"დამერწმუნეთ კაზანტიპზე რომ გამოაცხადონ, არჩილ ხომასურიძეა ჩამოსული და სქესობრივი გზით გარდამავალ დაავადებებზე, აბორტის პროფილაქტიკაზე და ასეთებზე გესაუბრებათო, დაჯდებიან ის ახალგაზრდები და დამიგდებენ ყურს დიდი ინტერესით... ისწავლიან, სწორად როგორ იცხოვრონ. აი ამაზე უნდა ვიფიქროთ და არა ავკრძალოთ, ვიკივლოთ, ვიწივლოთ, მღვდლებმა ირბინონ ტაბურეტებით, იყოს დაჭერები, თავ-პირის მტვრევა და მერე პოლიტიკური ღრიანცელი"... მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი არჩილ ხომასურიძე გვესაუბრა თუ რატომ არის მომხრე "კაზანტიპი" გაიმართოს...
- როგორც მახსოვს პროსტიტუციის ლეგალიზაციის მომხრეც ხართ...
- დიახ, ქალის ჯამრთელობისთვის არის საჭირო, ქვეყანაში პროსტიტუცია იყოს ლეგალიზებული. მხოლოდ ამით შემცირდება ვენერიული დაავადებები.
- ხუმრობენ, რომ "კაზანტიპის" დასრულების შემდეგ ყველაზე მეტი საქმე გინეკოლოგებს ექნებათ და ახალგაზრდების ჯამრთელობას ათასგვარი საფრთხე ემუქრება...
- ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ექიმი, არამედ როგორც მოქალაქე გეტყოდით, რომ არასოდეს არცერთ აკრძალვას სიკეთე არ მოაქვს. რაც შეეხება სქესობრივ ცხოვრებას, აბორტის პროფილაქტიკას ან ლეგალიზაციას, არასოდეს შეზღუდვებს სარგებელი არ მოუტანია. რადგანაც აკრძალვები არაფერს იძლევა, "კაზანტიპის" აკრძალვასაც არავითარი კარგი შედეგი არ ექნება... მაინც თავისას გაიტანენ და ჯობია პოლიტიკოსებმა, რელიგიის მსახურებმა და სხვებმა, ყველამ თავის საქმე აკეთოს. რელიგიის მსახურები ჩავიდნენ და ახალგაზრდებს მორალი აუხსნან, კარგად დააფიქრონ რელიგიურად რა არის სწორი და რა არა. ექიმებმა ვასწავლოთ პროფილაქტიკა სქესობრივი გზით გარდამავალი დაავადებების. დამერწმუნეთ, იქ რომ გამოაცხადონ არჩილ ხომასურიძეა ჩამოსული სქესობრივი გზით გარდამავალ დაავადებებზე, აბორტის პროფილაქტიკაზე და ასეთებზე გესაუბრებათო, დაჯდებიან ის ახალგაზრდები და დამიგდებენ ყურს დიდი ინტერესით. ისწავლიან, სწორად როგორ იცხოვრონ. აი ამაზე უნდა ვიფიქროთ და არა ავკრძალოთ, ვიკივლოთ, ვიწივლოთ, მღვდლებმა ირბინონ ტაბურეტებით, იყოს დაჭერები, თავ-პირის მტვრევა და მერე პოლიტიკური ღრიანცელი... "კაზანტიპზე" არცთუ ისე პატარა ბავშვები მიდიან, უკვე სრულწლოვანები არიან და თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას თუ როგორ მოიქცნენ... ოცი წლის ხდება ბიჭი და ცოლი მოჰყავს, მხოლოდ იმიტომ რომ ნაწილობრივ სქესობრივი მოთხოვნილება აქვს. ასეთ უაზრო ქორწინებას კი მხოლოდ ის შედეგი მოაქვს, რომ ძალიან მაღალია განქორწინებების და დანგრეული ოჯახების რისკი... ამას რატომ არავინ აპროტესტებს, რატომ არავინ იღებს ხმას? ამიტომაც ვარ პროსტიტუციის ლეგალიზაციის მომხრე და მეტსაც გეტყვით - ნარკოტიკების ლეგალიზაციის მომხრეც...