ქრისტინე ძიძიგურისა და პრინცი ხუანის თაფლობის თვე ესპანეთში (+4 ფოტო)

 ქრისტინე ძიძიგურისა და პრინცი ხუანის თაფლობის თვე ესპანეთში (+4 ფოტო)

ჟურნალ "ბომონდს" აგვისტოს ცხელ დღეებში საინტერესო მივლინება ჰქონდა. რედაქციის წარმომადგენლები ეპანეთში ახლადშექმნილ ოჯახს (ხუან ბაგრატიონი და ქრისტინე ძიძიგური) ეწვივნენ, რათა ჟურნალისთვის ქრისტინეს, როგორც წარმატებული ქართველი მოდელის ფოტოსესია გადაეღოთ და ამასთან, პრინცისა და პრინცესას თაფლობის თვე ფირზე აესახათ.

"ამბები.გე"-ს ესპანეთიდან დაბრუნებული "ბომონდის" მთავარი რედაქტორი, თეა აგლაძე ესაუბრება:

- ქრისტინე ძიძიგური სანამ გათხოვდებოდა, სამი თვის წინ უნდა გადაგვეღო და პარიზში დავგეგმეთ კიდეც ეს ამბავი. მოგეხსენებათ, ის მოდელია და გათხოვებამდე პარიზში სამოდელო ბიზნესში მოღვაწეობდა. "დიორთან" აქვს ნამუშევარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც სხვა ქართველ გოგონას ასეთი რამ არ ღირსებია.

ბოლოს თბილისში შევხვდით ერთმანეთს, მითხრა, - მე და ხუანი ესპანეთში მივდივართო და იქ დაგვპატიჟა. გადავწყვიტეთ, წავსულიყავით და ქრისტინე ცალკეც და მეუღლესთან ერთადაც გადაგვეღო. ხუან ბაგრატიონი მადრიდშია დაბადებული. ის ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელის შვილიშვილია. ირაკლი ბაგრატიონის მეუღლეც თავის მხრივ, დიდგვაროვანთა შტოს წარმომადგენელია და ესპანეთის პრინცესა გახლავთ. ამიტომ, ხუანი ორივე მხრიდან სამეფო გვარის შთამომავალია.

მოკლედ, ესპანეთის ერთ ულამაზეს, დასასვენებელ ქალაქ მარბეაში გავემგზავრეთ, მალაგასთან ახლოს, სადაც ხუანს სახლი აქვს. მილიონერების ქალაქია, სულ მდიდრების ვილები და დახურული პლაჟებია... გადაღებები სამ დღეზე იყო გაწერილი. აქვე, წასვლამდე მოვილაპარაკეთ, თუ რა გვინდოდა, ქრისტინეს რა კოსტიუმებითა და სტილით, იმიჯით გადავიღებდით. ინსპირაციის წყარო გრეის კელის "ობრაზი" იყო (ამერიკელი მსახიობი, კინოაკადემიის ოსკარის ლაურეატი, მონაკოს პრინცის მეუღლე 1956 წელს). შესაბამისად, კოსტიუმებიც შევარჩიეთ. მოკლედ, სამი დღე ძალიან სერიოზულად, საოცარ სიცხეში, მზის გულზე ვიმუშავეთ. არაერთი ადგილი გამოვიცვალეთ.

- როგორ ცხოვრობს ახალდაქორწინებული წყვილი?

- შესანიშნავად. ქრისტინესთან ბოლო დღემდე არ ჩავწერე ინტერვიუ. მათთან ყოფნისას, ამ ადამიანებს ვაკვირდებოდი, რომ კარგი პორტრეტი გამომსვლოდა. ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია ფოტოებით გამოხატო ადამიანის სამყარო, მაგრამ სიტყვიერად შექმნილი პორტრეტიც ურიგო არ გამოსულა...

- როგორ გაიცნეს მათ ერთმანეთი?

- ქრისტინეს მათმა საერთო მეგობარმა დაურეკა და უთხრა, პარიზში პრინცი უნდა გაგაცნოო, ხუანი ძალიან კარგად ლაპარაკობს ფრანგულად (ცხადია, ესპანურადაც და იტალიურიც იცის). პრინცმა ქრისტინეს დაურეკა... თავიდან ინტერნეტით ლაპარკობდნენ. ოღონდ, ერთმანეთი საქართველოში ნახეს. ქრისტინე თბილისში ვერცხლის ქუჩაზე ცხოვრობს. აქ რომ ჩამოვიდა, და ტელეფონი ჩართო, ასეთი მესიჯი მიიღო: "მოგესალმები თბილისში!" შემდეგ დაურეკა და საუბარში გაარკვიეს, რომ თურმე ხუანიც ვერცხლის ქუჩაზე, სასტუმროში ყოფილა დაბინავებული. პრაქტიკულად, ერთი კედელი ჰყოფდათ. საოცარი დამთხვევაა... მოკლედ, ასე შეხვდენ ერთმანეთს... სწორედ ამ პერიოდში მქონდა ქრისტინესთან საუბარი და ამ გადაღებას ვგეგმავდით და მისგან ის მომეწონა, რომ მოსალოდნელი ქორწინების შესახებ არაფერი უთქვამს. არადა, ბევრ რამეს მიყვებოდა და ამის შესახებ არაფერი წამოსცდენია. სხვა მის ადგილზე დაიტრაბახებდა...

ისინი ახალდაქორწინებულები არიან... როგორც მითხრა, ახლა არ აპირებდა გათხოვებას, სხვა გეგმები ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი ასე უეცრად მოხდა... შრომისმოყვარე გოგოა, რთულია, როცა პარიზში ქართველი მოდის ბიზნესში თავს დაიმკვიდრებ, სადაც ყველა ქვეყნიდან ლამაზი გოგონები იკრიბებიან. აქ მხოლოდ სილამაზე არ კმარა. საჭირო დროს საჭირო ადგილზე უნდა აღმოჩნდე. ეს სამოდელო ბიზნესში ყველაზე მთავარი რამ არის, რაღაცას რომ მიაღწიო. შემდეგ არის - შრომა და უნდა შეინარჩუნო ის, რასაც მიაღწიე. ამ გოგომ ეს ყველაფერი გაიარა.

- ე.ი. "ბომონდის" მკითხველს საინტერესო თემა ელის სექტემბრის ნომერში?

- საინტერესო სტატია და კარგი ფოტოები. განსაკუთრებით ვურჩევ ქართველ გოგონებს, რომ წაიკითხონ...

- შეიფერა ქრისტინემ პრინცის მეუღლეობა?

- ხუანი პრინცესას ეძახის და ცოტა ეუხერხულება, მაგრამ რეალურად მოირგო ეს სტატუსი. პრინცი ამბობს, რომ ქრისტინე პრინცესად არის დაბადებული და მეუღლით ამაყობს... ეს არის ქართველი მოდელი, რომელსაც ამდენ გოგოში გაუმართლა, თან, საკუთარ თავზე იმუშავა... ის, რომ პროფესიონალია, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როდესაც კამერა ჩავრთეთ. ასეთი კლასი ჯერ არც ერთ მოდელს არ უჩვენებია, იმდენ ვინმესთან მაქვს ნამუშევარი. კამერა უკნიდან რომ უღებს, ამას უნებლიედ ხვდება და უკვე მუშაობას იწყებს. ყველაფერი ზუსტად იცის. ძალიან კმაყოფილი ვარ... ინტერვიუში, რომელიც "ბომონდში" დაიბეჭდება, გოგონასთვის, ვისაც მოდელობა უნდა, ბევრი სასარგებლო რჩევაა.

- ქორწილი ჰქონდათ?

- მათ ესპანეთში ხელი მოაწერეს, მაგრამ ქორწილსა და ჯვრისწერას საქართველოში აპირებენ, სადაც ბევრი უცხოელი ჩამოვა... ხუანი მომეწონა, კარგი ბიჭია. უყვარს თავისუფლება, მაგრამ იცავს ეტიკეტს, რომ რაღაცები არ შეიძლება... რაც ჩამოვედით, დღემდე გვკითხულობს, გვწერს... რაც მთავარია, მათ ძალიან უყვართ ერთმანეთი. ქართულად იცის - არა და კიდევ რაღაც სიტყვები. ძალიან უნდა, ქართულის სწავლა და საოცრად უყვარს საქართველო. აქვს ბევრი გეგმა და ყველა საქართველოს უკავშირდება...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

მეუფე იაკობს კორონავირუსი დაუდასტურდა

"პანდემიის პერიოდში თავდაუზოგავად მუშაობდა..." - მარნეულში გარდაიცვალა 23 წლის ექიმი, რომელმაც კოვიდი რამდენიმე დღის წინ დაამარცხა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 39 პაციენტი გარდაიცვალა