7 სექტემბერს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრებმა ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. შესარჩევი ეტაპის გახსნითი მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართა. მატჩს დაახლოებით 30 000 გულშემატკივარი ესწრებოდა.
მატჩის დასრულების შემდეგ ერთ-ერთი გულშემატკივარი Facebook-ზე იმ ინციდენტის შესახებ წერს, რომელიც, მისი თქმით, სტადიონზე, თამაშის დაწყებამდე 20 წუთით ადრე მეორე იარუსზე მოხდა. თვითმხილველის თქმით, პოლიციამ 27-29-ე სექტორების შესასვლელთან პოლიციამ სასტიკად ცემა მამაკაცი, რომელსაც ხელში მცირეწლოვანი ბავშვი ეჭირა.
Facebook/ Kakha Uriadmkopeli:
"დღეს ალბათ სხვებიც შეესწარით სტადიონზე მომხდარ ერთ ძალიან ცუდ ფაქტს...
თამაშის დაწყებამდე 20 წუთით ადრე მეორე იარუსის დაახლოებით 27-29-ე სექტორების შესასვლელთან პოლიციამ სასტიკად ცემა მამაკაცი, რომელსაც ხელში მცირეწლოვანი ბავშვი ეჭირა.
მამაკაცი ბავშვით ხელში სექტორის შესასვლელ კიბეზე იდგა. ალბათ ეს მისი სექტორი არ იყო, რის გამოც არ უშვებდნენ და ამას მოყვა შელაპარაკება, მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო მიზეზი, არაფერი ამართლებს იმას, რაც ამის შემდეგ მოხდა.
პოლიციელმა მამაკაცს, რომელსაც დაახლოებით 3-4 წლის ბავშვი ხელში ეჭირა, გამეტებით დაარტყა მუშტი. კაცი კიბეზე წაბორძიკდა, მაგრამ შეეცადა ბავშვთან ერთად არ წაქცეულიყო, თუმცა მეორე დარტყმას ვეღარ გაუძლო და ბავშვთან ერთად დაეცა. დაცემულს მივარდა 5, შემდეგ 10, შემდეგ ალბათ 30 შსს-ს თანამშრომელი. ვიღაცამ მოასწრო ბავშვის გამოყვანა. დაცემული კაცის გარშემო კი პოლიციელთა ისეთი ხროვა შეიკრიბა, რომ მისი წესივრად დანახვა უკვე შეუძლებელი იყო. ხალხი რომელიც გაშველებას ცდილობდა, პოლიციელთა ჯგრომ უპრობლემოდ ჩამოიცილა. პოლიციელები იგინებოდნენ, იმ კაცისგან კი მხოლოდ ერთი გავიგე - "იძი ნა *უით". შეიძლება მანამდე უფრო მწარედაც შეიგინა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, ბავშვს რომ ხელიდან გაგაგდებინებს ათეულობით "სამართალდამცველი" და გამეტებით გირტყამს, რთულია ნერვებმა არ გიმტყუნოს.
ერთმა პოლიციელმა დაიყვირა - ხელები გადაუგრიხეთო და გადაუგრიხეს კიდეც და ხელებგადაგრეხილს ისევ ურტყამდნენ ხელებითაც და ფეხებითაც. შემდეგ გაათრიეს და ალბათ განყოფილებაშიც წაიყვანეს.
ხალხის კითხვაზე, თუ რატომ აკეთებდნენ ამას, პასუხი (უფრო ყვირილი) მარტივი იყო - გაიარეთ, თქვენი საქმე არაა.
ბავშვი კი ამ დროს ტიროდა (ოპტიკური სათვალეები ეკეთა და კიდევ კარგი ჩხუბის დროს ზედ არ შეატყდა), ოდნავ გამოვიყვანეთ იმ ადგილიდან და მოვატყუეთ, მამა ნაყინის საყიდლად წავიდაო. კიდევ კარგი იქვე მამამისის მეგობარი გამოჩნდა და ბავში ჩაიბარა.
არცერთი, არცერთი პოლიციელი არ მოსულა და არ უკითხავს ბავშვის ბედი!!!
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სანამ ასეთი ხალხით გეყოლებათ გავსებული თქვენი რიგები, მანამ არ იქნება თქვენს მიმართ ნდობა. იქნებ აუხსნათ თქვენს თანამშრომლებს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს არ იძველბიჭონ, არ იგინონ, არ იქნიონ მუშტები და წიხლები და ჰქონდეთ ნებისყოფა, რომ უკმაყოფილო მოქალაქის თუნდაც გინება აიტანონ. კანონით არის დადგენილი დაკავებისთვის და სიტუაციის განმუხტვისთვის შესაფერისი ცივილური მეთოდები, რაც მითუმეტეს ერთი კაცის მიმართ თავისუფლად შეიძლებოდა გამოყენებულიყო. თუ ეს ყველაფერი თქვენს თანამშრომლებს არ შეუძლიათ, მაშინ მათი ადგილი თქვენთან არაა.
"ქართული ოცნება", ნუ გგონიათ, რომ ხელისუფლების რეიტინგი მხოლოდ ჩინოვნიკთა სატელევიზიო საუბრებითა და ქმედებებით იზომება. აი ის პოლიციელთა ხროვა დღეს სწორედ თქვენი სახე იყო და ნუ გაგიკვირდებათ, რომ ამ ფაქტის შემსწრე ხალხი სწორედ თქვენ გაგინებდათ.
P.S. ამდენი ხალხის თვალწინ რომ ასე გამეტებით ურტყამდნენ ერთ ადამიანს, აი რომელი თქვენგანი დამარწმუნებს იმაში, რომ ოთხკედელშუა უარესს არ უკეთებენ დაკავებულებს?!", - წერს თვითმხილველი.