ბავშვებზე ზრუნვა თუ აღმზრდელებისადმი გამოცხადებული უნდობლობა - რას აპროტესტებენ ბაგა-ბაღების პედაგოგები

ბავშვებზე ზრუნვა თუ აღმზრდელებისადმი გამოცხადებული უნდობლობა - რას აპროტესტებენ ბაგა-ბაღების პედაგოგები

ახალი სასწავლო წელი ბაგა-ბაღების აღმზრდელებისთვის ოდნავ განსხვავებულად დაიწყო. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და ბაღებში არსებული სათათბირო ორგანოების ერთობლივი გადაწყვეტილებით, აღმზრდელების ბავშვებთან მუშაობას კამერებით დააკვირდებიან. გადაწყვეტილებამ ზოგიერთი ბაღის პედაგოგთა გაღიზიანება გამოიწვია.

"საბავშვო ბაღებში ჯერ საერთო მდგომარეობა უნდა მოგვარდეს და მხოლოდ ამის შემდეგ ნელ-ნელა შემოვიდეს ადამიანის ცხოვრებაში მუდმივი დაკვირვების ქვეშ მუშაობა", - ამბობს ერთ-ერთი ბაღის აღმზრდელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. მისი თქმით, თითო ჯგუფში 40 ბავშვია, რომლებთან მუშაობაც მხოლოდ ორ ადამიანს, მასწავლებელსა და თანაშემწეს უწევს. ამ თაობის ბავშვები საკმაოდ აქტიურები და მოძრავები არიან, რაც ბუნებრივია, ქაოსსა და ხმაურს იწვევს. წარმოუდგენელია 40 ბავშვის ემოცია ისე მოთოკოს პედაგოგმა, რომ ხმაური საერთოდ არ გამოიწვიოს. ეს თვითონ ბავშვების ფსიქიკაზეც უარყოფითად მოქმედებს. არავინ ითვალისწინებს მასწავლებლის შესაძლებლობის ზღვარს. საერთო ჯამში კი გამოდის, რომ მაკონტროლებელი მექანიზმის სახით ვიდეოთვალის დაყენება ყველას ინტერესებს იცავს, გარდა პედაგოგისა. "პატარა ხმაურიც კი საკმარისია, რომ შენიშვნა მივიღოთ. ჩემთვის კამერა ციხესთან ასოცირდება", - აცხადებს ნ.მ.

კამერების დამონტაჟებას იმავე ბაღის ერთ-ერთი აღმზრდელი პედაგოგებისადმი უნდობლობას უწოდებს:

"ჩვენს შრომას არავინ აფასებს, დილიდან საღამომდე ვმუშაობთ და თვეში 480 ლარს ვიღებთ. საკითხი დავაყენეთ სკოლის დირექტორთან, თუმცა ჩვენთან პირად საუბრებში გვეუბნება, რომ ვიდეოთვალთან დაკავშირებულ საკითხებზე არ არის უფლებამოსილი. ამ საკითხს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო არეგულირებს. ჩვენ, პედაგოგებს არასდროს არაფერს გვეკითხებიან. ვისგან იცავენ ბავშვებს, მასწავლებლებისგან? ნუთუ ადმინისტრაცია იმდენად არ ენდობა აღმზრდელებს, რომ სათვალთვალოდ კამერებს იყენებს? აღმზრდელების მიმართ დღეს ასეთი დამოკიდებულებაა - "თუ არ გინდა, წადი". ჩვენი ხმა არსად ისმის", - განაცხადა ambebi.ge-სთან თბილისში არსებული ერთ-ერთი ბაგა-ბაღის აღმზრდელმა, რომელმაც სამსახურის დაკარგვის შიშით, ასევე არ ისურვა ვინაობის გამხელა.

თბილისში არსებული ბაღების დირექტორებთან საუბრისას ირკვევა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბაგა-ბაღებში აზრი ორად იყოფა.

გლდანის N100-ე ბაღის დირექტორი მეგი მარღანია ამბობს, რომ სათათბიროს გადაწყვეტილებით კამერები მხოლოდ გასახდელში დააყენეს:

"საკმაოდ ხშირად იკარგებოდა ბავშვების ტანსაცმელი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ კამერების დაყენება. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ბაღები არ არიან მზად სრული კონტროლისთვის, თუმცა თუ უახლოეს მომავალში სათათბირო კამერების ოთახებში დაყენებას გადაწყვეტს, საწინააღმდეგო არაფერი მექნება".

N26-ე ბაღის დირექტორი ხათუნა მჭედლიშვილი აღმზრდელებში დისციპლინის ერთ-ერთ მოტივაციად სწორედ კამერების დამონტაჟებას ასახელებს:

"პედაგოგებს პირადად ჩემთვის უთქვამთ, რომ მას შემდეგ, რაც კამერები დამონტაჟდა, უფრო მობილიზებულები ვართო. ვერ ვიტყვი, რომ ამ ფაქტს სიხარულით შეხვდნენ, თუმცა პროტესტი არ გამოუხატავთ. ვისაც თავისი საქმე უყვარს, ოდნავ დაძაბულ გარემოშიც კარგად შეძლებს მუშაობას", - აღნიშნა ხათუნა მჭედლიშვილმა.

პედაგოგთა პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებს საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და კოორდინაციის მენეჯერი, დავით კერესელიძე:

"სააღმზრდელო ჯგუფებში კამერების დაყენება მშობლებისა და პედაგოგების მოთხოვნებიდან გამომდინარე მოხდა. ხშირად რეკავდნენ მშობლები ჩვენი სააგენტოს ცხელ ხაზზე და ითხოვდნენ ბავშვების უსაფრთხოების მიზნით ბაგა-ბაღებში კამერების დაყენებას. ეს გადაწყვეტილება სააგენტოს ერთპიროვნულად არ მიუღია. ყველა ბაღში არსებობს სათათბირო ორგანო, რომლის შემადგენლობაშიც მშობლები და პედაგოგები არიან. სწორედ ამ სათათბიროების გადაწყვეტილების საფუძველზე დავაყენეთ კამერები იქ, სადაც ამის სურვილი ჰქონდათ. მესმის, რომ აღმზრდელებისთვის ეს ახალი ხილია, თუმცა თუ თითოეული მათგანი კეთილსინდისიერად მუშაობს ბავშვებთან, პროტესტის გრძნობა არ უნდა უჩნდებოდეთ. ნებისმიერ საჯარო დაწესებულებაში შეხვდებით მსგავსი ტიპის კამერებს, თუმცა ეს სამუშაო პროცესის მიმდინარეობას ხელს არ უშლის", - განაცხადა დავით კერესელიძემ.

სალომე შიხაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია