მიხეილ სააკაშვილის პიჯაკების გამო კანცელარიასთან პატრული გამოიძახეს

მიხეილ სააკაშვილის პიჯაკების გამო კანცელარიასთან პატრული გამოიძახეს

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ლანა ღვინჯილიამ მთავრობის კანცელარიასთან პატრული გამოიძახა.

როგორც ღვინჯილიამ განაცხადა, მას შემდეგ, რაც კანცელარიის მისაღებში მიხეილ სააკაშვილის მიერ გაგზავნილი პიჯაკები არ ჩაიბარეს, შენობიდან გამოვიდა მამაკაცი, რომელმაც მას შეურაცხყოფა მიაყენა და მიტანილი ნივთები მანქანაში ჩაუყარა.

"გამოვიდა ვიღაც კაცი, რომელმაც არ დაასახელა თავის ვინაობა, ხელი შემიშალა, ხელით შემეხო, შეურაცხყოფა მომაყენა, ეს ნივთები ჩამიყარა მანქანაში, რის გამოც გამოვიძახე პატრული", - განაცხადა ღვინჯილიამ.

კანცელარიასთან პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი უკვე იმყოფება, ისინი ღვინჯილიას გაესაუბრნენ და განცხადება ჩაიბარეს. როგორც ღვინჯილიამ განაცხადა, ტანსაცმლის მიტანა ყოფილმა პრეზიდენტმა დაავალა და მის უკან წაღებას არ აპირებს.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტანსაცმელი მთავრობის ადმინისტრაციას გაუგზავნა.

რამდენიმე დღის წინ პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, სააკაშვილმა ბიუჯეტის კუთვნილი თანხები პირადი ინტერესებისთვის გამოიყენა, მათ შორის - შეიძინა რამდენიმე პიჯაკი, ქაშმირის სპორტული პალტო და სხვა ნივთები. მთავრობის კანცელარიაში სააკაშვილის ბიბლიოთეკის პრესსამსახურის წარმომადგენელმა სწორედ ეს პიჯაკები მიიტანა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია