მოკლედ, აღარც კი ვიცი, ვიცინო, ვიყვირო, თუ ვიტირო: საქმე მგონი, არც ისე სასაცილოდ გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მინისტრი - დავით სერგიენკო კულტურულად (მისთვის ჩვეული სიმშვიდით), ტონის აუწევლად, ბრძანებს: არაფერია საპანიკო!
ჰო, ანკი რა უნდა გვქონდეს საპანიკო და ასაღელვებელი, არა? როცა სულ რაღაც რამდენიმე ათასი დასახელების წამალია რეცეპტით გასაცემთა სიაში?..
როგორც ჩანს, ჯანდაცვის სამინისტროს მესვეურებს ბოლომდე არ აქვთ წარმოდგენილი და გაცნობიერებული, თუ რა დაბნეულობა, სირთულე და კიდევ ვინ იცის, რა გაუთვალისწინებელი პრობლემა შეიძლება შექმნას ამ "ძვირფასმა" კანონმა, რითიც თავს ასე იწონებენ ადამიანების ჯანმრთელობაზე აგრე რიგად "მზრუნველნი".
ავდექი, თავი გადავდე და ბოლომდე გავეცანი იმ პრეპარატებისა და მედიკამენტების ნუსხას, რომლებიც 1-ელი სექტემბრიდან ურეცეპტოდ არ გაიცემა და გული შემიწუხდა... თქვენი არ ვიცი და ჩემი ოჯახის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ყველა იმ წამალს, რასაც ვიყენებთ, გამოგვიყენებია და მომავალშიც გამოვიყენებთ, რეცეპტი სჭირდება, რომ არაფერი ვთქვა, ბრილიანტის მწვანესა და იოდზე... სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს (!)
"ნიმესილზე" ბრძანეს, - თურმე ღვიძლს აზიანებსო. დამისახელონ მედიკამენტი, რომელსაც გვერდითი ეფექტი არ აქვს. რომ არ მიჭირდეს, ვინ ოხერი, კეტანოლი ან ციტრამონი, ისე, "უპრაგონოდ" მივიღო?!. მოკლედ, ესეც ვერ გავიგე, ისევე როგორც მათი კანონის ზოგადად ვერაფერს ჩავწვდი, საერთოდ რას ემსახურება და ვის გამოსაჯანმრთელებლად თუ პირიქით, დასაღუპავად არის გამიზნული...
წამლების ჩამონათვალში აღმოვაჩინე, რომ ყველა ანტიალერგიულ პრეპარატს რეცეპტი სჭირდება. ამ ყველაფრის ფონზე კი პირველი, ვინც გამახსენდა, ჩემი ძმაა, რომელსაც ალერგია აწუხებს და პერიოდულად, ეს დაავადება ხან რა მიზეზით და ხან რა მიზეზით უმწავადება. მაინტერესებს, 1-ელი სექტემბრიდან როგორ იქნება მისი მდგომარეობა: ვთქვათ, "ჭინჭრის ციება" დაეწყო, რომელის შეჩერებაც სპეციალური ანტიალერგიული პრეპარატებით ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს, შოკი რომ არ განვითარდეს, ავადმყოფზე ვიფიქროთ, მას მივხედოთ, თუ იმაზე, მაშინვე ექიმთან გავიქცეთ, მისთვის საჭირო წმალების რეცეპტის მოსატანად?! მე შენ გეტყვი და იქ მისული მაშინვე მოხვდები ექიმთან. ამისთვის, მინიმუმ ასეთი პროცედურაა გასავლელი: სახლიდან რეკავ სადაზღვევო კომპანიაში, შეტყობინებას აკეთებ იმის შესახებ, რომ სასწრაფოდ გჭირდება ოჯახის ექიმთან ვიზიტი. ოპერატორი გპასუხობს, - ეს დღეს შეუძლებელია, რადგანაც ოჯახის ექიმს უკვე შევსებული აქვს ყველა ადგილი, შეგვიძლია 4 დღის შემდეგ ჩაგწეროთ. როგორია, ჰა?! იქნებ მირჩიოს და ამიხსნას ვინმემ - როგორ მოვიქცე?!
დავუშვათ, "სასწრაფო დახმარებამ" მოგვიგვარა ერთჯერადად პრობლემა, რა ვუყო იმას, რომ მკურნალობის კურსი გასაგრძელებელია და პაციენტს წამალი გადაუდებლად სჭირდება. ამ დროს გახსენდება, რომ ექიმი მხოლოდ ოთხ დღეში მიგიღებს(!) და ასე იქნება თითქმის ნებისმიერი დაავადების შემთხვევაში...
წამლის ურეცეპტოდ გაცემა მათი აზრით, ხომ იმას ემსახურება, რომ ადამიანებმა თვითმკურნალობას თავი დაანებონ. მე საპირისპირო მგონია, ეს ყველაფერი იმისკენ არის მიმართული, რომ ადამიანები თვითმკურნალობას პირიქით, მიეძალონ და ხალხური სამკურნალო რეცეპტები საგულდაგულოდ მოჩხრიკონ...
მე მაგალითად, ასე გადავწყვიტე, იმ ბიუროკრატიულ ლაბირინთებში გახლართვას, რასაც ეგენი გვთავაზობენ, უარესი რომ არ დამემართოს, მირჩევნია, ავიღო თამარ მამაცაშვილის, არაჩვეულებრივი ექიმისა და ავტორის წიგნი "კარაბადინი" და ამა თუ იმ დაავადების შესახებ მოვძებნო ხალხური რეცეპტი. მით უფრო, რომ დღეს მსოფლიოში როგორც ვატყობ, მცენარეული პრეპარატებისაკენ მობრუნება შეინიშნება. ეს ვის თუ არა, ჩვენ საქართველოს, კოლხი მედეას სამშობლოს კარგად მოეხსენება, რადგანაც ამის დიდი ისტორიული გამოცდილება გვაქვს.
ასე რომ, ძალით გვაბრუნებენ წარსულში (!) ჰოდა, გადავშალოთ "კარაბადინი": სიცხე ძმრიანი წინდებით დავიწიოთ, არტერიულ წნევას მწიფე ძახველის ნახეხით ვუმკურნალოთ, იმუნიტეტის ასამაღლებლად ლიმონი და ნიორი მივიღოთ, დიაბეტსა და ალერგიას ჭარხლის წვენი უხდება და ასე არ სრულდება, რადგანაც ყველა მცენარეს ხომ თავისი სასარგებლო თვისება აქვს? ჩვენც ვხეხოთ, ვხარშოთ და ვწუროთ მცენარეები, ამით კი იძულებით ვამბობთ უარს უცხოეთიდან შემოტანილ, ცეცხლის ფასად ღირებულ, აწუკვე რეცეპტიან მედიკამენტებზე...
ლალი ფაცია
სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის