გუშინ, 9 სექტემბერს, დაახლოებით ღამის ორ საათზე, ქუთაიში პატრულმა სიძე-პატარძალი დააკავა. ამის შესახებ Ambebi.ge-ს ქუთაისიდან აცნობეს. შემთხვევა კინოთეატრ "სულიკოსთან" მოხდა.
"შემთხვევას საკუთარი ფანჯრიდან ვადევნებდი თვალ-ყურს, გოგონას სადედოფლო კაბა ეცვა და ამით მივხვდი, რომ სიძე და პატარძალი დააკავეს. სავარაუდოდ, მაყრიონი იყო, რადგან ბევრი მანქანა მოძრაობდა ერთად, რა დროსაც ისინი პატრულმა გააჩერა და სიძე-დედოფალი დააკავა",-აცხადებს თვითმხილველი სოფო გაჩეჩილაძე.
ინფორმაციის გადასამოწმებლად Ambebi.ge შსს-ს დაუკავშირდა. უწყება ფაქტს ადასტურებს და განმარტავს:
"აღნიშნული პიროვნება სიჩქარის გადაჭარბებით მოძრაობდა, რა დროსაც გააჩერა პატრულმა. მან სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწია. მძღოლი აღმოჩნდა ნასვამი, თუმცა როდესაც პატრულმა გაარკვია, რომ დაკავებული სიძე იყო, ის ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს".
თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge