ვეტერანთა საქმეების სამსახურის ახლად დანიშნული უფროსი ირაკლი შიხიაშვილი ენერგეტიკის მინისტრ, ვიცე-პრემიერ კახა კალაძესთან დაპირისპირებას უარყოფს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე შიხიაშვილმა განაცხადა, კალაძესთან კარგი ურთიერთობა აქვს.
გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, რომლის თანახმადაც, კახა კალაძე ირაკლი შიხიაშვილის ნებისმიერ თანამდებობაზე დანიშვნას აპროტესტებდა, შიხიაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის სიცრუე და მას კალაძესთან კარგი ურთიერთობა აქვს.
კითხვაზე, იქნებიან თუ არა მის გუნდში საკრებულოს ყოფილი წევრები, შიხიაშვილის განცხადებით, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.
როგორც შიხიაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნა მისი დიდი სურვილი იყო, რადგან კარგად იცნობს იმ პრობლემებს, რა პრობლემებიც ვეტერანებს აქვთ.
მისი თქმით, მზად არის მიიღოს ეს გამოწვევა და ყველაფერი გააკეთოს, რომ ვეტერანების მდგომარეობა მაქსიმალურად გაუმჯობესდეს.
"მიდიოდა სხვადასხვა საკითხის განხილვა. პრემიერის სურვილი და ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ ამ თანამდებობაზე დავნიშნულიყავი, რადგან ვარ ვეტერანი და კარგად ვიცი რა მდგომარეობაში არიან და რა სირთულეები არსებობს ვეტერანებთან დაკავშირებით. მზად ვარ მივიღო ეს გამოწვევა და ყველაფერი გავაკეთო, რომ მათი მდგომარეობა მაქსიმალურად გაუმჯობესდეს", - განაცხადა შიხიაშვილმა.
მან არ ისაუბრა, თუ რატომ მოხდა ყოფილი ხელმძღვანელის ცვლილება, თუმცა განაცხადა, რომ ფერაძე ამ სტრუქტურაში აღარ იმუშავებს.
რაც შეეხება შიხიაშვილის სამომავლო გეგმებს, როგორც ის აცხადებს, მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იქნება, რომ ვეტერანებმა აღარ იცხოვრონ წარსული ტკივილით და ისინი ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში ჩაერთონ.
"ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, როგორც ვეტერანისთვის, ძალიან დიდი პატივია ის ნდობა, რომელიც გამომიცხადა პრემიერმა და მისმა გუნდმა. დიდი ხნის განმავლობაში ვეტერანთა პრობლემები თაროზე იყო შემოდებული და არ იყო ჯეროვანი დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ. ძალებს არ დავიშურებთ, რომ გაუმჯობესდეს მათი მდგომარეობა. რაც მთავარია, ჩემთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის, უმნიშვნელოვანესია დამთავრდეს ვეტერანების წარსულის ტკივილით ცხოვრება. მნიშვნელოვანია, რომ დაბრუნდნენ ისინი აწმყოში და აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მეტი ყურადღება მიექცეს როგორც ჯანდაცვის, ასევე სხვადასხვა მიმართულებით", - განაცხადა შიხიაშვილმა.
შიხიაშვილი ვეტერანთა საქმეების სამსახურის უფროსად პრემიერის ბრძანებით დაინიშნა.