პრეზიდენტი: მზად ვარ, წავიდე მოსკოვშიც, სხვა ქალაქშიც, სადაც აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი განიხილება

პრეზიდენტი: მზად ვარ, წავიდე მოსკოვშიც, სხვა ქალაქშიც, სადაც აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი განიხილება

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მზად არის, წავიდეს მოსკოვშიც და სხვა ნებისმიერ ქალაქში , სადაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხები განიხილება და არა – მაგალითად, სტალინის ბავშვობა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ლონდონში, საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტში გამართულ პრესკონფერენციაზე დასამული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

Chatham House-ში ერთ-ერთმა გამომსვლელმა გიორგი მარგველაშვილს ჰკითხა, თუ რატომ ეძებს საქართველო დასავლეთის პროტექციას და არ ცდილობს, რუსეთთან მოლაპარაკებებს.

"ჩვენ ვსაუბრობთ რეალურ საკითხებზე, რომელიც აუცილებელია გადაიჭრას რუსულ მხარესთან ერთად იმ გზავნილით, რომ ჩვენ მართლა არ გვესმის, რატომ ახორციელებს ძლიერი, ბირთვული სახელმწიფო ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას და როგორ ვიპოვოთ გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან. რა თქმა უნდა, წავალ მოსკოვშიც და სხვა ნებისმიერ ქალაქშიც, სადაც ეს საკითხები იქნება განხილული. მაგრამ თუ ჩვენ მაგალითად, სტალინის ბავშვობაზე ვისაუბრებთ, არა მგონია, რომ ასეთი საკითხები პრეზიდენტების დონეზე უნდა განვიხილოთ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებამ არავის მოუტანა სარგებელი, მათ შორის არც რუსეთს და არც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს.

"კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ თუ ჩვენ ვისაუბრებთ იმ ხედვებზე, როგორ გამოვიდეთ შექმნილი რთული სიტუაციიდან, რომელიც საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის შედეგად შეიქმნა და, რომელსაც არავისთვის მოუტანა სარგებელი, მათ შორის არც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებლებს, არც რუსეთს და არც საქართველოს, მაშინ რა თქმა უნდა, თანახმა ვარ ამ საკითხების განსახილველად", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

რაც შეეხება დასავლეთისკენ სწრაფვას, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო ცდილობს, გახდეს იმ მსოფლიოსა და ცივილიზაციის ნაწილი, რომელსაც ის ეკუთვნის. მისივე თქმით, საქართველო არ ცდილობს, იყოს რუსეთთან კონფრონტაციაში.

"საქართველოს სურს, გახდეს იმ ოჯახის ნაწილი, რომელსაც არსებითად და ოდითგანვე ეკუთვნოდა. ჩვენ ვიზიარებთ ევროპელი ხალხის ფასეულობებსა და ხედვებს, ჩვენ ამის თავისუფალი არჩევანი გვაქვს და ეს არ არის არჩევანი რუსეთის წინააღმდეგ. საქართველოს ევროპული ოჯახის, ნატო-ს წევრობა რუსეთისთვის სარგებლის მომტანი იქნება და არა – საფრთხის. ჩვენ არ ვეძებთ პროტექციას რუსეთის წინააღმდეგ, ჩვენ ვცდილობთ ჩვენი რეგიონის სტაბილიზებას", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა