გელა ჩარკვიანმა თავის კასტრირებულ კატას დაბადების დღეზე მარში მიუძღვნა

გელა ჩარკვიანმა თავის კასტრირებულ კატას დაბადების დღეზე მარში მიუძღვნა

თავის ბოლო წიგნში, რომელიც გამოსაცემად ახლა მზადდება, გელა ჩარკვიანმა შინაურ ცხოველებს არაერთი ფურცელი მიუძღვნა. სანამ მისი უბის წიგნი მაღაზიების დახლებზე გამოჩნდება, ბატონი გელა თავის ერთგულ მეგობრებზე ჩვენს ინტერვიუში გიამბობთ.

- ყველას არ უყვარს შინაური ცხოველი. არის შემთხვევები, როცა ქმარს უყვარს და ცოლს - არა. ამის გამო ოჯახებში კონფლიქტებიც ხდება. მამაჩემს განსაკუთრებულად უყვარდა ძაღლები, დედას - არა. მოგეხსენებათ, ჩვენ განსაკუთრებულ პირობებში ვცხოვრობდით, მამაჩემი ცეკას პირველი მდივანი, ქვეყნის პირველი პირი გახლდათ. ჩემმა მშობლებმა კომპრომისს მიაღწიეს, ეზოში ჰყავდათ ძაღლები. შესაბამისად, ცხოველებთან ბავშვობიდან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა. მამას, ძირითადად, მონადირე ძაღლები ჰყავდა და ერთიც - დამცველი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სახლს დაცვა არ სჭირდებოდა, მილიცია გვიცავდა. ერთ-ერთმა მონადირე ძაღლმა, პოინტერმა, რომელსაც გულადი ერქვა, საოცარი რამ გააკეთა. მას მერე, რაც მამაჩემი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, დაცვაც წავიდა ჩვენი სახლიდან. სანამ იმ ბინას დავცლიდით, სამი თვის განმავლობაში გულადი, რომელსაც მანამდე ხმა არ ამოუღია, გახდა მცველი. დაიწყო ყეფა, ეზოში არავის აღარ უშვებდა, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, ფაქტობრივად, ის ათი მილიციის მუშაკი ჩაანაცვლა.

ძაღლის ფსიქოლოგიაზე საუბრისას, აუცილებლად უნდა გავიხსენო ბაბუაჩემის ძაღლი სოფელ ქორენისში, კავკასიური ნაგაზი, მურა. როცა იგრძნო, სიკვდილის დრო დადგა, წავიდა და გადაიკარგა. 14 წლის იყო მაშინ. გვყავდა დობერმანიც, ყურშა, რომელმაც მერე ჩემს ძმას უკბინა და ამის გამო მაინცდამაინც კარგად არ მახსენდება. ბრაზიანი ძაღლი იყო, მოჩხუბარი. წყნეთში რომ აგვყავდა, ქუჩის ძაღლები გარბოდნენ და იმალებოდნენ.

ზოგადად ძაღლების ჩხუბის წინააღმდეგი ვარ. ინგლისში მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან აიკრძალა ძაღლების ჩხუბი. ჩვენთან დღესაც აწყობენ ამ საშინელ სცენებს. მიმაჩნია, რომ ეს ბარბაროსობაა.

როცა უკვე ჩემი ოჯახი მქონდა, მოვიყვანე ტაქსა, ნაბუ. ეს არის გრძელი, მოკლეფეხებიანი მონადირე, რომელიც ნადირობს მაჩვზე. ნაბუ განსაკუთრებით მიყვარდა. ჩემს ცოლსაც არ უყვარდა დიდად ძაღლები, ცხოველები. ნაბუმ 84-ჯერ უკბინა ადამიანს. მათ შორის ვიყავი მეც, ოთხჯერ მიკბინა. გარშემო ყველა დაკბინა, ირაკლის მეგობრებიც. განსაკუთრებით არ უყვარდა მთვრალი ადამიანები, არაადეკვატურად რომ იქცეოდნენ, ამის გამო. ორი ადამიანი იყო, ვისთვისაც ნაბუს არ უკბენია: ჩემი მეუღლე ნანა და ჩემი ქალიშვილი თეონა, რომელიც არანორმალურად უყვართ ცხოველებს. ნანამ ერთხელ ე.წ. ფრანცუსკების ქუსლიც კი დაადგა და მაინც არ გაიმეტა საკბენად. რატომღაც პატრონად მიიჩნევდა. თეონა ნაბუს ხელს უდებდა პირში. ნაბუ ცირკის ნიანგივით იდგა პირდაღებული და სანამ თეონა ხელს არ გამოიღებდა, მანამ არ დაკეტავდა პირს, არათუ უკბენდა, არც აგრძნობინებდა, რომ ხელი უნდა გამოეღო... მერე იუმორით მივუდექი ნაბუს აგრესიას, ყოველ ათ კბენაზე სამხედრო წოდებების მიცემა დავიწყე. ისე გაიწაფა, ბოლოს გენერალისიმუსი გახდა (იცინის).

- თქვენ რატომ გაგიმეტათ ნაბუმ ოთხჯერ?

- ალბათ, არ მქონდა ის ენერგია, რაც თეონას. ჩვენ სხვანაირი ურთიერთობა გვქონდა. მე ვაჭმევდი, ვუვლიდი, ზოგჯერ ვსჯიდი. ადამიანებს კბენდა, ხომ უნდა მიმეღო ზომები. პირველად ჩვენი ოჯახის მეგობარ ქალს უკბინა, რომელმაც ტორტის ნაჭერი გაუწოდა, პატივი უნდოდა ეცა. ქალს კინაღამ ხელი მოაჭამა.

- როგორ სჯიდით?

- დასაწყისში ერთი-ორჯერ ვუთაქე კიდეც თავისივე საყელურით. მერე ისე გათამამდა, დაყვირებაც კი არ ჭრიდა. ყველაზე მოულოდნელ სიტუაციებში მიკბინა. ერთხელ ავად ვიყავით ორივე. მე საწოლში ვიწექი, თვითონ საწოლთან იჯდა. ვიფიქრე, ცოდოა, ამოვიყვან საწოლზე, მოვეფერები-მეთქი. ზოგჯერ ამოდიოდა ჩემს საწოლზე და საბნის ქვეშ ძვრებოდა, ძაღლებს უყვართ ასეთი რაღაცები. მოვკიდე ხელი, ამომყავდა და მიკბინა. კინაღამ მომაგლიჯა ხელი, დღემდე მაქვს იარა. მე კარგს ვუკეთებდი და...

- რა ბედი ეწია ნაბუს?

- 12 წელი იცოცხლა. მე და ჩემი მეუღლე სტუმრად მივდიოდით, ნაბუ იატაკზე იწვა, რომ დავუძახე, წამოიწია და ისევ დაწვა. რომ დავბრუნდით, აღარ იყო ცოცხალი. ქალაქგარეთ დავმარხე, ის ადგილი დღემდე მაქვს მონიშნული,

ხეზე ნიშანი გავაკეთე. რომ გავივლი ხოლმე, წარმოუდგენელია, არ გავჩერდე და ნაბუს რამე არ ვუთხრა...

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია