რასმუსენი - ნატო-ს ლიდერები საქართველოსთვის გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის გადაცემაზე შევთანხმდით

რასმუსენი - ნატო-ს ლიდერები საქართველოსთვის გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის გადაცემაზე შევთანხმდით

ნატო-ს ლიდერები შეთანხმდნენ საქართველოსთვის გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტის გადაცემაზე. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა უელსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ შევთანხმდით საქართველოსთვის გაძლიერებული ზომების პაკეტის გადაცემაზე, რომელიც საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის მომზადებაში დაეხმარება", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

მისივე თქმით, მჭიდრო თანამშრომლობისა და ამ ქვეყნების თხოვნის გათვალისწინებით, ნატო-ს ლიდერები შეთანხმდნენ საქართველოს, იორდანიისა და მოლდოვასთვის თავდაცვითი შესაძლებლობების შექმნის ინიციატივის გაფართოვებაზე.

როგორც პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, ღია კარის პოლიტიკა ნატო-ს წევრობის საწინდარია და ალიანსის კარი ღია რჩება.

"თითოეული ქვეყნის ნატო-ში წევრობა განიხილება მისი კონკრეტული მიღწევების საფუძველზე. არანაირ მესამე ქვეყნებს არ ექნებათ უფლება ნატო-ს გაფართოებაზე ვეტოს დადების. ყველა კანდიდატს მოუწევს კიდევ უფრო მეტი გააკეთოს სხვადასხვა სფეროში და ჩვენ უზრუნველყოფთ მათ იმ მხარდაჭერით, რომელსაც ისინი საჭიროებენ", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ გუშინ უკვე განმარტა ის პუნქტები, რომლებიც ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლას გულისხმობს.

"ნატო-საქართველოს პაკეტი პრაქტიკულად შეთანხმებულია ალიანსის წევრებთან, რომელიც ითვალისწინებს, საქართველოში გაიხსნას ნატო-სთან ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი, სადაც მოემზადებიან ნატოელი და პარტნიორი სამხედრო ქვედანაყოფები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში წარმოგზავნილი იქნება ნატო-ს სამხედრო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად გაუწევს შემუშავებული პაკეტის განხორციელებას, ცხოვრებაში გატარებას კონტროლს. მესამე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ნატო თანხმდება, საქართველოს თავდაცვითი შეიარაღების გაძლიერების, მოწოდების, შესყიდვის კუთხით მხარდაჭერა აღმოუჩინოს, რათა საქართველოს ჰქონდეს საშუალებები, თავი დაიცვას აგრესიის შემთხვევაში. ასევე გვითხრეს, რომ საქართველო გადადის ახალ ლიგაში", - განაცხადა ალასანიამ.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა