თბილისში კურიოზული, სახალისო თუ უხერხულად წასაკითხი სამანქანო სერიების ბუმია. გამოჩნდა, რამდენად შორს მიდის მდიდარი მძღოლების ფანტაზია და ამბიცია... ამბიცია რომ დიდია, ეს ქალაქში მოძრავი ახალი სახელმწიფო სანომრე ნიშნებით კარგად ჩანს - ადრე თუ შემოკლებულ სახელებს აწერდნენ, ახლა წინადადებები და შინაგანი მოწოდება-განწყობა-მდგომარეობა ჩადეს სანომრე ნიშნებზე. მაგალითად, - "გკოცნი", "ილოცეთ", "იესო", "ამინ", "ბერი", "ბლატნოი", "მეფე" "ლომი", "ბუასილი"...
კონკრეტული არგუმენტი, იმის შესახებ, თუ რატომ გახდა "ღარიბ ქვეყანაში" (როგორც ავტორიტეტული, ასევე უბრალო ადგილობრივებისგან საქართველოს ასეთი ფორმულირება ძალიან ხშირია) ეს ყველაფერი საჭირო, არ მომისმენია, ზოგადად კი, აღნიშნეს, რომ ამით საერთაშორისო სტანდარტებს მიუახლოვდნენ. საერთოდ, აქ ძალიან მომგებიანია სიტყვა "საერთაშორისო", თუმცა, ქუჩებში მაინც მოძრაობის "თავისებური" წესებია დამკვიდრებული. კანონით გათვალისწინებულ ნორმებს შეძლებისგვარად უგულებელყოფენ მძღოლები. მაგალითად, აქ "ზებრას" ძალიან პირობითი დანიშნულება აქვს. თავად გამომიცდია, რამდენჯერმე, მანქანის მძღოლებმა ზებრაზე რომ გამატარეს, ეტყობა, ჩემგან მადლობის გადახდას ელოდნენ და რომ არაფერი ვუთხარი, გაბრაზდნენ, - თავი მაინც დამიქნიეო.
ამ რამდენიმე დღის წინ, ახლობელს გავყევი საქმეზე. მანქანა ახალი ნაყიდი ჰყავდა, ახალი სანომრე ნიშნებითა და ასევე კურიოზული სერიით. ძალიან ბედნიერი იყო. - ჩემს გარშემო ყველას ჰყავდა, როდემდე მევლო საზოგადოებრივი ტრანსპორტითო, მკითხა და ავტომანქანა ზედ ტროტუარზე გააჩერა. ასეთი სურათები ადრეც ბევრჯერ მინახავს. - ეს მანქანის უსაფრთხოებისთვის ყველაზე ჭკვიანური მეთოდიაო, - მითხრა ახლობელმა, - მე თავი დავუქნიე...
ისე, მოძრაობის წესების აუცილებლობა არც ქვეითებისთვის ვრცელდება. ფეხით მოსიარულეები შუქნიშნებს, გადასასვლელ ხიდებს, მიწისქვეშა გადასასვლელებსა და "ზებრებს" უბრალოდ არ აღიარებენ.
ამას წინათ, ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, მოხუცი ჯოხის დახმარებით გადადიოდა და ორივე მხრიდან მომავალ მანქანების მძღოლებს ხელით ანიშნებდა, - გამატარეთო. როდესაც ცალი ხაზი გადაკვეთა, მივეხმარე და ვკითხე, - რატომ არ ისარგებლა იქვე, რამდენიმე მეტრში არსებული გადასასვლელი ხიდით. მერიაში ვიყავი საქმეზე, რიგში დგომით ისედაც დაღლილი ვარ და იქ არ ავიდოდიო, - მითხრა.
იქიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომიწია გადაჯდომამ, სადაც მგზავრები აქტიურად და ემოციურად განიხილავდნენ პოლიტიკურ, სოციალურ და ზოგადად, ყოფით სიახლეებს. ერთმა მგზავრმა ახალი დიზაინის სანომრე ნიშანს ცინიკური ღიმილით "ქართული ქაჯობა" უწოდა. შემდეგ კი, სამარშრუტო ტაქსი მისთვის სასურველ ადგილას გააჩერა და გაქანებულ ორმხრივ მოძრაობაში პირდაპირ წითელზე შევარდა ტრასაზე...…