უკვე რამდენიმე დღეა ანაკლიაში სტარტი აიღო მუსიკალურმა ფესტივალმა "კაზანტიპი", რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სტუმრობენ ტურისტები, მათ შორის არიან ქართველებიც. Ambebi.ge ცნობილ ქართველებს დაუკავშირდა, რომლებიც "კაზანტიპზე" იმყოფებიან.
მსახიობმა თინა მახარაძემ ჯერ განაცხადა, რომ დრო არ ჰქონდა ინტერვიუსთვის, რადგან სავიზო რეგისტრაციას გადიოდა, შემდეგ კი ტელეფონი საერთოდ გამორთო. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "კაზანტიპი" სკანდალური თინა მახარაძის გარეშე არ ჩაივლიდა, მსახიობმა თავად დაწერა "ფეისბუქის" გვერდზე. არიან ისეთები, ვინც დედამ არ გაუშვა "კაზანტიპზე" და ისეთებიც, ვინც ანაკლიაში ოჯახს გაეპარა.
– როდის ჩახვედით "კაზანტიპზე"?
ირაკლი ნადარეიშვილი (პროდუსერი):
– 19 აგვისტოს ჩამოვედი ანაკლიაში.
– რა ხდებოდა ფესტვალის გახსნაზე? ამბობენ, რომ პოლიციამ კარვებიდან გამოიყვანა ხალხი, იყო სექსი და ა.შ. მართალია?
– მსგავსს არაფერს შევსწრებივარ. არ მინახავს პოლიციას ვინმე დაეკავებინოს, თუმცა მეც გავიგე ეს ინფორმაცია. უსაფრთხოების ზომები მაღალ დონეზეა დაცული, 1000-მდე პოლიციელი იცავს უსაფრთხოებას. თუ რამე კანონდარღვევა ხდება, დროულად რეაგირებენ. იყო შემთხვევა, უცხოელი გოგო წელს ზემოთ შიშველი ერთობოდა, მივიდა პოლიცია და უთხრა, ჩაიცვიო, მანაც ჩაიცვა. ლეპტოპი დამრჩა პირველ დღეს რეგისტრატურაში, არც მახსოვდა, სად დამრჩა. მოვიკითხე და ადმინისტრაციაშიც არ იყო, ქართული დაცვის სამსახურს ჰქონდა შენახული. დაკავებები, სექსი და ნარკოტიკები ნამდვილად არ მინახავს. ხალხს უფრო 23-დან ელოდებიან ოფიციალურ გახსნაზე და მერე ვნახოთ, რა იქნება.
ნიკა ქავთარაძე (იუმორისტი):
– ახლა მივდივარ "კაზანტიპზე", ალბათ ორი დღით დავრჩები, რადგან სამსახურში საქმეები მაქვს. მიყვარს ელექტრონული მუსიკა და ამიტომ გადავწყვიტე დავესწრო კაზანტიპს. ეს მუსიკა ყველაზე პოზიტიურია და გამორიცხავს რაიმე პროტესტს, როგორც რეპი, როკი და ა.შ. თუ ჩვენ ამ ქვეყანაში შევძლებთ, შევიკრიბოთ და ერთად გავერთოთ, კარგი იქნება, რადგან ერთად გართობა საზოგადოებრივი კულტურის მანიშნებელია. ამიტომ, ჩემი იქ ყოფნით ხელს შევუწყობ ერთად გართობის კულტურას. "კაზანტიპი" ჩემთვის არის მხიარულება, გართობა, ახალი ნაცნობები. ეს ქვეყანას მოუტანს წარმატებას, ანაკლიის შესახებ მილიონობით ადამიანი გაიგებს, რადგან "კაზანტიპი" ბრენდია, საქართველოს კი დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს. საქართველოსთვის ასეთი რეკლამა მაგარია, ხალხს მოუტანს ფინანსურ სარგებელს და ადამიანებს მისცემს საშუალებას, ბევრი ქართველი გაიცნონ. ადამიანური რესურსი არის დიდი ჩადებული ამაში.
– ბევრი ქალების გამო მიდის კაზანტიპზე...
– ეს მათი გადასაწყვეტია. გოგოებთან ურთიერთობას ვინც ვერ აგვარებს ცხოვრებაში, "კაზანტიპზეც" ვერ მოაგვარებს და იმედგაცრუებული დაბრუნდება.
– ბილეთი შეიძინე თუ სტუმრად მიგიწვიეს კაზანტიპზე?
– მე, როგორც ტელევიზიის თანამშრომელმა, აკრედიტაცია მივიღე და მეგობრებთან ერთად წავედი, რომლებიც ცნობილი ადამიანები არ არიან.
მერსი სულხანიშვილი (ტელეწამყვანი):
– მეგობრებთან ერთად ჩამოვედი კაზანტიპის გახსნაზე. სამწუხაროდ, არ მგონია ფესტივალის ბოლომდე დავრჩე ანაკლიაში, რადგან უამრავი საქმე მაქვს თბილისში. ფესტივალზე დასწრება ბოლო მომენტში გადავწყვიტე, საერთოდ არ მქონდა დაგეგმილი. რადგან პირველად ტარდება, ვფიქრობდი ისეთ დონეზე არ ჩატარდება, როგორც უკრაინაში ტარდება-თქო, მაგრამ თურმე ვცდებოდი.
– სექსი და ნარკოტიკი ბევრია?
– მეშინია არ დამიჭირონ. მე მგონია, რომ მსგავსი ტიპის ფესტივალებზე სხვანაირად გართობა წარმოუდგენელია.
– ეწევი მარიხუანას?
– ერთხელ მაინც გაგვისინჯავს ცხოვრებაში, მეტს არაფერს ვიტყვი. არ ვიცი, მე აქ დავრჩები თუ არა დიდხანს, მაგრამ თუ გინდა გართობა, ბოლომდე უნდა გაერთო.
თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge