მულტიმილიონერი ფსიქიატრი "შოთა ექიმი"

მულტიმილიონერი ფსიქიატრი "შოთა ექიმი"

ალბათ ყველას კარგად ახსოვს, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ხმაურიანი განცხადება იმის შესახებ, რომ თითქოს რუსული საბანკო გიგანტები ქართულ ბანკებს ყიდულობდნენ. საუბარი იყო იმის შესახებ, რომ თითქოს რუსული "სბერბანკი" "ლიბერთი ბანკს" ყიდულობდა, ხოლო "ალფა ბანკი" "თიბისის". ფინანსურმა ინსტიტუტებმა სააკაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უარყვეს, პოლიტიკურმა ოპონენტებმა კი მისი ეს განცხადება სპეკულაციად შეაფასეს. მედია კი ქართულ ფინანსურ ბაზარზე რუსული კაპიტალის მონაწილეობით დაინტერესდა. როგორც აღმოჩნდა, ადგილობრივ ბაზარზე რუსული კაპიტალის მონაწილეობით ერთადერთი ბანკი - "ვითიბი ბანკი ჯორჯია" ოპერირებს.

ყოფილი "გაერთიანებული ქართული ბანკი" რუსულმა "ვნეშტორგბანკმა" 2005 წელს, ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის" მოსვლის შემდეგ შეიძინა. საკონტროლო პაკეტის ყიდვა უმაღლეს დონეზე შეთანხმდა. "ვნეშტორგბანკის" პრეზიდენტი ანდრეი კოსტინი მაშინ თბილისში ჩამოფრინდა და პრეზიდენტ სააკაშვილს პირისპირ შეხვდა. "ვნეშტორგბანკი" (2006 წლიდან "ვითიბი ბანკი") რუსეთის სიდიდით მეორე ბანკია და მისი აქციების 75% რუსეთის სახელმწიფო ფლობს.საინტერესოა, რომ მაშინ მოლაპარაკებაში აქტიურად მონაწილეობდა პეტერბურგში მცხოვრები, საქართველოში დაბადებული მილიონერი, კრიმინალური წარსულის მქონე ფსიქიატრი შოთა ბოთერაშვილი, რომელზეც მოგვიანებით რუსეთშიც და საქართველოშიც ძებნა გამოცხადდა. ერთ-ერთი ვერსიით ბოთერაშვილის ქონება 500 მილიონ დოლარს ითვლის.

ბოთერაშვილი, ქართველი ებრაელების ოჯახში, 1962 წელს დაიბადა. საქართველო ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დატოვა და საცხოვრებლად ლენინგრადში გადავიდა. პროფესიით ექიმი-ფსიქიატრია, ჰყავს ძმა ილია, რომლის მეუღლეც ფარმაცევტული კომპანია "ლინკს"-ის დამფუძნებელია. ლენინგრადის სამედიცინო ინსტიტუტში სწავლისას ბოთერაშვილმა ასევე საქართველოდან ჩასული ორი ძმა, ახლა მასავით მულტიმილიონერები, მიხეილ და გაბრიელი (კონსტანტინე) მირილაშვილები გაიცნო. სწორედ ძმებ მირილაშვილებთან პარტნიორობისას იშოვა მან თავისი პირველი მილიონი, დააფუძნა რა სამედიცინო კვლევითი ცენტრი "ნეოქიმია".

შოთა ბოთერაშვილი ბიზნესკარიერის ყველაზე წარმატებული ეტაპი "ვითიბის" სისტემაში შეღწევა იყო. მას შემდეგ, რაც სააკაშვილი მოვიდა საქართველოს ხელისუფლებაში, ბოთერაშვილმა დიდი როლი ითამაშა, რომ რუსებს "გაერთიანებული ქართული ბანკი" შეეძინათ. ფინანსური დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ 2007 წელს, ბოთერაშვილი და მისი მეგობარი და პარტნიორი, ვადიმ ლევინი, "ვითიბი ბანკი ჯორჯია"-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრები იყვნენ. ანალოგიური თანამდებობები გაინაწილეს პარტნიორებმა "ვითიბის" სომხეთის ფილიალშიც.

ბოთერაშვილი სხვადასხვა დროს იყო "ვითიბის" სხვადასხვა შვილობილი კომპანიების დამფუძნებელი და აქციების მფლობელი. 2007 წლის მონაცემებით, მისი კაპიტალი დაახლოებით ნახევარ მილიარდ დოლარს ითვლიდა. ბოლოს მისი სახელი "ვითიბის" ფინანსურ ანგარიშებში 2006 წელს ფიგურირებდა.

ბოთერაშვილი საკმაოდ სკანდალური ფიგურაა. პირველად ის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ყურადღების ცენტრში მაშინ მოექცა, როცა მისი ძმა, ილია ძალიან საეჭვო ისტორიაში გაეხვა. პრესა წერდა, რომ სანქტ-პეტერბურგელმა სამართალდამცავებმა, ილია ბოთერაშვილი დააკავეს, როგორც ეჭვმიტანილი 191 ათასი დოლარის მითვისებაში. სამართალდამცავთა ვერსიით, დაკავებამდე სამი წლით ადრე, ილია ბოთერაშვილმა პოტენციური პარტნიორებისგან მიიღო დასახელებულა თანხა და სანაცვლოდ გარკვეული პროდუქციის გადაცემას დაპირდა. ამის შემდეგ ამ ხალხს აღარც ბოთერაშვილი უნახავთ და აღარც თავისი ფული. დაკავების დროს ილია ბოთერაშვილი სამი კომპანიის დამფუძნებელი იყო, რომლის ძირითად საქმიანობას ბითუმად ვაჭრობა წარმოადგენდა.

იხილეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია