''მედიასივრცე კულტურის სფეროს ჟურნალისტთა ტოტალურ დეფიციტს განიცდის''

''მედიასივრცე კულტურის სფეროს ჟურნალისტთა ტოტალურ დეფიციტს განიცდის''

''პირველი არხის'' დირექტორის მოადგილე მაუწყებლობის დარგში გოგა ჩართოლანი ერთ-ერთი საუკეთესო მოსაუბრეა თეატრალური, ჟურნალისტიკისა და ტელევიზიის სფეროში არსებულ პრობლემურ საკითხებზე. მას შექმნილ რეალობაზე სასაუბროდ ვეწვიეთ...

- ბატონო გოგა, სანამ ტელევიზიაში მუშაობის მრავალწლიან სტაჟზე გკითხავთ, საუბარი დავიწყოთ თქვენი პროფესიით. თეატრმცოდნე ხართ და მუშაობდით ჟურნალში ''თეატრი და ცხოვრება''. გაიხსენეთ ეს პერიოდი...

- ამ ჟურნალში მუშაობა 1991 წელს დავიწყე, როდესაც მოსკოვიდან თბილისში დავბრუნდი. დაახლოებით 2 წლის შემდეგ გაჩნდა ფინანსური კრიზისი და იგეგმებოდა რეორგანიზაცია. ერთ-ერთ თანამშრომელს სამსახური უნდა დაეტოვებინა და მთავარ რედაქტორს, ბატონ გურამ ბათიაშვილს შევთავაზე, რომ მე წავიდოდი სამსახურიდან და არ გაეთავისუფლებინა, ანუ შემცირებაში არ მოყოლილიყო ის თანამშრომელი, რომელიც გაცილებით ადრე და დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ჟურნალში. ''თეატრსა და ცხოვრებაში'' პუბლიცისტიკის განყოფილებას ვხელმძღვანელობდი და ეს იყო ძალიან კარგი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. იმ დროს ჟურნალი საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი იყო. მანამდე მას ''თეატრალური მოამბე'' ერქვა და ძველი სახელი სწორედ იმ დროს აღიდგინა. ''თეატრი და ცხოვრება'' თავის დროზე იოსებ იმედაშვილის დაარსებული იყო ქართულ ბეჭდურ მედიაში. მახსოვს, მივლინებით ვიყავი ბალტიისპირა ქვეყნებში, რომლებიც ახალი გამოსულნი იყვნენ საბჭოთა სივრციდან და მქონდა სამი ინტერვიუ სამი ქვეყნის - ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან, რომლებიც მაშინდელ ''თეატრსა და ცხოვრებაში'' დაიბეჭდა. ჩვენთვის ყველა კარი ღია იყო.

სამწუხაროდ, თანდათანობით, ბევრი ობიექტური და შეიძლება ითქვას, სუბიექტური მიზეზის გამო, ამ შემთხვევაში გურამ ბათიაშვილს არ ვგულისხმობ, არამედ მთელ თეატრის მიღვაწეთა კავშირს, ვერ მოხერხდა ამ ერთადერთი ჟურნალის იმ რანგში აყვანა, რომ ის მორგებოდა თა-ნამედროვე ბეჭდური გამოცემის სტანდარტებს.

- როგორც ვიცი, ეს ჟურნალი ორ თვეში ერთხელ გამოდის, ზოგჯერ ვერც ამ ინტენსივობით და მასში ძირითადად სტუდენტების რეცენზიები იბეჭდება...

- ფინანსური კრიზისებიდან გამომდინარე, ორ-სამ თვეში გამოდის და ძირითადად სტუდენტები წერენ, ან რამდენიმე ენთუზიასტი ჩემი კოლეგა. პრობლემა ისაა, რომ ჰონორარს ვერ იხდიან. თეატრმცოდნეობა პროფესიაა და არა ჰობი, ამიტომ შესაბამის ანაზღაურებას უნდა იღებდე. რეცენზიის წერა შრომაა. ანაზღაურების გარეშე წერა პროფესიის ერთგვარი შეურაცხყოფაა. ამ ჟურნალში პირველი კურსიდან ვიბეჭდებოდი და ჰონორარს ვიღებდი. რა თქმა უნდა, სტუდენტს საწყის ეტაპზე უხარია, სტიმულია, რომ პუბლიკაცია აქვს; ეს მისთვის ბიოგრაფიული მომენტი და ისტორიაა, მაგრამ ის უნდა იღებდეს შესაბამის ანაზღაურებას შრომაში. თითქმის ყველა ავტორი იკავებს თავს წერისგან, მეც არაერთი შემოთავაზება მქონდა ბატონი გურამისგან, მაგრამ ამ ასაკში და უკვე პროფესიონალს დრო მენანება. მრავალი წელია თეატრის მოღვაწეთა კავშირის წევრი არ ვარ, თავის დროზე შეგნებულად დავტოვე ის, რადგან არ მომწონდა, რომ რეფორმები არ ტარდებოდა. გული მტკივა, რომ ''თეატრი და ცხოვრება'' დღეს არ არის თანამედროვე - მარტივი სიტყვით რომ ვთქვათ.

წელიწად-ნახევრის, თუ ორი წლის წინ თეატრის მოღვაწეთა კავშირში იყო შეკრება ამ ჟურნალის პერსპექტივასთან დაკავშირებით, სადაც საკმაოდ მკვეთრად გამოვთქვი ჩემი მოსაზრება. ეს ბატონმა გურამმაც იცის და სხვებმაც, მე არასდროს არაფერი მაქვს დაფარული, ამიტომ რასაც ახლა ვამბობ, არ არის უცხო და არასაჯარო.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია