ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტები საქართველოში - 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები

ყველაზე მოთხოვნადი ფაკულტეტები საქართველოში - 2014 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები

უმაღლეს სასწავლებლებში ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად მიმართულებად ბიზნესის ადმინისტრირება რჩება. პოპულარულ სასწავლო პროგრამებს შორისაა ასეევე სამართალი და სოციალურ-პოლიტიკური მიმართულებები.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა აბიტურიენტების განაცხადების რაოდენობა პროგრამების მიხედვით. პოპულარულ სასწავლო პროგრამებსა და ტენდენციებთან დაკავშირებით "ამბები.გე" ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელს, სოფო დოლიძეს ესაუბრა. დოლიძე ამბობს, რომ აბიტურიენტთა განაცხადების მიხედივით, ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში იგივე რჩება და ყველაზე მოთხოვნადი ეკონომკიური პროფილის ფაკულტეტებია.

"მთავარი, რის მიხედვითაც ირკვევა მოთხოვნადი ფაკულტეტები და მიმართულება, არის ორი. ერთი - პირველი განაცხადის მიხედვით, სადაც აბიტურიენტის რეალური სურვილი ჩანს, რადგან რაც რეალურად უნდა აბიტურიენტს პირველ რიგში იმ პროგრამას წერს განაცხადში. ხშირად გვაქვს შემთხვევა, როდესაც მოქმედებენ პრინციპით, მთავარია გავხდე სტუდენტი და სულერთია, სად. იმის თქმა, რომ რადგან ძალიან ბევრმა აირჩია ესა თუ ის მიმართულება, ყველაზე მოთხოვნადია, არ იქნება სწორი. ძირითადად რეალურ სურათს ასახავს პირველი განაცხადი. პირველი განაცხადების მიხედვით, ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება წელს არის ბიზნესის ადმინისტრირება, აგრეთვე სამართალი, პოპულარულია სოციალურ-პოლიტიკური მიმართულებები, რეალურად საერთაშორისო ურთიერთობების გამო ხდება ეს, ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელში ამის გამო აბარებენ სტუდენტები. რაც შეეხება ზოგიერთ მიმართულებას, რომელიც იყო უფასო, შარშანდელთან შედარებით უფრო მეტმა აბიტურიენტმა გააკეთა განაცხადი უფასო მიმართულებებზე. ძალიან კარგია, რომ ეს ინიციატივა მუშაობს, იმიტომ რომ ეს მიმართულებები არ უნდა დარჩეს სტუდენტების გარეშე",-ამბობს დოლიძე.

ცენტრის ვებგვერდზე ასევე გამოქვეყნდა ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკური ანალიზიც. რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ პირველადი მონაცემებით, ქართულ ენასა და ლიტერატურაში მინიმალური ზღვარი აბიტურიენტთა 94.60%-მა გადალახა. მათ შორის ვარიანტების მიხედვით 0-20 ქულამდე აბიტურიენტთა დაახლოებით 4- 8 პროცენტმა მიიღო, 21-40 ქულა- 23 -31 % -მა, 41 -60 ქულა - 42 -50% -მა, 61-80 ქულა 17 – 22 %-მა. გამოცდაზე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ქულა 80 იყო.

ფიზიკაში პირველადი მონაცემებით, მინიმალური ზღვარი აბიტურიენტთა 57.6%-მა გადალახა. რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ფიზიკაში აბიტურიენტთა 48.2 პროცენტმა 0-20 ქულამდე მიიღო, 21-40 ქულა 34.7 %-მა, 41 -60 ქულა 12.3% -მა, 61-75 ქულა კი 4.8 %-მა. გამოცდაზე დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ქულა 73 იყო.

მათემატიკაში პირველადი მონაცემებით, მინიმალური ზღვარი აბიტურიენტთა 77.7%-მა გადალახა. მათ შორის 0-20 ქულამდე ვარიანტების მიხედვით აბიტურიენტთა დაახლოებით 40- 45 პროცენტმა მიიღო, 21-40 ქულა 44-48 %-მა, 41 -59 ქულა კი 9-10% -მა. გამოცდაზე დაფიქსირებული მაქსიმალური ქულაა 59.

ზოგადი უნარების გამოცდის პირველადი მონაცემებით, მინიმალური ზღვარი აბიტურიენტთა 88.76%-მა გადალახა. ვარიანტების მიხედვით, აბიტურიენტთა დაახლოებით 4-7 პროცენტმა 0-20 ქულამდე მიიღო, 21-40 ქულა 49-56 %-მა, 41 -60 ქულა 30-34% -მა, 61-80 ქულა 6-11 %-მა. გამოცდაზე დაფიქსირებული მაქსიმალური ქულა 80 იყო.

რაც შეეხება უცხო ენებს, აბიტურიენტებმა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ უცხო ენების გამოცდაზე აჩვენეს, სადაც პირველადი მონაცემებით, მინიმალური ზღვარი აბიტურიენტთა 90.60%-მა გადალახა.

მათ შორის ვარიანტების მიხედვით, ინგლისურ ენაში 0-20 ქულამდე მიიღო აბიტურიენტთა დაახლოებით 6-10 პროცენტმა, 21-40 ქულა 32-33 %-მა, 41 -60 ქულა 18-20% -მა, 61-80 ქულა 18-20 %-მა, 81-100 ქულა -16-19%-მა.

მაქსიმალური ქულა კი რომელიც უცხო ენების გამოცდაზე დაფიქსირდა, 100 ქულა იყო.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები 23 აგვისტოს გახდა ცნობილი. გამოცდებში მონაწილე 35 500 აბიტურიენტიდან სტუდენტი 26 000-ზე მეტი გახდა. 9000-ზე მეტი აბიტურიენტი კონკურსს გამოეთიშა და ჩარიცხვებში მონაწილეობა ვერ მიიღო.

ნათია ლეშკაშელი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია