1 სექტემბრიდან საქართველოში გარკვეული კატეგორიის წამლები რეცეპტის გარეშე აღარ გაიყიდება. საზოგადოებაში ამ სიახლეს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ზოგი ამბობს, რომ ამან სხვა ქვეყნებში ვერ გაამართლა, ზოგი ჯანდაცვის სამინისტროს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამით ხალხს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.
ზოგი მედიკამენტებზე ფასის შესაძლო მატებაზე საუბრობს. ასევე არ ენდობიან ექიმებს და ამბობენ, რომ რეცეპტის მისაღებად საკმაოდ დიდ რიგებში მოუწევთ დგომა. ზოგი "შავი ბაზრის" გააქტიურებაზეც მიუთითებს. გარკვეულმა ნაწილმა კი წამლების მომარაგება დაიწყო. აღნიშნულ თემების გასარკვევად და ასევე, თუ რატომ გახდა აუცილებელი ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ამ გადაწყვეტილების მიღება, და კიდევ რომელ ქვეყნებში გაიცემა მედიკამენტები რეცეპტით, Ambebi.ge ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის რეგისტრაციის სამმართველოს უფროსს ნაილი შენგელიძეს ესაუბრა.
- ქალბატონო ნაილი, რატომ გახდა აუცილებელი საქართველოში რეცეპტის სისტემის დანერგვა და მსოფლიოს რომელ ქვეყნებში მოქმედებს მსგავსი რეგულაცია?
- რეცეპტის სისტემა მოქმედებს მთელ მსოფლიოში. ფარმაცევტული პროდუქტები კლასიფიცირდება სხვადასხვა საფუძვლებით და კლასიფიკაციის წესების საფუძველი გახლავთ დაექვემდებაროს იგი რეცეპტით გაცემას, თუ გაიცეს ურეცეპტოდ. ეს არის ზოგადად მსოფლიოში მიღებული წესი, სხვათაშორის ეს წესი მოქმედებდა ჩვენს ქვეყანაში. დაახლოებით 20 წელია რეცეპტის ინსტიტუტის მოქმედებამ შეწყვიტა ფუნქციონირება და დღეს სამინისტრომ და კანონმდებლებმა კვლავ მოაქციეს რეგულაციაში განსაზღვრული ჯგუფის მედიკამეტების გაცემა. ამ მედიკამენტების არასწორმა გამოყენებამ შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობას ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენოს.
რეცეპტები ფუნქციონირებს ყველა ქვეყანაში და ეს არ ეხება მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებს. ეს არის ზოგადი პრინციპი, ამას ადასტურებს ისიც, რომ თქვენ რომ აიღოთ ძალიან ბევრი საზღვარგარეთ წარმოებული მედიკამენტები, მათ მარკირებაზე უშუალოდ მწარმოებლისგან აწერია, რომ გაიცემა რეცეპტით, ან გაიცემა ურეცეპტოდ.
- რაც შეეხება ექიმთან ვიზიტს რეცეპტის მისაღებად, როგორ დარეგულირდება ეს ყველაფერი, რამდენი დღით ადრე უნდა ჩავეწეროთ ექიმთან მისასვლელად, ასევე იქნება თუ არა რიგები და რამდენად შეძლებს დასაქმებული პაციენტი ექიმთან მისვლას, ასევე მოხუცები, რომლებსაც გადაადგილების პრობლემები აქვთ, როგორ მოახერხებენ ამას?
- როგორ მიიღოს პაციენტმა რაცეპტი? დღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ნებისმიერი ოჯახის ექიმთან ვიზიტი და რეცეპტის გამოწერა არის უფასო. ამიტომ ეს სტრესი უნდა მოვუხსნათ მოქალაქეებს იმასთან დაკავშირებით, რომ ექიმთან ვიზიტი შესაძლოა, რაიმე ხარჯებთან იყოს დაკავშირებული და ეს მათ პრობლემას არ შეუქმნის, ეს პრობლემა მოხნილი იქნება.
ოჯახის ექიმის სახლში გამოძეხებაც შეიძლება, თუ არის მაგალითად ავადმყოფი, რომელსაც არ შეუძლია გარეთ გამოსვლა. ოჯახის ექიმი, ასევე სოფლის ექიმი, 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ნებისმიერ დროს შესაძლებელი იქნება გამოძახება. ზუსტად, საზოგადოების ცნობიერება იქამდე უნდა ავწიოთ, რომ მიხვდნენ, რომ თვითმკურნალობა უშუალოდ მათთვის არის ცუდი. ექიმი ვერ სვამს დიაგნოზს გამოკვლევების გარეშე, როგორ დავიჯერო, რომ ჩვენი მოსახლეობის დონე ამ სამედიცინო დარგში ისე არის ამაღლებული, რომ ყოველგვარი გამოკვლევების გარეშე, მან თვითონ დაისვას დიაგნოზი. საბოლოოდ თვითმკურნალობის დროს მიღებული უკუეფექტის მკურნალობა გაცილებით ეკონომიურად უფრო მეტი ხარჯია და გაცილებით უფრო რთულად დაექვემდებარება მკურნალობას.
- რაც შეეხება წამალზე ფასის ზრდას, შესაძლებელია თუ არა რეცეპტების სისტემის დანერგვამ გამოიწვიოს მედიკამენტებზე ფასის მომატება?
- დღეს ექიმები ხომ წერდნენ რაღაც ფურცელზე რეცეპტს, ის დაიწერება ოფიციალურ ბლაკნზე. რეცეპტის ოფიციალურ დოკუმენტზე გადატანამ რატომ უნდა შეცვალოს მედიკამენტებზე ფასი? ცალსაცხად, ეს არის ის ღონისძიება, რომელიც არანაირ კავშირში არ არის მედიკამენტების ფასთან.
- შესაძლებელია თუ არა, რომ სააფთიაქო სივრცეში გაჩნდეს ე.წ. "შავი ბაზარი"?
- აფთიაქები მოტივირებულები არიან როგორმე გააკეთონ დისტრიბუცია და რეალიზაცია. როგორ ფიქრობთ, ისინი გაუშვებენ შესაძლებლობას და რეცეპტიანს გაუშვებენ სხვაგან, რომ სხვაგან შეიძინონ ეს მედიკამენტი? ამას აბსურდამდე მივყავართ. პრობლემა ძალიან რომ გამარტივებულიყო, დაშვებულია კანონმდებლობით, რომ იყოს ხანგრძლივი მოქმედების რეცეპტი. ანუ მე თუ ვარ ქრონიკული დაავადების ავადმყოფი, ექიმთან ვიზიტის შემდეგ, მე მივიღებ ხანგრძლივი მოქმედების რეცეპტს, ეს შეიძლება იყოს ერთწლიანი, ეს ექიმის პრეროგატივაა, მკურნალობის კურსი მან უნდა გადაწყვიტოს. ექიმი წერს ერთი წლისთვის სამყოფ მედიკამენტს და ამავე დროს ფორმა მედიკამენტისა იძლევა საშუალებას, რომ ავადმყოფმა წლის განმავლობაში, მისი შეხედულებისა და შესაძლებლობის მიხედვით გააკეთოს ვიზიტი სხვადასხვა დროს და საქართველოს ყველა რეგიონში, რომელ აფთიაქშიც დაჭირდება, შეიძინოს მედიკამენტი. წლის განმავლობაში დაავადების მიმდინარეობის სურათი იცვლება და წელიწადში ერთხელ პაციენტი უნდა მივიდეს მკურნალ ექიმთან, შეიძლება დაჭირდეს დამატებითი შესწავლა, დამატებითი დიაგნოსტირება, მკურნალობაში კორექტივის შეტანა, ეს აუცილებელიც არის პაციენტის ჯანმრთელობისთივს.
- თქვენ როგორ ფიქრობთ, რეცეპტების სისტემის დანერგვამ რატომ გამოწვია საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა? რატომ დაიწყო ხალხმა მედიკამენტების მომარაგება?
- თვითმკურნალობა სოციალური პრობლემაა, არ არის ეს მხოლოდ ერთი ადამიანის პრობლემა. მე ვფიქრობ, რომ ეს მოსახლეობამ კარგად უნდა გაანალიზოს. როდესაც სახელმწიფო ზრუნავს და ეუბნება, მე შევქმენი ეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, გაძლევ შესაძლებლობას, რომ შენ მიხვიდე ოჯახის ექიმთან ყოველგვარი დანახარჯების გარეშე მიიღო უფასოდ რეცეპტი და პირიქით, სახელმწიფო გვერდით გიდგას, რომ აგაცილოს ეს თვითმკურნალობის სერიოზული რისკები, ვფიქრობ, რომ მოსახლეობამ ეს დადებითად უნდა აღიქვას და არ უნდა შეიქმნას პანიკა.
ჩვენც ასევე თვალს ვადევნებთ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციებს, არ ვიცი, ეს არის მიზანმიმართულად გაკეთებული, თუ ეს არის უცოდინრობის ან გაუგებრობის შედეგი. არის მესამე ჯგუფის მედიკამენტები, თან საკმაოდ ბევრი, რომლებიც ურეცეპტოდ გაიცემა.
ამ ძალიან კარგ ღონისძიების გატარებაში საინფორმაციო საშუალებები უნდა დაუდგნენ სამინისტროს გვერდით, რომ მოსახლეობაში ცნობიერება ავამაღლოთ, რომ თვითმკურნალობა დამღუპველია მათთვის და არა მარტო მათთვის, ზოგადად საზოგადოებისთვისაც. ვფიქრობ, რომ ეს პროგრამა წარმატებულად განხორციელდება, თუ არ გვექნება ხელოვნურად შექმნილი საპანიკო სიტუაცია.
თეა ბითაძე, Ambebi.ge