებს ფესტივალზე ეპატიჟება.
"კაზანტიპის" პრეზიდენტი მზადაა, სასულიერო პირებს ესაუბროს და მათ ურჩევს, 20 აგვისტოს ფესტივალზე მივიდნენ.
"კაზანტიპის" პრეზიდენტის ნიკიტა მარშუნოკის თქმით, აქციის მონაწილეები ემოციებს არიან აყოლილი და სინამდვილეში, არ იციან რა ხდება ფესტივალზე.
"კაზანტიპის" ფესტივალი ანაკლიაში 20-30 აგვისტოს გაიმართება.