არ შეიძლება პრეზიდენტის მაგივრად ვინმემ გადაწყვიტოს, სად წავა პრეზიდენტი და სად არა - თენგიზ ფხალაძე

არ შეიძლება პრეზიდენტის მაგივრად ვინმემ გადაწყვიტოს, სად წავა პრეზიდენტი და  სად არა - თენგიზ ფხალაძე

არ შეიძლება პრეზიდენტის მაგივრად ვინმემ გადაწყვიტოს, სად წავა პრეზიდენტი და - სად არა, – ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძემ იმ თემის კომენტირებისას განაცხადა, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და კლიმატის ცვლილებების სამიტზე პრემიერისა და პრეზიდენტის გამგზავრებას შეეხებოდა.

როგორც თენგიზ ფხალაძემ "პალიტრა TV"-ის ეთერში, გადაცემა "რეზიუმეში" განაცხადა, გადაწყვეტილებაში, რომელიც გაეროში გამგზავრებას შეეხებოდა, უნდა ყოფილიყო ჩართული პრეზიდენტი და მაშინ იქნებოდა ერთი დელეგაცია. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტს უკვე გაცხადებული აქვს, რომ ის მიემგზავრება კლიმატის ცვლილების სამიტზე.

"არის გენერალური ასამბლეის პლენარული სესია და არის სამიტი. ორი სხვადასხვა ღონისძიებაა, ცალ-ცალკე ხდება მოწვევა. რაც შეეხება კლიმატის სამიტს, ამაზე არსებობს მოწვევა, რომელსაც ხელს აწერს გაეროს გენერალური მდივანი, რომელიც ოფიციალური დიპლომატიური არხებით იქნა გამოგზავნილი. ეს არ არის პირადი წერილი. პრეზიდენტმა გამოთქვა თანხმობა, რომ ის აუცილებლად წავიდოდა. არ დაგიმალავთ, მოლოდინი არსებობდა, რომ ის მიიღებდა მონაწილეობას გენერალურ ასამბლეაშიც. თანხმობის ოფიციალური წერილი ჩვენს მიერ გაიგზავნა. ფაქტია, რომ გაეროში ჩვენი წერილი მივიდა. ბოლო ინფორმაციით, ეს წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გაუგზავნია. ამან შექმნა ის სიტუაცია, რაც შეიქმნა. ვერ ვიტყვი, რომ ეს სიტუაცია არის გადასარევი და კარგი, ცხადია არ არის, მაგრამ საქმე გვაქვს იმასთან, რომ როდესაც მოდის მოწვევა და იგზავნება თანხმობა, ის წერილი უნდა ჩაბარდეს ადრესატს. თუკი გადაწყვეტილება მიიღება იმაზე, სად უნდა იყოს და როგორ უნდა იყოს ქვეყანა წარმოდგენილი, ამ გადაწყვეტილებაში პრეზიდენტი უნდა მონაწილეობდეს. არ შეიძლება ვინმემ გადაწყვიტოს პრეზიდენტის მაგივრად, სად წავა პრეზიდენტი და სად არ წავა ისე, რომ პრეზიდენტი საქმის კურსში არ იყოს. თუ ვლაპარაკობთ საშიშ პრეცედენტზე, ამან შეიძლება ქვეყანა დააზიანოს, ეს არის ძალიან ცუდი", - აღნიშნა ფხალაძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტთან კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს და გიორგი მარგველაშვილს არც ერთხელ უარი არ უთქვამს შეხვედრაზე რომელიმე მინისტრთან. "ის, რომ რომელიმე მინისტრს უნდა მასთან დალაპარაკება და ვერ პოულობს, საფუძველს მოკლებულია. საგარეო საქმეთა მინისტრს ყოველთვის აქვს საშუალება, რომ ესაუბროს პრეზიდენტს. საერთოდ, მგონია, რომ შეხვედრა ყოველთვის უკეთესია, ვიდრე ტელევიზიით საუბარი. საგარეო საქმეთა სამინისტრომ იმთავითვე იცოდა პრეზიდენტის პოზიცია. თუ ის ხედავდა უხერხულობას, არა პოსტ ფაქტუმ უნდა ეცნობებინა პრეზიდენტისთვის, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თქვენ არ წახვალთ. ასეთ შემთხვევაში ამ გადაწყვეტილებაში უნდა ყოფილიყო ჩართული პრეზიდენტი და მაშინ იქნებოდა ერთი დელეგაცია. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ დღეს, რომ ორ სხვადასხვა ღონისძიებაზე იყოს ორი გამომსვლელი. უხერხულობა შეიძლება არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში ყველა უხერხულობა იქნებოდა აღმოფხვრილი და საერთოდ არც იქნებოდა, რომ ეს გადაწყვეტილება ყოფილიყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო მიღებული, ანუ პრეზიდენტთან კონსულტაციით",-განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა