"ლაღიძის წყლების" შთამომავლები "აჭარულები ლაღიძეზე" კაფეს მფლობელის წინააღმდეგ

 "ლაღიძის წყლების" შთამომავლები "აჭარულები ლაღიძეზე" კაფეს მფლობელის წინააღმდეგ

რუსთაველის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ ახალი კაფე "აჭარულები ლაღიძეზე" ძველი "ლაღიძის წყლების" ადგილზე გაიხსნა. მიტროფანე ლაღიძის შთამომავლები ახალი კაფის გახსნას მიუღებლად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მათ მფლობელს უჩივლებენ.

"ამბები.გე" დაუკავშირდა მიტროფანე ლაღიძის შთამომავლებს. როგორც მაკა ლაღიძე აცხადებს, ოჯახს უკვე მზად აქვს სარჩელი, რომელსაც სასამართლოში უახლოეს ხანში შეიტანს.

"ეს ადამიანი არის თვითმარქვია თაღლითი. ეს კაცი ასხამს წყლებს "ლაღს" და ამბობს, რომ ეს არის ლაღიძე. ის სარგებლობს მიტროფანე ლაღიძის სახელით და გვარით და ატყუებს ხალხს, რადგან ეს რეალურად არის ფალსიფიკაცია. ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ჩვენზე. ისინი ჩვენ დაგვიკავშირდნენ და პოსტფაქტუმ გვითხრეს, რომ რემონტი გავაკეთეთ და გვინდა ლაღიძის წყლებიო, რაზეც კატეგორიული უარი ვუთხარით", - განაცხადა მაკა ლაღიძემ.

მისი თქმით, ადამიანს, რომლებმაც იჯარით აიღო ფართი რუსთაველზე, შეეძლო გაეხსნა სახინკლე, საქაბაბე ან თუნდაც სხვა რამ, მაგრამ არა ლაღიძის წყლები.

"ჩვენ არ ვიყავით საქართველოში და როდესაც ჩამოვედით, გავოცდით და ვნახეთ სიუჟეტები, ძველი კადრებით ხალხი როგორ დადის ძველ ლაღიძეში, ეს კადრები აქვთ გამოყენებული. ძალიან სამწუხაროა", - აცხადებს ლაღიძის შთამომავალი.

მისი თქმით, კონკრეტულმა ბიზნესმენმა ხალხი შეცდომაში შეიყვანა.

მაკა ლაღიძის ინფორმაციით, თბილისის ახალი მერი დავით ნარმანია მათ დაპირდა, რომ დაეხმარებოდა იმ ტერიტორიის დაბრუნებაში, რომელიც წლების წინ მიტროფანე ლაღიძეს ეკუთვნოდა.

"ახალი მერიც ძალიან მონდომებულია, დაგვიკავშირდა, გვითხრა, რომ დაგვეხმარება და დაუბრუნებს თბილისს ნამდვილ და ძველი ლაღიძის წყლებს", - აცხადებს მაკა ლაღიძე.

მისი თქმით, ფართი, სადაც ძველად "ლაღიძის წყლები" იყო, მიტროფანე ლაღიძეს ეკუთვნოდა, თუმცა მთავრობამ წაართვა და აღნიშნულთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს სასამართლო დავა.

"წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ მოხდა ამ ისტორიული ძეგლის ოჯახისთვის ჩამორთმევა. პრეზიდენტის ხელმოწერით მოხდა ამის გაყიდვა. იყო უამრავი მუქარები. სასამართლოში შეტანილი გვქონდა სარჩელი და არ იხილებოდა. მოვიდა ახალი მთავრობა და იმედია სამართალი იზეიმებს", - ამბობს მაკა ლაღიძე.

ლაღიძის შთამომავლები აცხადებენ, რომ ძველ ადგილზე არა ახალი კაფე, არამედ ძველი ლაღიძე უნდა აღდგეს.

"ამბები.გე" დაუკავშირდა შპს "გუდფუდის" დირექტორს ვახტანგ ათაბეგაშვილს, რომელსაც ეკუთვნის კაფე. იგი აცხადებს, რომ გაიხსნა ახალი კვების ობიექტი, რომელსაც ქვია "აჭარულები ლაღიზეძე" და მას არანაირი კავშირი არ აქვს სააქციო საზოგადოება ლაღიძესთან.

"ჩვენ მათ სახელს არ ვიყენებთ, არსად ჩვენს ტერიტორიაზე მათი სახელი გამოყენებული არ არის. ყველა მომხმარებელს, რომელიც გვეკითხება, ჩვენ ვუხსნით, რომ ეს არის "აჭარულები ლაღიძეზე" და აქ არის გამოყენებული სხვა კომპანიის სიროფები. ეს არის შპს "ლაღი". შესაბამისად, ჩვენი მხრიდან მათი სახელის მითვისებას არ აქვს ადგილი", - აცხადებს ვახტანგ ათაბეგაშვილი.

იგი ამბობს, რომ მიტროფანე ლაღიძის შთამომავლებს შეხვდა და მათ სთხოვა, რომ მათი სიროფების გამოყენების ნებართვა მიეცათ, თუმცა ოჯახისგან უარი მიიღო.

"ამის შემდეგ გავხსენით ეს კაფე და შემოვიტანეთ სხვა კომპანიის წყლები, ამას ჩვენ არ ვმალავთ. მე მგონი, ეს დანაშაული არ არის. შენობა იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ჩვენ ავიღეთ იჯარით, გავარემონტეთ და გავხსენით კაფე. ეგ შენობა იყო ისეთ მდგომარეობაში, რომ ჭერი როდის ჩამოიქცეოდა არავინ იცოდა, ფაქტობრივად ინგრეოდა. ჩვენ აღვადგინეთ და შევინარჩუნეთ", - აცხადებს "გუდფუდის" დირექტორი.

მისი თქმით, ობიექტში იყიდება ხაჭპურები და შპს "ლაღის" წყლები.

რაც შეეხება აბრას, ათაბეგაშვილი აცხადებს, რომ აბრა დამზადების პროცესშია და რამდენიმე დღეში კაფეზე გაკეთდება წარწერა "აჭარულები ლაღიძეზე".

"გუდფუდის" დირექტორი ამბობს, რომ მას ჰქონდა სურვილი აქ აღედგინა ლაღიძის წყლები, თუმცა მიტროფანე ლაღიძის შთამომავლებმა უარი უთხრეს.

"თუ ლაღიძის წყლებს დააბრუნებენ, მე პირადად ძალიან მოხარული ვიქნები", - აღნიშნა ათაბეგაშვილმა.

თეა ბითაძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია