"თუ მასწავლებლის პროფესია არ გახდება პრესტიჟული, კატასტროფას მივიღებთ!"

"თუ მასწავლებლის პროფესია არ გახდება პრესტიჟული, კატასტროფას მივიღებთ!"

ისტორიკოს ნუგზარ მოლაშვილს საგანმანათლებლო წრეში ბევრი იცნობს და პატივს სცემს. წლების განმავლობაში ვეკუას სახელობის 42-ე სკოლის ისტორიის პედაგოგი იყო, ყველასთვის საყვარელი და ავტორიტეტული. დღეს 210-ე საჯარო სკოლის დირექტორია. მისი რეგალიებისა და ტიტულების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ”ღირსების ორდენის” კავალერი, ”ისტორიის მასწავლებელთა თბილისის კავშირის თავმჯდომარე, საბავშვო წიგნებისა და ტესტების ავტორი,… უაღრესად განათლებული და კარგი ორატორია. სწორედ მისი დიდი გამოცდილება და დამსახურებები გახდა მიზეზი, რომ ინტერვიუ გვეთხოვა, რაზეც მოკრძალებულად დაგვთანხმდა და თავისი აზრები გაგვიზიარა დღევანდელ სკოლასთან დაკავშირებით:

- ბატონო ნუგზარ, წლებია, სკოლაში მუშაობთ. თუნდაც ბოლო წლების განმავლობაში, რა შეიცვალა სკოლაში დადებითისკენ და რა უარესობისკენ?

- ყველაზე კარგი, რაც ბოლო ხანებში სკოლებში ხდება, სკოლების კომპიუტერიზაციაა, თუმცა, ზოგის აზრით, ამან მოსწავლეებზე უარყოფითად იმოქმედა: იგი ჩამოშორდა წიგნს.

რაც შეეხება უარყოფითს, სკოლის ძირითადი პრობლემა სააღმზრდელო პროცესის არარსებობაა, აღარ მეგობრობენ კლასელები, მათი მშობლები (თუ არ ჩავთვლით "პრესტიჟულ" სკოლებს).

- თუ წიგნების თემას გავაგრძელებთ, როგორ უნდა მოვაცილოთ ბავშვი კომპიუტერსა და ტელევიზორს, როგორ უნდა დავაინტერესოთ სწავლით?

- ბავშვი კომპიუტერსა და ტელევიზორს კი არ უნდა მოვაცილოთ, არამედ უაზრო გადაცემებს.

გასულ საუკუნეებში წიგნიც ეგონათ ჯანმრთელობისთვის საზიანო, თუმცა, ინტერნეტშიც და ტელევიზიაშიც უამრავი შემეცნებითი და სასწავლო პროგრამაა და თუ მათ სწორად გამოვიყენებთ, ამაში ცუდი არაფერია...

- თვითონ ბავშვებში რა ცვლილებებს ხედავთ? როგორი თაობა მოდის?

- ადრე ამბობდნენ, რა ნაკითხი, რა ზრდილობიანი ბავშვიაო. ახლა "ყბადაღებული" სიტყვა - "წარმატებული" აგვეკვიატა: ეკრანზე ვხედავთ თანამდებობის პირს, რომელიც "გვმოძღვრავს" და თან გვიყვება, როგორ იპარებოდა სკოლიდან, როგორ აბრაზებდა მასწავლებლებს... ეს "წარმატებულობის" პირობაა? არა მგონია, ასე იყოს.

- ხშირად საუბრობენ პედაგოგების კომპეტენციაზე, მოტივაციაზე, მომზადების დონეზე. ამაზე რას იტყვით? თუ არის პრობლემის მოგვარება მასწავლებლების სერტიფიცირება ან სხვა რა გზა არსებობს ამისთვის?

- ასეთი კითხვა მიჩნდება: საქართველოს აქვს რესურსები, რათა დააკომპლექტოს 2000-ზე მეტი საჯარო და თითქმის ამდენივე კერძო სკოლა? ხომ არ ხვდებიან სკოლებში შემთხვევითი პირები? არის მასწავლებლობა პრესტიჟული? ბოლო 20-25 წლის განმავლობაში სასწავლო ოლიმპიადებსა და კონკურსებზე გამარჯვებულ მოსწავლეთა რამდენი პროცენტი მოინდომებდა მასწავლებლობას? ნული! რამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა ეუფლება უცხოეთში ამ პროფესიას? ნული! ნული! ნული!

მოტივაცია? პედაგოგის ხელფასი უნდა იყოს გამგებლის ან საკრებულოს თავმჯდომარის, სკოლის დირექტორისა კი - გუბერნატორის ან მერის ხელფასის ტოლი.

კვლავ ვიმეორებ, თუ მასწავლებლის პროფესია არ გახდება პრესტიჟული და მაღალანაზღაურებადი, რათა სკოლაში მოიზიდოს საუკეთესო კადრები, ნახევარი საუკუნის შემდეგ კატასტროფას მივიღებთ!

არის საზოგადოების მიდგომის პრობლემაც: ანაზღაურებით მასწავლებელი არასდროს ყოფილა გამორჩეული, მაგრამ საზოგადოების პატივისცემა არასდროს აკლდა.

- რამდენიმე სიტყვით ჩამოაყალიბეთ, რა არის სკოლა და რა დატვირთვა აქვს მას დღევანდელ საზოგადოებაში?

- არ მოგვწონს საზოგადოება? - არ ვარგა სკოლა! არ მოგვწონს ხელისუფლება? - არ ვარგა სკოლა! არ მოგვწონს საკუთარი თავი? - მიზეზს სხვაში ვეძებთ!..

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია