რატომ ვერ შესრულდება საქართველოს ჯანდაცვაში ჯანმო-ს რეკომენდაციები?

რატომ ვერ შესრულდება საქართველოს ჯანდაცვაში ჯანმო-ს რეკომენდაციები?

ახლა გადავხედოთ, კიდევ რა რეკომენდაციები მისცა 2014 წელს ჯანმომ (ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია) საქართველოს და ჩვენ რა გავაკეთეთ ამის შემდგომ. თემას სტატიას უძღვნის გაზეთი "პრემიერი".

საქართველოში ბოლო წლებში ხშირად ვიგებთ შემზარავ ფაქტებს, როცა მშობელს არა აქვს საშუალება, შვილს უმკურნალოს, არადა მძიმედ ჰყავს ავად, მკურნალობა კი დიდ ხარჯებს მოითხოვს. ვერასდროს დავივიწყებ ტრაგედიას, როცა მამამ თავი იმიტომ მოიკლა, რომ მისი გასვენების დროს შემოსული თანხით შვილისთვის ემკურნალათ. ახლა რაც არ უნდა ხელები ასავსავოს ჯანდაცვის სამინისტრომ, იუაროს და აპიაროს საყოველთაო ჯანდაცვა, ფაქტია, რომ მამამ შვილის გადასარჩენად ყველა ღონეს მიმართა, ყველა ინსტანცია ხვეწნით მოიარა, მის შვილს რომ დახმარებოდნენ, მათ შორის ჯანდაცვის სტრუქტურებიც, მაგრამ გამოსავალი მაინც თვითმკვლელობა აღმოჩნდა, რადგან არავინ დაეხმარათ. არ გამიგია, ამ ფაქტის გამო ვინმე დაესაჯოთ, ანუ როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ამ გაუგონარმა ტრაგედიამაც პირველი თოვლივით, ჩვეულებრივ ჩაიარა. არადა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 2014 წლის რეზოლუციებში შავით თეთრზე წერს: ჯანდაცვა და პირველადი აუცილებელი მედიკამენტები ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოსო. ჩვენი საზოგადოებისთვის მედიკამენტების თემა ყოველთვის პრობლემა იყო და ახლაც ასეა. წინათ თუ მხოლოდ წამლის საოცრად გაზრდილი ფასები ურტყამდა მოსახლეობის ჯიბეს და წამალი ხელმიუწვდომელი ამიტომ იყო, ახლა ამას რეცეპტის ინსტიტუტის აღდგენაც დაემატა. ჯამში კი გამოვიდა, რომ, თუ აქამდე ადამიანს "ნიმესილი" 45 თეთრი უჯდებოდა, ახლა მას ექიმთან ვიზიტის თანხაც დაემატება და ერთი პაკეტი წამლის ფასი, ალბათ, ლარამდე ავა. აღარაფერს ვამბობ ისედაც ძვირადღირებულ მედიკამენტებზე, რომელსაც ექიმი კი უწერს ავადმყოფს, მაგრამ ის ვერ ყიდულობს სიძვირის გამო. ასეთი შემთხვევა უამრავია და ცხადია, მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის დანერგვა ვერ გამოასწორებს ამ დარგის ჩასვრილ კუთხეებს. აი, ასე ასრულებს საქართველოს ჯანდაცვა ჯანმოს, იგივე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, რომლის წევრებიც ჩვენ ვართ და ყოველი სიტყვის შემდეგ, პიარულად და სიამაყით ახსენებენ ხოლმე, მათ გვითხრესო. ახლა გადავხედოთ, კიდევ რა რეკომენდაციები მისცა 2014 წელს ჯანმომ საქართველოს და ჩვენ რა გავაკეთეთ ამის შემდგომ.

ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეამ ყველა წევრ ქვეყანას მოუწოდა, რომ 2014-2021 წლებში უკეთესი ჯანმრთლეობა ჰქონოდა ყველა ადამიანს, ვინც შეზღუდული შესაძლებლობებით ცხოვრობს. წყაროს ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობის პირებს ეტლებით მართლაც დაეხმარნენ და კონცერტებიც ჩაუტარეს, მაგრამ კონცერტი და "გასწი გარმონი" რომ ჯანმრთელობას არ შველის, მგონი, ვიცით. როგორც ცნობილია, ყველა ქვეყანაში ასეთ ადამიანებს ცალკე საავადმყოფო ემსახურებათ. საქართველოშიც იყო ერთ დროს ასე, მაგრამ ამას წინათ სწორედ "პრემიერი" წერდა, რა შავი ღრუბელიც ტრიალებს ვეტერანთა ჰოსპიტალის თავზე. სწორედ ომისა და შრომის ვეტერანებს, რომელთა უმეტესობასაც შეზღუდული აქვს შესაძლებლობები, წლებია დანგრეულ საავადმყოფოში უხდებათ სიარული და მათ ისეთ პირობებში მკურნალობენ, ჯანმოს კი არა, რიგით ადამიანსაც გაუკვირდება. ეს საავადმყოფო ამ მდგომარეობამდე რომ შემთხვევით არ მისულა და რემონტი შეგნებულად არ კეთდება ათწლეულებია, ესეც ფაქტია. საქართველოს მთავრობამ ვერაფრით დააყენა საშველი ამ ერთი სეგმენტის მოწესრიგებას და სხვას რას გააკეთებს?!

კიდევ ერთი რეკომენდაცია ჯანმო-სგან: "იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ფსორიაზი ქრონიკული არაგადამდები დაავადებაა, რომელიც იწვევს ინვალიდობას, რომლის საწინააღმდეგო მკურნალობაც არ არსებობს და აგრეთვე, იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანები, რომლებიც ფსორიაზით ცხოვრობენ, ფიზიკური ტკივილის გარდა, ხშირად ხდებიან სოციალური სტიგმატიზაციის მსხვერპლნი, ჯანმრთელობის სამოცდამეშვიდე მსოფლიო ასამბლეა მის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, აქტიურად გაატარონ საზოგადოების ინფორმირებულობის დონისადმი მიმართული ღონისძიებები". სპეციალისტებიც ამტკიცებენ, რომ ფსორიაზის მკურნალობა შეუძლებელია და თუ კანის ამ დაავადების მქონე პირებს ჩვენი ექიმები, ან ჯანდაცვის წარმომადგენლები რაიმეს ჰპირდებიან, ამ ეტაპისთვის ყველაფერი ტყუილი და სისულელეა, როგორც შევიტყვეთ, ფსორიაზის დროს კანი აღარ სუნთქავს და თუ ფსორიაზმა სხეულის დიდი ნაწილი მოიცვა, შეიძლება ადამიანის სიცოცხლე ფატალურადაც დასრულდეს. მსგავსი სახის ინფორმაცია ამ დაავადების მიმართულებით პირადად არსად მომისმენია. საზოგადოებისთვის ცნობილი არც ის არის, საქართველოს ჯანდაცვა ამ სახის დაავადებულებისთვის რაიმე, უფასო მკურნალობასა და დახმარებას თუ ეწევა. ყოველ შემთხვევაში, თუ არსებობს ასეთი დახმარება, ამის შესახებ ხალხმა არაფერი იცის და აქედან გამომდინარე, ვერ იყენებს. ჯანმო კი, ცხადია, ამ ინფორმირებულობაზეც საუბრობს ამ რეკომენდაციაში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საქართველოს ჯანდაცვას ვერცხლისწყლისა და ვერცხლისწყლის შემცველი ნაერთების ზეგავლენის მავნებლობაზეც ესაუბრება და რეკომენდაციას აძლევს, რომ მინამატას კონვენციის განხორციელებაში წვლილი შეიტანოს. მინამატა იქით იყოს და საქართველოში წლებია, საუბარი მიდის იმის შესახებ, რომ მარნეულში, ოქროს საბადოდან მდინარეში ჩასული ნარჩენები ადამიანებს სიცოცხლის საშიშროებას უქმნის. სპეციალური კვლევებიც ჩატარდა და წყალსა და ამ წყლით მორწყულ ნიადაგებში ისეთი მეტალები აღმოჩნდა, ჰაერით დაბინძურებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, იქ მოწეული კულტურების საკვებად გამოყენება ყოვლად დაუშვებელიაო, მაგრამ მას შემდეგ მდგომარეობა უცვლელია. იქ დღემდე იგივე ხდება და არც იმ პროდუქტებს ამოწმებს ვინმე, რომელიც ამ ნაკვეთებიდან შემოდის ჩვენს საკოლმეურნეო ბაზრებში. ვიწამლებით სოფლის მერუნეობის სხვა პროდუქტებითაც, რომლებიც ისეა გაჟღენთილი სხვადასხვა ქიმიური სასუქებით, ეს ფაქტი ჯანმოს კი არა, ნებისმიერ ცივილიზებულ ორგანიზაციას გააოცებს, მაგრამ ქართველებს სხვა გაზ არ გვაქვს და რასაც გვთავაზობენ, იმას ვიღებთ კიდეც. საინტერესოა, რას აკეთებს საქართველოს ჯანდაცვა ამ კუთხით?

მაინცდამაინც ჯანმო-მ უნდა შეატყობინოს, მარნეულში ეს ხდება, კახეთში საზამთროს მიხომ ზედმეტი სასუქი მოაყარა და მოწამლული ხალხი საავადმყოფოებში პანტაპუნტით მიჰყავთო?! წესით და რიგით, სამინისტრო მსგავს სტატისტიკას გამალებით უნდა აკეთებდეს და თავისი ტვინით წყვეტდეს, საკუთარ ქვეყანაში რა და როგორ გააკეთოს. სწორედ ეს უწყება უნდა ტეხდეს შესაბამის განგაშსაც. იქნებ მე დავყრუვდი და თქვენ მითხარით, ვინმეს გაგიგონიათ მათი ხმა და ნათქვამი სიტყვა, - ქართველი ერი იწამლება, ეს უკვე გენოციდიაო?! მარნეულის წყლის მომაკვდინებელ შედეგებზე ლაპარაკი შორს წაგვიყვანს, რადგან იქაური ხალხიც აჯანყდა ამის გამო, მაგრამ მდგომარეობის გამოსწორებას საშველი არ დაადგა. ისიც კი ითქვა, რომ ამ რეგიონში სიმსივნურმა დაავადებებმა სწორედ ამის გამო იმატა. გზებსა და ტროტუარებზეც ვინ რას ყიდის, არავინ უწყის და მოსახლეობაც იმას ყიდულობს, რასაც უფრო ნაკლები ფასი აქვს, რადგან სრული ინფორმაცია ამ ყველაფერზე არ აქვს. ჯანდაცვის სპეციალისტები იმასაც ამტკიცებენ, რომ ამ საკითხების გაუარესება სანეპიდსადგურების გაუქმებამ გამოიწვია, რაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს მოხდა, მაგრამ ორი წელია, ახალი ხელისუფლება არის ქვეყნის სათავეში და მის აღდგენას საუკუნეები ნამდვილად არ სჭირდება. მათი მტკიცებით, ასევე სასწრაფოდ არის აღსადგენი კვების ჰიგიენის ნორმებიც, რაც ახლა ლაბორატორიის დონეზეა აყვანილი და ამასთან დაკავშირებით სხვა არაფერი კეთდება. იქაც როგორ ხდება შემოწმებები, არავინ უწყისო. წინათ სანეპიდსადგურები გახსნილი იყო ყველა რაიონში და მათი წარმომადგენლები ამოწმებდნენ კვების ობიექტებს. გასაგებია, რომ იქ კორუფციული ფაქტები ხდებოდა, მაგრამ კორუფცია მოესპოთ და არა კონტროლი. ასეთ შემთხვევაში, მსგავსი ფორმებით მაინც აღარ მოიწამლებოდნენ ადამიანები, მაგრამ როგორც ვხედავთ, ამ სისტემის აღდგენაზე მეოცნებე მთავრობაც არ ფიქრობს და უცხოეთიდან ჯანმოს ელოდება, ვერცხლისწყალზე მოსწერს რეკომენდაციას, არ დაუშვათო, თუ სხვა მეტალზე. წესით და რიგით, ნორმალურ მთავრობას სხვისი რეკომენდაცია არც უნდა სჭირდებოდეს, ისე უნდა ზრუნავდეს ხალხის ჯანმრთელობაზე, მაგრამ...

ყველაზე მთავარი კი სრულიად სხვა რამეა, რის გამოც საქართველოს ჯანდაცვაში ჯანმო-ს რეკომენდაციები ვერ შესრულდება. ჯანდაცვის სამინისტრომ მთელი პასუხისმგებლობა კერძო კლინიკებს გადააბარა, სადაც ამ რეზოლუციების შესრულება, კლინიკის მეპატრონის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. რაც არ უნდა საგულისხმო რჩევა მისცეს სამინისტროს ჯანმომ, რაც არ უნდა საუკეთესო რეზოლუცია დაუწეროს, როცა სამედიცინო ობიექტები არის დამოუკიდებელი და ჯანდაცვის ორ რგოლს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებს, კონკურენციის, ავადმყოფების მზიდვისა და ფულის უკეთ კეთების გარდა, საინტერესოა, ჯანმოს რეკომენდაციების შესრულება მათ ვინ და როგორ უნდა მოსთხოვოს?! თუ არ მოსთხოვეს კიდევ, როგორ უნდა შესრულდეს?! მხოლოდ ქაღალდზე, როგორც ეს ხდებოდა და ხდება?! რა ძალები აქვს ჯანდაცვის სამინისტროს, კერძო ინვესტორების მერკანტილურ ინტერესებს წინ რომ აღუდგეს?! ესაა მთელი ჩვენი უბედურება, საიდანაც გამოდის ის, რომ სანამ სახელმწიფოს თავისი უფლებები არ ექნება სამედიცინო ობიექტებზე, ნორმალურ ჯანდაცვაზე არც უნდა ვიოცნებოთ.

ჯანმოს რეკოენდაციების ნუსხაში კიდევ ერთი საინტერესო მითითება-რეკომენდაცია აღმოვაჩინეთ. ეს გახლავთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის როლის გაძლიერება ძალადობის პრობლემის, განსაკუთრებით კი ქალების, ახალგაზრდა გოგონებისა და ბავშვების მიმართ დაძლევის საკითხში. არ ვიცი, ჯანმომ იცის თუ არა, რომ სწორედ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში უამრავი ქალი გახდა ძალადობის მსხვერპლი, ამ ფაქტების დიდი ნაწილი კი ფატალურად დასრულდა. საქმე ისაა, რომ ამ შემთხვევაშიც არ არსბეობს კანონმდებლობა, მოძალადე შესაბამისად რომ დაისაჯოს, ან წინასწარ შეძლოს ვინმემ, ქალს თავიდან აარიდოს მსგავსი პრობლემები. მეტიც, არ არსებობს კანონი, რომელიც საზოგადოებას ფსიქიკურად ავადმყოფი ადამიანებისგან სრულფასოვნად დაიცავს, ამიტომ მსგავსი ავადობის ადამიანები ქუჩაში თავისუფლად დაიარებიან და საფრთხეს უქმნიან მშვიდობიან მოქალაქეებს. ფსიქიატრიული საავადმყოფო დაანგრიეს, გაანადგურეს და ერთ პატარა სივრცეში ისე შეყუჟეს, თითქოს ამ მხრივ ქვეყანაში სერიოზული პრობლემა არ იყოს. ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები და თავად მინისტრი კი, როგორც სააკაშვილის დროს იყო, კერძო საავადმყოფოების გახსნითა და საძირკვლის ჩაყრით უფრო იღლება, ვიდრე ხალხისთვის რეალურ დახმარებაზე ზრუნვით. შეიძლება ცუდი შედარება გამომივიდეს, მაგრამ ქართულ ჯანდაცვაში უკვე იმდენი პრობლემაა, რამდენი თმაც აქვს ადამიანს თავზე. ეს ყველაზე უკეთ სწორედ საქართველოს ხელისუფლებამ იცის და სხვამ ამის გამოსასწორებლად რეკომენდაცია როგორ უნდა მისცეს, ესეც საინტერესოა. თუმცა ბოროტი ხმები იმასაც ამბობენ, რომ ჯანმოს რეკომენდაციებს ამ სტრუქტურის ჩინოვნიკები გემრიელად იყენებენ და თითოეულ რეკომენდაციაზე გრანტებიც აქვთ დათრეული. პროექტებში ახლობლები უსხედან და ფულს კარგად ჭრიანო. ამ ქვეყანაში ნამდვილად არ გამიკვირდება, ასეც რომ იყოს.

დაბოლოს, როგორ ასრულებს საქართველოს ჯანდაცვა ჯანმოს რეკომენდაციებს, როცა ქვეყანაში აღარ არსებობს საავადმყოფო, რომელსაც გადამდები დაავადებების დროს კარანტინის მიზნით გამოიყენებს? ემბოლას ვირუსულმა დაავადებამ მსოფლიო მოიცვა. საქართველოში კი იმ ქვეყნებიდან ჩამოდის ხალხი, სადაც ის მძვინვარებს. წესით და რიგით, ისინი სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებაში უნდა შეჰყავდეთ და კარანტინში ამყოფებდნენ, სხვასაც რომ არ გადასდონ რამე. გარკვეული პერიოდი იქ გაატარებინონ და თუ დაავადება არ აღმოაჩნდებათ, მერე მისცენ საზოგადოებაში გასვლის უფლება. ასე ვიქნებით დაზღვეული, ეს ვირუსი ჩვენთანაც რომ არ შემოვა და ქართველებსაც არ დაერევა, მაგრამ ამის გაკეთება არავის უნდა და ქარის წისქვილებს ებრძვიან. რატომ?! ეს კითხვა პასუხგაუცემელია. თუმცა ზუსტად არც ის არის ცნობილი, ვინ უნდა გასცეს პასუხი - ჯანდაცვამ?! პრემიერ-მინისტრმა?! პრეზიდენტმა? თუ კიდევ სხვა ვინმემ?!

წყარო: გაზეთი "პრემიერი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია