"მოვიდა დრო, მთავარმა დამნაშავემ აგოს პასუხი!" - რა ჩვენება მისცა პროკურატურას გირგვლიანის საქმეზე მეოთხე მსჯავრდებულმა

"მოვიდა დრო, მთავარმა დამნაშავემ აგოს პასუხი!" - რა ჩვენება მისცა პროკურატურას გირგვლიანის საქმეზე მეოთხე მსჯავრდებულმა

"კვირის პალიტრა" გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ ყოფილ პოლიციელ მიხეილ ბიბილურიძეს ექსკლუზიურად ესაუბრა, რომელიც სკანდალურ განცხადებებს აკეთებს, თუმცა, ფოტოს გადაღება არ ისურვა(?!).

- კუდ-ში 2004 წელს დავიწყე მუშაობა. გია ალანია და სოსო თოფურიძე ჩემს მეზობლად ცხოვრობდნენ და არც ვიცოდი, თუ ისინიც კუდ-ში მუშაობდნენ. ერთხელ მოდულის კიბეებზე შემხვდა ალანია და რომ გაიგო, იქ დავიწყე მუშაობა, მითხრა, ჩემი ძმაკაცი, დათა ახალაია დაინიშნა დეპარტამენტის უფროსად, მე კი სამმართველოს უფროსადო და მკითხა, სად გინდა მუშაობაო. რა თქმა უნდა, მასთან მერჩივნა და პირველ სამმართველოში მეორე განყოფილებაში უფროს ოპერთანამშრომლად დავინიშნე.

- იქნებ გაიხსენოთ, რა მოხდა 2006 წლის 27 იანვრის ღამეს...

- იმ საღამოს შინ ვიყავი, გია ალანიამ რომ დამირეკა, სასწრაფოდ ეზოში ჩამოდი, შარვალი ლიფტში ჩაიცვიო. გია სამსახურის ML-ის ჯიპით დამხვდა, საჭესთან დათო ქოქიაშვილი იჯდა, რომელიც მეორე სამმართველოში მუშაობდა. ალანიას ერთი კი ვკითხე, რა ხდება, რამე ღონისძიებაა-მეთქი (ასე ვეძახდით აყვანის ოპერაციას)? მითხრა, არც მე ვიცი წესიერადო. თან ტელეფონზე ელაპარაკებოდა ვიღაცას და ეუბნებოდა, მოვდივარო.

ჩემი მეგობარი, ასევე კუდ-ის თანამშრომელი ავთო აფციაური იქვე, მეზობელ კორპუსში ცხოვრობდა. მასაც გავუარეთ და ჩავისვით. ავთოც დაინტერესდა, რა ხდებაო? გიამ უთხრა, დათამ დარეკა, რაღაც ღონისძიებააო. მოდულის შენობასთან სოსო თოფურიძის "მერსედესში" გადავჯექით მე და ავთო აფციაური, ალანია და ქოქიაშვილი კი ჯიპით წავიდნენ. გაგებაში არ ვარ, რა ხდება. ბევრჯერ ყოფილა, უთქვამთ, ღონისძიებააო, მივუყვანივართ სამსახურში და არაფერი - დათას აინტერესებდა, ვინ რამდენ ხანში მოხვიდოდითო და ვიშლებოდით.

იქ ყველა ახალაიას მონა იყო, რომელიც სულ მთვრალი იყო და მის ხუშტურებზე დადიოდა ყველა. ეს ის პერიოდია, როცა ახალაია ზენიტშია და მისი სახელის ხსენებაზე თანამშრომლებს ცივი ოფლი ასხამთ. არადა, როცა კუდ-ში მოვიდა, სულ სხვანაირი ბიჭი იყო, პროვინციელი, ცოტა "სკრომნი", დადიოდა კაბინეტებში, ყველას ესალმებოდა და მოიკითხავდა. მერე "პალაჟენია" დაიყენა...

მოკლედ, მე და ავთო მივდევთ ML-ის ჯიპს, თუმცა პეკინზე რომ გავედით, თვალი ვეღარ მოვკარით. გიამ დაგვირეკა, თავისუფლების მოედნისკენ წამოდითო. მოკლე პასუხებით იფარგლებოდა და ეგრევე თიშავდა ტელეფონს... აკონტროლებდნენ, მთვრალი გირგვლიანი და ბუხაიძე როდის გამოვიდოდნენ ბარიდან და საით წავიდოდნენ... გიას დათა აძლევდა ინსტრუქციებს...

- ალექსანდრე ღაჭავა სად იყო, არ გიხსენებიათ...

- არ ვიცი, რატომ დაურეკა ალანიამ ღაჭავას და სად ჩაისვეს მანქანაში. ღაჭავა კოდუას ნათესავი იყო და თავის დროზე მან სოდ-იდან გამოაგდო, მერე კუდ-ში მოვიდა... გარწმუნებთ, სანამ სასაფლაოზე არ მივედით, არც ვიცოდი, რისთვის ვჭირდებოდი. რომ მცოდნოდა, რისთვის მივდიოდი, არ წავიდოდი, რომელი კილერი მე ვიყავი? მეც მსხვერპლი ვარ, იმათ ცხოვრება დამინგრიეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ისე "მოტყდა" ორივე (ალანია და ღაჭავა), ერთი არ უთქვამთ, მივდივართო...

- დავუბრუნდეთ თემას... რა მოხდა შემდეგ?

- მოკლედ, ალანიამ ბოლოს გვითხრა, ოქროყანისკენ წამოდითო. როგორც იქნა, მე და აფციაური ავბობღდით იმ ძღინკიანი მანქანით. მერე ვნატრობდი, რა მოხდებოდა გაფუჭებულიყო, ან საბურავი გასძრომოდა, რომ ვერ ავსულიყავით-მეთქი.

ოქროყანაში 15 წუთსაც არ გავჩერებულვართ. გადმოვედით თუ არა მანქანიდან, ქოქიაშვილი დავინახეთ. მიწაზე ბიჭი (მერე როგორც გავიგე, გირგვლიანი იყო) ეგდო და ქოქიაშვილი ეუბნებოდა, არ გაინძრეო... ქოქიაშვილს ვკითხე, გია ალანია სად არის-მეთქი. ხელით დამანახა, იქითო... გია რაღაც სისულელეს ეუბნებოდა მიწაზე დაგდებულ ტიპს (ბუხაიძეს). რომ დავუძახე, მითხრა, სახელი არ დამიძახოო. გირგვლიანი, რომელიც ქოქიაშვილს და ღაჭავას ებარათ, ზევით ჰყავდათ, ფერდობზე, ბუხაიძე კი ალანიას ებარა ქვემოთ, ვაკე ადგილას... მერე ატყდა დიდი ჩხუბი.

ალანიამ შეაგინა ბუხაიძეს და ცემა დაუწყო. ბუხაიძე ეცა ფეხებში და ეგრევე დააგდო, ჯანზე იყო. მერე ჩვენ მივვარდით ბუხაიძეს და ვცემეთ. ამ ბიჭს გონებაც არ დაუკარგავს. ვინმეს მათი მოკვლა რომ ნდომოდა, ისე გაქრებოდნენ, ცხოვრებაში ვერავინ იპოვიდა. გიამ ბუხაიძეს რამდენჯერმე ტელეფონი მიანათა სახეში. ცოტა ხანში რაღაც ხმაური მოგვესმა. მოვარდა ღაჭავა, ის მეორე გაიქცა და პანჩურიც ამოვარტყიო. გიამ "გადაუარა", როგორ გაგექცა, ს..რი ხარო.

- სანდროს გაქცევის დროს თქვენ გაისროლეთ?

- მე იარაღიც არ მქონდა თან და რა უნდა გამესროლა? ქოქიაშვილმა დაკითხვისას თქვა, თითქოს მე გამივარდა იარაღი. რომც გამვარდნოდა, ეს საქმესთან რა კავშირშია? ღაჭავას ჰქონდა ტაბელური იარაღი და დავინახე, რომ ბუხაიძეს რამდენჯერმე ჩაარტყა. გიას ვკითხე გაქცეულზე, გავყვე-მეთქი? არა, თუ გაიქცა, გაიქცესო. გიას საერთოდ აერია სამიზნე, ბუხაიძეს ტყუილად ვცემდით - გირგვლიანი გვეგონა.

- სანდრო ვინ სცემა და აწამა?

- თუ ვინმე იცემა, ეს ბუხაიძე იყო. ქოქიაშვილმა მხოლოდ თავში წაარტყა მიწაზე დაწოლილ გირგვლიანს, თავი არ აიღოო. გიას და ყველას აქცენტი ბუხაიძეზე გვქონდა.

- მაშ ის სასიკვდილო ჭრილობები თვითონ მიიყენა გირგვლიანმა? თუ თქვენს მერე იმ ადგილას კიდევ ავიდა ვინმე?

- არ ვიცი. მე ოთხი წელი მარწმუნებდნენ, გირგვლიანი ხრამში ჩავარდა, დაისერა და გაიყინაო. ის ფოტოები მეც მაქვს ნანახი. ადამიანს როგორ უნდა მიაყენო ღამის 2 საათზე სიბნელეში ერთი და იმავე ზომის, სიმეტრიული ჭრილობები? ამ დეტალთან დაკავშირებით მეც მიჩნდება კითხვა. აზრზე არ ვარ, როდის რა მოხდა.

- გეცოდინებათ, რა იყო დამკვეთების მიზანი....

- ბიჭებისთვის ჭკუის სწავლება.

მე პირველად ვიყავი იმ ადგილას და ალანია მარწმუნებდა, აქ ჩვენც შემთხვევით მოვხვდითო. მერე გავიგე, რომ ეს მათი აპრობირებული მეთოდი იყო, მანამდე ვიღაცები აჰყავდათ იმავე ადგილას და აწამებდნენ.

ახლა დარწმუნებული ვარ, ახალაიას პირდაპირ აქვს ნათქვამი, ბიჭები ოქროყანაში აიყვანეთო... რა მოხდა "შარდენ-ბარში", ზუსტად ახლაც არ ვიცი, თანდათან ვიგებ.

ვიცი, რომ მთვრალმა ტიპმა "გააჯაზა", შეურაცხყოფა მიაყენა მერაბიშვილის ცოლს, რაც ვიღაცას არ ესიამოვნა და ახალაიამ გადაწყვიტა ბიჭების დასჯა. რად უნდოდა ახალაიას ალანია, როცა გურამ დონაძეც ბარში იყო, დაურეკავდა პატრულს, წაიყვანდნენ პოლიციაში და რაც უნდოდათ, იმას უზამდნენ, მაგრამ ახალაიამ გადაწყვიტა, ეჩვენებინა, რომ ყველაზე მაგარია და საქმეს თვითონ მოაგვარებდა. მან უბრძანა ალანიას, ოქროყანაში აიყვანეთ, სცემეთ, გაატიტვლეთ და ასე დასაჯეთო.

- თქვენ როდის და ვისგან შეიტყვეთ ამ ტრაგედიის შესახებ?

- სიუჟეტი ვნახე, ოქროყანაში მოხდა მკვლელობაო და მაშინვე გიასთან მივედი. მისგან გავიგე ვერსია, რომ გაქცეული გადაიჩეხა და გაიყინა. მაშინ მეგონა, ბუხაიძე მოკვდა. გიამ მითხრა, ის სვანი მოკვდა, მეორეო და დაამატა, რომ გაიქცა, ხევში ჩავარდა და გაიყინაო. ამ ამბის შემდეგ ძალიან ვნერვიულობდი, მეუბნებოდნენ, დაიკიდე, სააკაშვილმა იცის, ვანომ იცისო. მერე შემომითვალეს, უნდა ჩაჯდეო. ყველაფერი შავნაბადაზე, სააკაშვილის რეზიდენციაში ჰქონდათ გადაწყვეტილი.

- უარი რომ გეთქვათ, რა მოხდებოდა?

- ალბათ, გამაქრობდნენ. დათამ პირდაპირ მითხრა, თუ არ დამიჯერებ, 20 წლით ჩაგსვამო. საქმეს გამოიძიებენ, როგორც ჯგუფურ მკვლელობას, 20 წლით ჩაგსვამენ და მეც ზედ მიმაყოლებენ. ამიტომ

თქვენ ჩაჯექით, დანარჩენს ადეიშვილი და დავით ჩხატარაშვილი

(რომელიც იმხანად დათა ახალაიას მოადგილე იყო)

მოაგვარებენ. არ ინერვიულოთ, პრეზიდენტიც საქმის კურსშია, მერაბიშვილიც, ადეიშვილიც, მეც აქ ვარ და წელიწად-ნახევარში გარეთ იქნებითო...

ერთ დღეს რუსთაველზე რაღაც მიტინგი იყო. ახალაიამ მთელი კუდ-ი ნიღბებით გაგვიყვანა. იმავე დღეს მანქანით მოდიოდა ახალაია, გზაში ნიღაბი ავიწიე და დამიძახა, მოდიო.

მითხრა, პრეზიდენტს უნდა კანცელარიაში თქვენი ნახვა და რამე რომ იყოს, ხომ არ დაიბნევიო... ისე მიჰყავდათ საქმე, თითქოს ეს ინციდენტი "შარდენ-ბარის" კარიდან დაიწყო, გირგვლიანმა დათას შეაგინა, გიამ გაიგო და მერე ჭკუა ვასწავლეთ. დათას თავი ისე ეჭირა, ვითომ არაფერ შუაში იყო, ჩვენ ვიყავით დამნაშავეები და აი, მე რა ჯიგარი ვარ, გპატრონობთო. "აბეზალოვკაში" ჩაგვაგდო, არადა, სინამდვილეში მის გამო უნდა მოგვეხადა სასჯელი.

შემთხვევიდან 40 დღეში დაგვიჭირეს.

- მადლიერების ნიშნად მერაბიშვილმა 100-100 ათასი დოლარი მართლა ჩაგირიცხათ ოთხივეს?

- არა, იცით, რა იყო? ახალაიამ რომ დამიბარა, ვუთხარი, ცოლი მყავს ფეხმძიმედ და ერთადერთი მარჩენალი ოჯახში მე ვარ-მეთქი. მითხრა, ოთხივემ ნახეთ თქვენი ახლობლები, ბიძაშვილები, ვინც გყავთ, თქვენს ადგილას დავნიშნავ, ხელფასი ჩაგერიცხებათ და სახელფასო ბარათით თქვენი ოჯახები ისარგებლებენო. დავთანხმდით.

თავიდან ყველაფერს აკეთებდნენ, რომ დროზე შევეყარეთ ციხეში,

ახალაიას პირდაპირ აქვს ნათქვამი, ვანო პრემიერ-მინისტრი გახდება, მე - შს მინისტრიო და ციხეში წავიდოდა? ის კი არა, რომ არა ადეიშვილი, ახალაია ალანიასაც არ იჭერდა. ადეიშვილთან შეხვედრის მერე გადაწყვიტა მისი ჩასმა. თავდაპირველად სამნი უნდა ჩავესვით და კიდევ ერთი ჩვენი თანამშრომელი, გვარი არ მახსოვს...

- ქოქიაშვილი რატომ არ დაიჭირეს, ისიც ხომ იყო ოქროყანაში?

- დათამ პირდაპირ თქვა ამ კაცზე, პრ...ია, არ ვენდობი და მირჩევნია, ჩემი თვალთახედვის არეში მყავდესო. მე, ალბათ, გიას გამო მენდობოდა.

ახალაია გამწარებული იყო მერაბ ბაღათურიაზე (შს სამინისტროს ქალაქის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი, რომელმაც გამოიძია გირგვლიანის საქმე) და ემუქრებოდა. იცოდა, ბაღათურიას ყველა ინფორმაცია ჰქონდა ამ საქმესთან დაკავშირებით. დათა ამბობდა, მინისტრი როცა გავხდები, ბაღათურიას ყურებს დავახევ, სიცოცხლის ბოლომდე მზის შუქს არ დავანახებო და უტრიალებდა ყველაფერს.

გვეუბნებოდა, ახლა მარტო თქვენი მხარდაჭერა მჭირდებაო. მეც ჩუმად ვიყავი და დებილივით ყველაფერზე თავს ვუქნევდი... მოკლედ, ახალაიამ ვანოს დაურეკა, საქმე გახსნილია, ყველაფერი მოგვარებულიაო. გიასთან მივედი, კაცი თქვენ აიყვანეთ ოქროყანაში, ღაჭავას გაექცა, მე მეუბნებით, ციხეში უნდა წახვიდეო და შენ არ მიდიხარ-მეთქი? მითხრა, მეც ვჯდები, გუშინ დათა ადეიშვილთან იყო და იმას უთქვამს, ალანია კარგს იზამს, თუ ჩაჯდებაო. მერე ვანოს შემოუთვლია დათასთვის, ალანიას სამუშაო კაბინეტი დაკეტილი იქნება, სანამ ციხიდან არ გამოვა და კუდ-ში არ დაბრუნდებაო. ამით მიანიშნა, რომ დიდი ხნით არ ჯდებოდა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ