"გულში 4 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული" - შვილმკვდარი დედის წერილი მკვლელობაზე, რომელიც არ გახმაურდა

"გულში 4 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული" - შვილმკვდარი დედის წერილი მკვლელობაზე, რომელიც არ გახმაურდა

Ambebi.ge-ს რედაქციას წერილის გამოქვეყნების თხოვნით, დარეჯან გოგოლაძემ მიმართა, რომელიც 8 წლის წინ მომხდარი, მისი შვილის მკვლელობის შესახებ გვწერს. მისი თქმით, მკვლელი სათანადოდ არ დასჯილა.

Ambebi.ge წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"ზაზა დიუმას გარდაცვალებიდან 17 სექტემბერს 8 წელი შესრულდება. ეს არის მკვლელობა, რომელიც არ გახმაურდა და აკინძული ისტორიის წიგნი ისე შემოდეს თაროზე, რომ მის მერე ალბათ, ადგილიც არ შეუცვლიათ, ან კიდევ შეიძლება სულ გააქრეს და აღარც არსებობს.

მკვლელობა კი ასე მოხდა:

2006 წლის 17 სექტემბერს გამთენიისას მგზავრმა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც უკვე სისხლისგან იყო დაცლილი და, რა თქმა უნდა, გარდაცვლილი; როდესაც ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და ადგილი დაათვალიერეს, მათივე თქმით, იქ იმდენი ნივთმტკიცებები აღმოაჩინეს, რომ ეს საქმე უახლოეს დროში უნდა გახსნილიყო. ზაზა უმოწყალოდ იყო ნაცემი, ჩამტვრეული ჰქონდა თავის ქალა, ცხვირი, ნიკაპი, ნეკნები, მუცლის ღრუ ყველა მხრივ დაზიანებული, გულის არეში კი დანით 4 ჭრილობა ჰქონდა მიყენებულდი. ფაქტია მკვლელი ერთი არ იყო, იქ მოქმედებდა 3 ან 4, ვინაიდან ზაზა დიდი და ძლიერი იყო და ერთი მას ვერაფერს უზამდა.

ზაზას გარდაცვალებით განადგურდა ჩემი ოჯახი, მომიკლეს 31 წლის შვილი, რომლის იმედიც მქონდა და რომლის გარეშე ჩემი ცხოვრება არარაობაა. ამის გადმოცემაც არ შეიძლება, რას გრძნობს შვილმკვდარი დედა და როგორი ცხოვრებით ვცხოვრობ მე პირადად.

ერთადერთი რაც დამრჩენია, იყო ის, რომ საქმე გაიხსნებოდა და მკვლელი სათანადოდ დაისჯებოდა. მაგრამ რომელ გამოძიებაზეა ლაპარაკი, როცა 2005-2006 წლებში მაშინდელ ხელისუფლებას მიზანი ჰქონდა, ისე ჩაეხოცა საჯიშე ბიჭები, რომ მათი გამრავლება არ მომხდარიყო.

ბევრი ვიარეთ პროკურატურასა და პოლიციას შორის, მაგრამ უშედეგოდ, საქმეს იძიებდა გამომძიებელი რევაზ გილიგაშვილი, რომელიც ისე უსულგულოდ მოეკიდა ჩემი შვილის მკვლელობის ამბავს, რომ არცერთი წინგადადგმული ნაბიჯი არ არსებობდა წლების მანძილზე. რაზეა ლაპარაკი, როცა თვეების მანძილზე ს.ს. საქმეში არ მოიპოვებოდა ბიოლოგიური, ქიმიური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ გამოძიება მიმდინარეობდა არაობიექტურად, ცალმხრივად და ტენდენციურად.

მე და ჩემი მეუღლე მოვითხოვდით დაეკითხათ ჩვენი ეჭვის ქვეშ მყოფი პიროვნებები, რომელიც ყურად არ იღეს და არ შეასრულეს, სამაგიეროდ დაკითხვა მოხდა ძალიან უხარისხოდ, პრიმიტიულად და ცალსახად, სადაც ჩემი ეჭვისქვეშ მყოფი პიროვნებები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო ჩვენებებს, რაც მე მგონი დანაშაულია და ამისთვის გამოძიებას ყურადღება უნდა მიექცია. ბევრჯერ მივმართეთ მაშინდელ ჩინოვნიკებს, ადეიშვილს, გიორგი ღვინიაშვილს, მაგრამ ცდილობდნენ, რომ თავიდან მოვეცილებინეთ და დრო გაეწელათ. ასეც მოხდა. 8 წელი გავიდა და საქმე არც გახმაურებულა და არც გამოძიებულა. ყველამ გვიღალატა, ექსპერტიზამ, გამომძიებლებმა, საკითხავია ვისი დავალებით მოქმედებდნენ ასე გულცივად. რა იყო მიზეზი და ვინ ავალებდათ, რომ ეს საქმე არ უნდა გახსნილიყო. ეხლა კი განგაშია ატეხილი მკვლელობები გახშირდა და ამ ხელისუფლებას აბრალებენ თუ რამე მოხდება. ყოველი ახალგაზრდას სიკვდილი მიახლებს ჩემი შვილის სიკვდილს და მე თვითონ მერამდენედ მიკვდება გული, ამის გაძლება აღარ შეიძლება, მაგრამ ჩემო კარგო მკითხველებო, არ დაიჯეროთ, რომ ახლა მეტი მკვლელობები ხდება.

2005-2006 წლებში იმდენი გაუხმაურებელი მკვლელობა მოხდა, ჩემი ზაზას ჩათვლით, რომ ღმერთმა დაგვიფაროს იმის ნახევარი მოხდეს დღეს, ჩათვალეთ, რომ ახალგაზრდობა წაიშლება და ერი აღარ გამრავლდება. ის იყო, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, როგორც ზაზას სიკვდილი მოაქრეს, ასე აქრობდნენ ძალიან ბევრს, ძალიან ბევრი გამწარებული დედაა ჩემსავით, რომელთაც ვერ მიაღწიეს სიმართლეს, ქ-ნი ირინა ენუქიძე თავდაუზოგავად იბრძოდა სანდროს მკვლელების დასადგენად და როგორც ხედავთ, ისე გამოასალმეს სიცოცხლეს, რომ საღსალამათი ქალი მოიშორეს ამ ქვეყნიდან. ბევრჯერ მინატრია მის ადგილზე ყოფნა, მაგრამ ესეც ღვთის ნებაა. ძალიან მენატრება და მტკივა ჩემი შვილი, ასე რომ გაიმეტა ვიღაც გარეწარმა, არ აცადა ამ ქვეყნად ყოფნა და ზაზას ოჯახიც მიწასთან გაასწორა. თქვენ კი ყოფილო ჩინოვნიკებო, თქვენ რომ თქვენს შვილებს დაფუფუნებთ, ცივ ნიავს არ აკარებთ, ღმერთმა კარგად გიმყოფოთ, იქნებ მეც მინდოდა ჩემი შვილისთვის გამეკეთებინა ის, რაც შემეძლო;

იქნებ მეც მინდოდა გამეხარა ჩემი შვილის ბედნიერებით;

იქნებ მეც მინდოდა გავმხდარიყავი ბებია და გამომეცადა ჩემი შვილიშვილის სიყვარულიც და მეც მინდოდა მყოლოდა ჩემი შვილი ცოცხალი. მკვლელო! იმაზე გიფიქრია? ქონდა ვინმეს ზაზას სიკვდილის უფლება?

ამაზე პასუხი აქვს ვისმეს?

ყოფილო ჩინოვნიკებო და ამ ხელისუფლებაში დარჩენილო გადმონაშთებო, ისე ნუ გააკეთებთ, რომ თქვენი საქციელის გამო დაისაჯონ თქვენი შვილები და ვინმემ შურისძიების მიზნით თქვენც გაგაუბედუროთ. ყველაფერია მოსალოდნელი და დაფიქრდით ამაზე.

მივმართავ ახლანდელ ხელისუფლებას, იხმარეთ რაღაც ღონე, რათა შემცირდეს ეს მკვლელობები და გაამკაცრეთ მკვლელის სასჯელი, საკმარისია ამდენი დედის გაუბედურება.

შვილმკვდარი დედის სიცოცხლე ხომ ტანჯულია და მიმართულება კი ერთი - სახლი - სასაფლაო - სახლი.

დარეჯან გოგოლაძე", - ნათქვამია წერილში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია