რისი უფლებები არ აქვთ პოლიციელებს "რეიდის" დროს და რა უნდა ქნას მოქალაქემ, თუ პოლიციელი უფლებამოსილებას გადაამეტებს

რისი უფლებები არ აქვთ პოლიციელებს "რეიდის" დროს და რა უნდა ქნას მოქალაქემ, თუ პოლიციელი უფლებამოსილებას გადაამეტებს

პოლიციის რეიდები კრიმინოგენული ვითარების შესაცვლელად - ჯერ უცნობია, რამდენი პირი დააკავეს, რა ბრალდებები გამოიკვეთა და რა რაოდენობის იარაღია ამოღებული რამდენიმედღიანი რეიდების განმავლობაში. შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალური სტატისტიკა ჯერ არ არსებობს.

გახმაურებული შემთხვევების უმეტესობის დროს კი, გამოიკვეთა, რომ რეიდების დროს, ქუჩაში ალკოჰოლის მიღების გამო აჯარიმებენ.

დაფიქსირებულია პოლიციელების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებიც - კერძოდ, ფიზიკური ზემოქმედება და სიტყვიერი შეურაცხყოფა პირების შემოწმების დროს.

რა უფლებები აქვთ პოლიციელებს პირის შემოწმების დროს და რა უნდა ქნას მოქალაქემ, თუ კი პოლიციელი უფლებამოსილებას გადაამეტებს - ამ შეკითხვებზე ambebi.ge-ს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა მაია ხუციშვილმა უპასუხა.

მაია ხუციშვილი:

- პოლიციელს აქვს უფლება პიროვნება გააჩეროს და შეამოწმოს, მათ შორის ზედაპირულად შეამოწმოს. ზედაპირული შემოწმება არ ნიშავს იმას, რომ პირი გაჩხრიკოს და ჯიბეები გადმოუბრუნოს.

თუ ამ ადამიანს გარეგნულად ეტყობა, რომ აქვს იარაღი და ვიზუალურად ჩანს, ამ შემთხვევაში ჩხრეკა შესაძლებელია ჩატარდეს. პოლიციელს აქვს უფლება, პირს მოსთხოვოს იდენტიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები. თუ პირი საეჭვოა, წარსულში ნასამართლევია ან არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა შეიძლება დანაშაული ჩაიდინოს, ან იმყოფება ალკოჰოლური/ნარკოტიკული თრობის ქვეშ, შესაძლებელია, რომ მოხდეს მისი შემოწმება.

პოლიციის შესახებ კანონი განმარტავს, რომ შემოწმება არ უნდა ლახავდეს პირის პატივსა და ღირსებას. არ უნდა იქნას გამოყენებული მის მიმართ წამება, არაადამიანური მოპყრობა და ასე შემდეგ.

- და თუ პოლიციელი გადაამეტებს უფლებამოსილებას, მოქალაქეს რა შეუძლია გააკეთოს?

- თუკი მოქალაქე თვლის, რომ პოლიციელმა გადააჭარბა უფლებამოსილებას, მას შეუძლია მიმართოს განცხადებით სასამართლოს და მოითხოვოს ამ პირის მიმართ რეაგირების მოხდენა.

- ჩხრეკა რა შემთხვევაშია კანონიერი რეიდის დროს?

- პოლიციელს ჩხრეკის უფლება არ აქვს, მას აქვს ადმინისტრაციული დაკავებისა და გასინჯვის უფლება. ჩხრეკა სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება. ჩხრეკას სხვა საფუძვლები სჭირდება, - სჭირდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა დანაშაული და დოკუმენტების ერთობლიობა იძლევა ამის ვარაუდს. ეს ვარაუდი ქუჩაში გაჩერებული პირის მიმართ, ერთი შეხედვით, არ ვიცი რამდენად შეიძლება ჰქონდეს პოლიციელს.

- რეიდის პროცესში, მოქალაქეს შეუძლია მოითხოვოს პოლიციელისგან შემოწმების მოტივზე ინფორმაცია?

- მოქალაქეს უფლება აქვს, გაიგოს იმ პოლიციელის ვინაობა, ვინც გააჩერებს. რაიმე დოკუმენტი, რომ შემოწმების უფლება აქვს, პოლიციელს ვერ ექნება, რადგან შემოწმება ამ შემთხვევაში მისი მოვალეობაა. პოლიციელმა უნდა განუმარტოს მოქალაქეს, ვინ არის და რა უნდა ამ ადამიანისგან და პირდაპირ არ უნდა დაუწყოს ჯიბეების ამობრუნება.

- შემოწმების დროს, აქვს პოლიციელს უფლება, რომ მოქალაქის ტელეფონი გაჩხრიკოს?

- პოლიციელს არ აქვს ტელეფონის შემოწმების უფლება რეიდის დროს, რადგან ეს პირადი მონაცემებია ამ შემთხვევაში და ამისთვის სჭირდება არგუმენტი, თუ რატომ აკეთებს ამას.

- მოქალაქეს, რომელიც შეესწრება რეიდის ფარგლებში პირის შემოწმებას, აქვს თუ არა უფლება გადაიღოს ფაქტი?

- აკრძალვა, რომ გადაღება არ შეიძლება, არსად არ არის დაფიქსირებული.

- პოლიციელს თუ აქვს უფლება, რომ მოქალაქის მიერ გადაღებული მასალა რაიმე მოტივით წაშალოს?

- ჩემი აზრით, არ აქვს უფლება პოლიციელს, რომ წაშალოს ეს დოკუმენტები. მითუმეტეს, თუ ჟურნალისტი იღებს ამ მასალას. მიმაჩნია, რომ მსგავსი ქმედება ჟურნალისტის საქმიანობის ხელის შეშლაა. თუ კი მოქალაქის მიერ გადაღებულ მასალაზეა საუბარი, ეს ტელეფონი ხომ მოქალაქის საკუთრებაა, რითიც იღებს. მოქალაქეს ამ ფაქტის გადაღებაზე აკრძალვა არ აქვს არსად გაწერილი - ფარულად არ იღებს და ამის უფლება გააჩნია.

- რა სანქციებია დაწესებული სამართალდამცველისთვის, თუკი მან უფლებამოსილებას გადააჭარბა?

- პოლიციელისთვის, რომელიც გადააჭარბებს უფლებამოსილებას, სხვადასხვა სანქციები არსებობს. ეს დამოკიდებულია იმაზე, რა ზიანი გამოიწვია უფლებამოსილების გადამეტებამ პოლიციელის მხრიდან.

შესაძლოა, პოლიციელს დისციპლინარული სასჯელი დაეკისროს, შეიძლება დათხოვნილი იქნეს სამსახურიდან, თუმცა თუ მისი ქმედებები გადაიზარდა სისხლის სამართალში, სხვა სანქციები შეიძლება ამოქმედდეს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროს.

ხათუნა გაგნიძე, ambebi.ge

სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია | What you need to know: Police Raids

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ