რას აპროტესტებენ სასულიერო პირები დასავლურ ქვეყნებში და რატომ გვაქვს შერჩევითი მიდგომა ცოდვის მიმართ საქართველოში

რას აპროტესტებენ სასულიერო პირები დასავლურ ქვეყნებში და რატომ გვაქვს შერჩევითი მიდგომა ცოდვის მიმართ საქართველოში

კაზანტიპის ფესტივალის გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება. როგორც მოსალოდნელი იყო, სასულიერო პირები და საზოგადოების ღრმად მორწმუნე ნაწილი ფესტივალს აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ ეს ფესტივალი ერის გარყვნა-გათახსირებას ემსახურება. დავინტერესდი, უცხოეთშიც ტარდება თუ არა მსგავსი აქციები და რას აპროტესტებენ სხვადასხვა ეკლესიის წარმომადგენლები. აი, რა ფაქტები მოვიძიე.

რამდენიმე წლის წინ ისრაელში სასულიერო პირებმა გეი-აღლუმი ძალიან საინტერესო ფორმით გააპროტესტეს - იქ სადაც აღლუმი ტარდებოდა, იდგნენ გზის პირას და ლოცულობდნენ;

წლების წინ საპროტესტო აქციით შეხვდნენ მოქმედი რომის პაპის, ფრანცისკეს წინამორბედს ბენედიქტე XVI-ის ესპანეთში, სადაც ის ოთხდღიანი ვიზიტით ჩავიდა. ამ ვიზიტს ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა: ერთის მხრივ სეკულარული ქვეყნის მომხრეები და ანტი-კლერიკალები, რომლებიც აპროტესტებენ პაპის ვიზიტზე გახარჯულ სახელმწიფო სახსრებს, რომელიც ფინანსისტების ვარაუდით 100 მილიონ ევროს მიაღწევდა, ხოლო მეორეს მხრივ პროტესტანთა ნაწილს წარმოადგენდა ლგბტ უფლება დამცველი ორგანიზაციები, როლებიც აკრიტიკებედნენ, პაპის ჰომოფობიურ განცადებებს და ვატიკანის ოფიციალურ პოზიციას, რომელიც პრეზერვატივების გამოყენებასა და HIV-ის უკავშირდებოდა. ამ აქციას დაახლოებით 5000 ადამიანი შეუერთდა.

გერმანელი სასულიერი პირები სულიერ შვილებს ძირითადად გერმანიის ბირთვული პროგრამის გასაპროტესტებლად კრიბავენ. აქციას 10 000 და ხშირად 20 000 ადამიანიც უერთდება. საინტერესოა, რომ რომის პაპის ვიზიტს გერმანიაში, რომელიც 2011 წელს გაიმართა, ასევე არ ჩაუვლია საპროტესტო გამოსვლების გარეშე.

დიდი საპროტესტო აქციები იყო საფრანგეთში 2013 წელს, სადაც სასულიერო პირები და მათი სულიერი შვილები ჰომოსექსუალთა ქორწინების დაკანონებას აპროტესტებდნენ. გამოსვლებში საფრანგეთის ათიათასობით მოქალაქე მონაწილეობდა.

ბრიტანელი სასულიერო პირების ძირითადი საპროტესტო თემა მათი ქვეყნის ერაყისა და ავღანეთის ოპერაციებში მონაწილეობა იყო, რომელსაც პერმამენტულად მართავდნენ ინგლისის სხვადასხვა ქალაქებში.

შეგნებულად არ ვწერ აღმოსავლური ქვეყნების სასულიერო პირთა საპროტესტო გამოსვლებს, რადგან ბევრი ქვეყანა ჯერ კიდევ შარიათის კანონებით იმართება და იქ ეს ჩვეული ამბავია.

დასავლეთის ქვეყნებში პროტესტის სხვა არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, თუმცა, ვფიქრობ, ჩამოთვლილიც საკმარისია. ძიების მიუხედავად, ვერსად წავაწყდი შემთხვევას, როდესაც "კაზანტიპის" მსგავსი ფესტივალი გააპროტესტეს, მათ შორის არც მართლმადიდებლურ ქვეყნებში. თავად უკრაინაშიც კი, სადაც წლების მანძილზე ტარდებოდა "კაზანტიპის" ფესტივალი, საპროტესტო აქცია სასულიერო პირებს არასდროს გაუმართავთ.

ზოგადად, სასულიერო პირმა და მორწმუნემ ცოდვის ჩადენა რომ უნდა გააპროტესტოს ეს ცალსახაა, მაგრამ მაშინ რატომ არ ვაპროტესტებთ შემდეგ ფაქტებს:

სადგურის მოედანზე (ე.წ. ვაგზალზე) არსებულ საროსკიპოებს, სადაც ყოველდღე "კაზანტიპია" და თან არალეგალური.

დისკოთეკებსა და ღამის კლუბებში ე.წ. ბიო ნარკოტიკის გაყიდვას.

რატომ არასოდეს არავის გამოუთქვამს პროტესტი რესპუბლიკის მოედნის ქვეშ არსებულ ღამის კლუბზე, რომელიც ფატქობრივად საროსკიპო იყო.

რატომ არ ვაპროტესტებთ (და არ ვიკრიბებით იმ ხალხის ნახევარიც კი ვინც 17 მაისის იყო გამოსული) ნარკომანიას და რატომ მოგვყავს არგუმენტად რომ ამას კანონიც აპროტესტებს?! ხომ ვხედავთ, რომ მარტო კანონი ვერ აგვარებს ამ პრობლემას?! კანონის იმედად ყოფნით ერთგვარად სირაქლემას პოზიციას ხომ არ ვიღებთ?

რატომ არ ვაპროტესტებთ კაზინოებისა და ტოტალიზატორების ესოდენ სიმრავლეს ჩვენს ქვეყანაში, რაც არაერთი ქართული ოჯახის გაუბედურებისა და ახალგაზრდების სუიციდის მიზეზი გახდა.

რატომ არავინ არ აპროტესტებს სტალინის სურათებით შეიარაღებული ახალგაზრდების აქციებს? თუ სტალინის იდეებმა ჭირი მოგვჭამა და საშიშები აღარ არიან?!

რატომ არ ვაპროტესტებთ, როდესაც ადამიანის უფლებები ისე ირღვევა ხოლმე, როგროც ჩემი მეზობლის შეკერილი კოსტუმი.

რატომ არ გამოვდივართ და რატომ არ ვთხოვთ სახელმწიფოს, აიკრძალოს აბორტი? თუ კაზანტიპის არჩატარება უშველის იმას, რომ ნელ-ნელა ნახევრდება ჩვენი გენოფონდი. ცოდვის მიმართ ასეთი შერჩევითი მიდგომა, ცოტა არ იყოს, გაუგებარია.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, რაზეც თვალები დიდზე უნდა გავახილოთ და ჩვენ ვხუჭავთ, სამაგიეროდ ვაპროტესტებთ იმას, რაზეც გამოხმაურება დიდია. 30 აგვისტოს დასრულდება "კაზანტიპი" და საინტერესოა რა იქნება შემდეგი?!

ლადო გოგოლაძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია