არ მინდა მოვატყუო საზოგადოება, რომ MAP-ი არ დაგვჭირდება - გიორგი მარგველაშვილი

არ მინდა მოვატყუო საზოგადოება, რომ MAP-ი არ დაგვჭირდება - გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატოს სამიტზე საქართველოს მიღწევებით კმაყოფილია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ აქ მოვდიოდით იმ სამი ძირითადი მიზნიდან გამომდინარე, რომლის თაობაზე ხშირად გვქონდა საუბარი ქართულ აუდიტორიასთან. ეს ეხება ჩვენი ქვეყნის დაცულობას, იმ საშუალებებს, რომლებიც უფრო მდგრადს გახდის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. პირველი მიზანი, რაც მდგომარეობდა იმაში, რომ უნდა მომხდარიყო აქამდე განხორციელებული გზის, სამუშაოს აღიარება, ნამდვილად იქნა მიწეული. ჩვენ მართლა ბევრი სტანდარტი დავაკმაყოფილეთ ჩვენი ნატოელი მოკავშირეების. პირველ რიგში, საქართველოში განხორციელდა დემოკრატიული რეფორმები, ასევე ძალიან აქტიური იყო ის რეფორმები, რაც მიმდინარეობდა თავდაცვის სისტემებში და ჩვენ ჯარში. მათი შრომის შედეგად მოხდა იმის აღიარება, რომ საქართველოსა და ნატოს შორის არის უაღრესად გაფართოებული, ინტენსიური თანამშრომლობა და ეს თანამშრომლობა იქნა აღიარებული, რადგან ჩვენ გადავედით ნატო-ს მოკავშირეების იმ ჯგუფში, რომელიც არის თვისობრივად უფრო მაღალი. ჩვენ ვართ ახლა, ფინეთთან, შვედეთთან, იორდანიასთან, ავსტრალიასთან ერთად, ცალკე ჯგუფში იმ პარტნიორებისა, რომელთა თავდაცვის სისტემები უაღრესად დაახლოებულია ნატოსთან. ბუნებრივია, ეს არის იმ 11 000 ჯარისკაცის მიღწევა, რომელმაც თავისი სიცოცხლის და გმირობის ფასად საქართველო ასე გასწია წინ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, მეორე მიზანი იყო ნატოს წევრობისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი მტკიცე ნაბიჯის გადადგმა და საქართველოს დღეს აქვს თანამშრომლობის მექანიზმები, რომელთა გაღრმავებითაც საქართველო, ფაქტობრივად, ნატო-ს სტანდარტებს მიაღწევს. რაც შეეხება მესამე მიზანს, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მდგომარეობდა იმაში, რომ დღესვე, სანამ გავხდებით ნატოს წევრები, მიგვეღო მეტი დაცულობა და უსაფრთოება რეგიონში.

"ეს მიზანიც მიღწეული იქნა იმ პაკეტის მეშვეობით, რომელიც არის ნატოს მეტი აქტიურობა საქართველოში და საქართველოს მეტი აქტიურობა ნატოში", - დასძინა გიორგი მარგველაშვილმა.

რაც შეეხება MAP-ის მიღების საკითხს, გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ იმ საშუალებების განვითარებით, რომელიც საქართველომ უელსის სამიტის ფარგლებში მიიღო, რეალურად მივაღწევთ იმ დონეს, რომელსაც ქვეყნები გაწევრიანების სამოქმედო გეგმის საშუალებით აღწევდნენ.

"მაგრამ მე არ მინდა მოვატყუო საზოგადოება და ვთქვა, რომ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ MAP-ი არ დაგვჭირდება _ შესაძლოა, ჩვენ არ დაგვჭირდეს, თუმცა დღევანდელ ეტაპზე ვერ ვიტყვით, რომ MAP-ი არასდროს იქნება საჭირო. შეიძლება ასეც იყოს, შეიძლება MAP-ი დარჩეს, როგორც მოთხოვნა. ასეც რომ დარჩეს, ჩვენ გვექნება მთელი შინაარსობრივი ნაწილი ამ მექანიზმით გავლილი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა