"ეს შინაური ცხოველების სიკვდილიანობას გაზრდის" - წამლების შესახებ კანონში ცვლილებების ვეტერინარული საფრთხე და ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი

"ეს შინაური ცხოველების სიკვდილიანობას გაზრდის" - წამლების შესახებ კანონში ცვლილებების ვეტერინარული საფრთხე და ჯანდაცვის სამინისტროს პასუხი

როგორც ცნობილია, 1 სექტემბრიდან ძალაში შედის "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში" ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ურეცეპტოდ აღარ გაიცემა II ჯგუფის მედიკამენტები, მათ შორის, საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები (გარდა მცენარეული პრეპარატებისა), ანტიდეპრესანტები, მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები და იმუნომოდულატორები, საგულე გლიკოზიდები, ანტიარითმული და ანტიჰიპერტენზული პრეპარატები, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, საინექციო წამლის ფორმები, ვიტამინების ნაწილი და სხვა. კანონში განხორციელებული ცვლილებები უშუალოდ შეეხო ვეტერინარულ მედიკამენტებსაც, რამაც ვეტერინართა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით ambebi.ge ვეტერინარ დავით ნანობაშვილს ესაუბრა:

- "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში" განხორცილებული ცვლილებები უარყოფითად აისახა ვეტერინარებზე. ცვლილებების თანახმად, ვეტერინარები შეძლებენ კლინიკაში იქონიონ პრეპარატები, მაგრამ რეცეპტს ვერ გასცემენ - მაგალითად, თუ ძაღლს მედიკამენტოზური მკურნალობა შინ სჭირდება (აქვს ქრონიკული დაავადებები - შაქრიანი დიაბეტი, ეპილეფსია, ან ჰეპატიტი), ამ შემთხვევაში მედიკამენტების გამოწერა არ შეიძლება და შესაბამისაც ცხოველის პატრონი წამალს ვერ შეიძენს. რეცეპტის ვეტერინარული ანალოგი არ გვაქვს - ადამიანის წამალს ვერ გამოვწერთ, ანუ ადამიანის მედიკამენტების გამოწერის უფლება ვეტერინარს არ ექნება. ეს ყველაზე მეტად ანტიბიოტიკებს შეეხება.

ვეტერინარი, როგორც იურიდიული პირი შეძლებს მედიკამენტების ყიდვას, კლინიკის მომარაგებას, ცხოველისთვის საკუთარი ხელით გაკეთებას (მეორე ჯგუფს ეხება ეს, პირველ ჯგუფს არა), მაგრამ ის, რომ პატრონმა შინ თვითონ უმკურნალოს თავის ცხოველს (მედიკამენტების - სითხეების, სიროფის ან აბის სახით), ამას ვერ გააკეთებს, რაც მათი სიკვდილიანობის ზრდას გამოიწვევს.

უცხოეთში აბსოლუტურად სხვა სისტემაა, იგივე ევროპაში, იქ ადამიანის წამალს კლინიკა გასცემს, აქვთ დაფასოებული მედიკამენტებიც, რომლებზეც კლინიკის სახელწოდებაა მითითებული. მაგალითად, კლინიკა გასცემს ალერგიის წამალს და მასზე მითითებულია თუ რა დოზა უნდა მიიღოს პაციენტმა. საზღვარგარეთ კლინიკები უპრობლემოდ გასცემენ მედიკამენტებს პაციენტებზე და ჩვენთან კი ეს შეუძლებელი იქნება.

- წინასწარ თუ გაცნობეს კანონში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ?

- ლაპარაკი იყო, რომ რაღაც გამონაკლისი დაიშვებოდა და კონსენსუსს მივაღწევდით. ჯერჯერობით მხოლოდ მოლაპარაკების სტადიაში ვართ. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ხვალ შეხვედრა გაიმართება მინისტრთან. შეხვედრას ჩვენგან ორი პრაქტიკოსი ვეტერინარი დაესწრება. თუმცა მივაღწევთ თუ არა კონსენსუსს და რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, უცნობია ჩვენთვის.

სურათი ძალიან მძიმეა და არ ვიცით სიტუაციიდან გამოსავალი რა იქნება.

ფაქტია, რომ 8 დღეში მედიკამენტებზე აკრძალვა დაწესდება. მათ ნახევარს ვეღარ გავუკეთებთ ცხოველებს და თუ მოლაპარაკების პროცესი დროში გაიწელება, კატასტროფულ შედეგებს მივიღებთ.

- რაში ხედავთ გამოსავალს?

- ვფიქრობ, რომ ლიცენზირებულ ვეტერინარებს რეცეპტის გამოწერის უფლება უნდა მისცენ, გარკვეული შეზღუდვებით, მაგალითად, რაოდენობასთან დაკავშირებით. რომ არ იფიქრონ, ადამიანებზე გავცემთ მედიკამენტებს, შეზღუდვა უნდა დაწესდეს რაოდენობაზე.

თუმცა შეზღუდვა არ უნდა შეეხოს იმ მედიკამენტებს, რომლებიც ინტენსიური გამოყენებისთვის არის დანიშნული. აბების სახით ანტიბიოტიკების სახლში გამოწერა მაინც უნდა შეგვეძლოს. თბილისის ბაზარზე არსებული ვეტერინარული ალტერნატივა, რომელსაც ისინი გვთავაზობენ, მთლიანად ვერ შეგვიცვლის მედიკამენტებს.

წარმოიდგინეთ, ძაღლს ან კატას უკბინა ფუტკარმა და მისცა შეშუპება, ან ალერგიული რეაქცია – შოკი. ამ შემთხვევაში უნდა გამოიყენო ჰორმონი, პრედნიზოლონი. თქვენ აფთიაქში ვერ იყიდით ამ მედიკამენტს, იმიტომ, რომ აკრძალვაშია. სანამ კლინიკას ღამის 3 სათზე გავხსნი, სანამ მოვალ, სანამ მე გავუკეთებ მაგ წამალს, შეიძლება ძალიან გვიანი იყოს. ასეთ შემთხვევაში - ალბათ, სასწრაფოს ექიმი უნდა გამოიძახოთ და მან გაუკეთოს, სხვა გამოსავალი არ არის.

თუმცა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განმარტებით, პირველი სექტემბრიდან ახალი რეგულაციების ამოქმედება ვეტერინარულ სამსახურებს არანაირ პრობლემას არ შეუქმნის.

როგორც ambebi.ge-ს რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის რეგისტრაცის სამმართველოს უფროსმა ნაილი შენგელიძემ განუცხადა, ცხოველებისთვის და ადამიანებისთვის განკუთვნილი სამკურნალო საშუალებების რეგულაციების განმახორციელებელი ორგანო სხვადასხვაა. მისივე თქმით, ადამიანებისთვის საჭირო სამკურნალო საშუალებების რეგულაციებს ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს, ცხოველებისთვის კი სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ნაილი შენგელიძე მიიჩნევს, რომ სამინისტროს მიერ დღეს გატარებული ღონისძიება ეხება ადამიანებისთვის გამოყენებულ პროდუქტებს. მისივე თქმით, პროექტის ამუშავება ვეტერინარულ სამსახურს არანაირ პრობლემას არ უქმნის.

"დღეს როგორც მოქმედებს ჩვეულებრივი სააფთიაქო სისტემა, საცალო და სადისტრიბუციო სისტემა მოქმედებს ასევე ვეტერინარული ფარმაცევტული პროდუქტებისთვის. ხდება მათი რეგისტრაცია, ბაზარზე დაშვება, მიმოქცევა და ა.შ. ხშირ შემთხვევაში, შესაძლებელია დაავადების პრინციპის მიხედვით კვეთა იყოს, ანტიბიოტიკი შესაძლებელია დასჭირდეს ცხოველსაც და ადამიანსაც, თუმცა ვეტერინალური სამკურნალო საშუალებები ხშირ შემთხვევაში ხარისხობრივად, დოზირებით, განსხვავდება ადამიანებისთვის განკუთვნილი მედიკამენტებისგან. რადგან სამინისტრომ განახორციელა საჭირო პროექტი, რომ რაციონალური მკურნალობისთვის ადამიანებმა მიიღონ ის და იმ რაოდენობის მედიკამენტი, რაც სწორედ მათ მკურნალობას სჭირდება, მე ვფიქრობ, ამან არ უნდა შეუშალოს ხელი ვეტერინარის ფუნქცია-მოქმედებას", - აღნიშნა ნაილი შენგელიძემ.

მისივე განმარტებით, კანონმდებლობა დღეს საშუალებას იძლევა, რომ ადამიანებისთვის გამიზნული კლინიკები სათანადო ხელშეკრულებების საფუძველზე საბითუმო შესყიდვებს ახორციელებენ ბითუმ-რეალიზატორებისგან.

"ვეტერინარულ კლინიკებსაც შეუძლიათ იგივე პროცედურები გააკეთონ. მათ არ ჭირდებათ საამისოდ არავითარი რეცეპტი. ეს იქნება საბითუმო შესყიდვები და თავიანთი ვეტერინარული საექიმო მომსახურების შემადგენლობის ნაწილი იქნება შემდგომ ამის გამოყენება. ყოველ შემთხვევაში, ადამიანებისთვის ეს პრობლემას არ ქმნის", - აღნიშნა ნაილი შენგელიძემ.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს კანონმდებლობით აფთიაქებს ეკძალებათ მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ურეცეპტოდ გაცემა და რაიმე დაშვებები ამ თვალსაზრისით კანონმდებლობაში არ არის. როგორც სამმართველოს უფროსმა განმარტა, ვეტერინარული საშუალებები კანონმდებლობით გამიჯნულია ადამიანებისგან და ამის ერთმანეთში არევა არ შეიძლება. მისივე თქმით, კანონმდებლობამ ეს ყველაფერი სოფლის მეურნეობის სამინისტროს დააკისრა. ჯანდაცვის სამინისტროს რეესტრში არსებული ნუსხა მხოლოდ ადამიანებში გამოსაყენებელ მედიკამენტებს ეხება, რადგან კანონმდებლობით პროდუქცია დიფერენცირებულია.

ნაილი შენგელიძე მიიჩნევს, რომ პირველი სექტემბრიდან პროექტის ამუშავება არანაირ პრობლემას არ უქმნის ვეტერინარულ სამსახურებს.

"საბითუმო შესყიდვებს გააკეთებენ უშუალოდ ვეტერინარული კლინიკები ან დამოუკიდებელი სუბიექტები", - აღნიშნა ნაილი შენგელიძემ.

იხილეთ ასევე: 1-ელი სექტემბრიდან არასრულწლოვნებზე ნებისმიერი მედიკამენტის გაცემა იკრძალება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია