ვანის რაიონის სოფელ ფერეთაში შემზარავი დანაშაული მოხდა - გვიან ღამით სამი ნიღბიანი პირი არველაძეების სახლში შეიჭრა. თავდამსხმელებმა დედას სამართებლით დაუსერეს სახე, მის მცირეწლოვან მძინარე ბავშვს კი ცხელი უთოთი დაუწვეს კიდურები. დამნაშავეები ფულსა და ძვირფასეულობას ითხოვდნენ. მათ დაზარალებულის სახლიდან ოქროს ნივთები და კლავიშებიანი სინთეზატორი "იამაჰა" წაიღეს.
ნაწამები ქალის თქმით, ერთ-ერთმა მძარცველმა"მისი ბიძაშვილის სახელი ახსენა, რომელმაც, სავარაუდოდ, დამნაშავეებს ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დამნაშავეები დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაულში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი ალექსანდრე რ. მართლაც დაზარალებული ოჯახის ნათესავია, რომელმაც იანვარში ქეთევან არველაძის სახლიდან ციფრული ფოტოაპარატი მოიპარა.
ქეთევან არველაძე, დაზარალებული:
- იმ საღამოს მე და ჩემი 4 წლის შვილი მარტო ვიყავით სახლში. 10 საათი იქნებოდა, ახალი ჩაძინებული ვიყავი, როდესაც ვიგრძენი, რომ ვიღაცამ პირზე ხელი დამაფარა - სუნთქვა შემეკრა, და ამან გამომაღვიძა. დავინახე ნიღბიანი, რომელმაც მითხრა, არ დაიყვიროო. წამოვჯექი - რა გინდა-მეთქი. იმან კი, ფულიო, - მითხრა. ხელში მგონი სამართებელი ეჭირა. რომ ვერ გამომტეხა, სახეზე ათჯერ მაინც დამისვა. ოქროული გამოვიტანე და მივეცი. ფულსაც მოითხოვდნენ, მაგრამ რაც არ მქონდა, რას მივცემდი, მერე იმ გარეწრებმა ბავშვისთვის თვალებზე ხელი დამაფარებინეს და ხელებზე ცხელი უთო დაადეს. მძარცველებმა დაახლოებით 15 წუთში დაასრულეს საქმე და გაიქცნენ.
- რამდენი იყვნენ?
- სახლში ორი შემოვარდა, ამბობენ, ორიც გარეთ იყოო. მეზობლებმა თქვეს, არავინ დაგვინახავსო.