ცნობილი მშობლები და პირველკლასელი შვილები (+ფოტოგალერეა)

ცნობილი მშობლები და პირველკლასელი შვილები (+ფოტოგალერეა)

2008 წელი საქართველოსთვის რომ უმძიმესი იყო და ამას მტკიცება არ სჭირდება. ომმა უდიდესი ზიანი მოგვაყენა. ბევრი ქართველი ვაჟკაცი დავკარგეთ... საერთოდ, ასე ხდება ხოლმე, ომის დროს და მის შემდეგაც ძირითადად ვაჟები ჩნდებიან და 2008 წელს დაბადებული პატარებშიც სწორედ ვაჟები ჭარბობენ... ეს პატარა ადამიანები კი სწორედ დღეს და ახლა დაადგნენ სკოლისკენ სავალ გზას. ღირსეულები და წარმატებულები ყოფილიყვნენ...

შევეცადეთ, გაგვერკვია, ცნობილი მშობლებიდან წელს ვინ წაიყვანა სკოლაში ბავშვი და სწორედ მათ დავუკავშირდით. ვინც მოვიძიეთ და აღმოვაჩინეთ, მათ შორის წარმოიდგინეთ, რომ ყველა ბიჭია...

ნიკა გრიგოლია, იუმორისტი:

- საოცრად ბედნიერი ვარ, მაშინაც არ ვიყავი ასეთი გახარებული, როცა სკოლაში თავად წავედი. დღევანდელმა დღემ კი ჩემი წარსულიც გამახსენა. ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი. ახლა სამსახურში ვარ, სკოლიდან თათბირზე გამოვიქეცი, დამთავრდა და მინდა, რომ ისევ სკოლაში გავიქცე. ნიკოს მივაკითხო...

- რომელ სკოლაში მიიყვანე?

- "ნიუტონის სკოლაში" მივედით.

- სკოლაში ადვილად დარჩა? რომ წამოხვედი, არ გამოგტირებია?

- არა, არც უცდია. მანამდე ის გასაუბრება ჰქონდა, გუშინაც იყო მისული შეკრებაზე. დღეს კი სწავლის დაწყების პირველი დღე იყო.

მთავარი ის არის, რომ დილას რომ მივდიოდით, ქალაქში დიდი საცობი იყო, მერე სკოლაში მისვლაც გაჭირდა და ამის გამო ჩვენ კი არა ყველას ცოტა დაგვაგვიანდა, მაგრამ გაკვეთილს მაინც მივუსწარით...

მერე კლასში შევედი და სურათებს ვუღებდი. მერხთან რომ დაჯდა, ჯერ ჩვეულებრივად იჯდა და მერე ფეხები სკამზე დააწყო. არც ეს კადრი გამომრჩა. მოკლედ, კლასში შესვლა ასე გამოხატა (სიცილით ამბობს), ისე, კი იცის, რომ გაკვეთილზე ასე ჯდომა არ შეიძლება. მთლად თამამი არ არის... ნელ-ნელა ნიკოს კლასელებიც გავიცანი, ყველას დავუმეგობრდი...

ვუსურვებ იყოს ჯანმრთელი როგორც ფიზიკურად, ასეთივე გონებრივად. მერე მამა რომ გახდება, ისიამოვნოს მისი შვილით ჩემზე მეტად, როგორ მე მისი არსებობით ვიღებ სიამოვნებას.

ნინო წულუკიძე, ''პალიტრამედიის'' ჟურნალისტის, მერაბ მეტრეველის მეუღლე:

- ლუკა გლდანში ახალ ქართულ გიმნაზიაში მივიდა. დიდი ხანი ემზადებოდა. მანამდე, რამდენიმე ღია კარის დღე გვქონდა. გავიცანით მასწავლებელი. დღეს უკვე დიდი ენთუზიაზმით წავიდა სკოლაში, რადგან ამისთვის მთელი შეგნებით მზად იყო. დილის ძილი უყვარს და არც გაღვიძებაზე დასჭირდა დიდი ხვეწნა... სკოლაში რომ მივედით, ისეთი მოუსვენარია, მასწავლებელმა ხაზზე ვერ გააჩერა. ეს ისეთი სკოლაა, სადაც მას 4 საათამდე მოუწევს ყოფნა.

- მერაბი ხომ ახლდა ბავშვს სკოლაში?

- კი, ერთად წავიყვანეთ და ძირითადად იმით იყო გართული, რომ ლუკას სურათებს უღებდა. იმდენი ფოტო გადაგვიღო, რომ ლამის დაგვაგვიანდა. ჩანთა ვერ გამოვტაცეთ ხელიდან. საკმაოდ მძიმეა, რადგანაც თვითონ წიგნებია საოცრად მძიმე. მაგრამ ბედნიერება ის არის, რომ ამ ჩანთას სკოლაში ორშაბათს რომ წავიღებთ, პარასკევს მოვიტანთ. მას იქ მოუწევს მეცადინეობა... მოკლედ, სკოლას მშვენივრად შეეგუა, არც უტირია…

ირაკლი ნოზაძე, ''ქუჩის ბიჭების'' პიკასო:

- კი, ჩემი ბიჭი ლუკა წელს სკოლაში პირველად წავიდა, მაგრამ მე არ წამიყვანია, დედამისმა წაიყვანა იმ მიზეზით, რომ მე თბილისში ვარ და ისინი რუსთავში. მოკლედ, ლუკა სკოლაში რუსთავში მივიდა. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ ვერ მივედი და ეს მნიშვნელოვანი რამ გამომრჩა. რაც მთავარია, ტელეფონით ველაპარაკე და ბავშვი შემართებით იყო. ჩემებურად დავარიგე, - ჭკვიანად იყავი და სულ 10-იანებს გისურვებ-მეთქი. ძალიან გახარებული იყო. საერთოდ, დამჯერი, ჭკვიანი და მოწესრიგებული ბავშვია. ვუსურვებ წარმატებას, დედიკოს და მამიკოს საამაყო შვილი გაზრდილიყოს...

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა პეტრე კოლხმაც (კვარაცხელია), სკოლაში პირველად თავისი მეოთხე ვაჟი მიიყვანა, რის შესახებაც "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ასე წერდა:

- მეოთხე სანამ გაჩნდებოდა, ოჯახში დიდხანს იყო დავა სახელზე. ადარნასე, შიო, ისე, მირდატი, ბაგრატი, ბაქარი, აშოტი, აბო თუ ვინ იქნებოდა რიგით მეოთხე, მაგრამ მესამე ვაჟი. ორი კვირით გვიან გაჩნდა. საბოლოო, მწვავე კამათს ვერ გაუძლო და ნინოს მუცელი ასტკივდა. მანამდე ამბობდა, ისეთ სახელებს არჩევ, ბავშვს დაბადება არ უნდაო. ძველი და ახალი აღთქმის, პრეისტორიული და ისტორიული სახელების მოძიების ფონზე, მოევლინა ჩვენს პლანეტას რატი. აგვისტოს ომი იყო. გორი იბომბებოდა, ჩვენ მეუფე ეფრემთან ვაფარებდით თავს. 12 აგვისტოს ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძარში ნათელ იღო 40 დღის მონამ ღვთისამ. ნათლიამ (მეუფე ეფრემმა) დღის წმინდანის სახელი უწოდა. უცნაური, ნიჭიერი რატი-ცოტნე. როგორც ილია მართალი ამბობს: "კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდესო"... ვეთანხმები, მაგრამ ერთიც საკმარისია, მთავარია ამ სახელს როგორ დაიმკვიდრებ... პირველად მიდის სკოლაში... რატი თუ ვერ გამოდგა, ცოტნე შეეწევა. ამინ!..

მართალია, რატი თაბაშირში ჩასმული მარჯვენით წავიდა სკოლაში, მაგრამ მამამისი ამბობს, რომ წელში გამართულმა და საკუთარ თავში დარწმუნებულმა პირველად შეაღო შემეცნების კარი.

წელს პირველად წავიდა სკოლაში ფეხბურთელ ალესანდრე ამისულაშვილისა და მისი მოდელი მეუღლის ნინი ზარქუას შვილი, ანანო. წყვილმა ქალიშვილი ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში შეიყვანა. იმავე სასწავლებელში დაიწყო სწავლა მოდელ სალომე ღვინიაშვილისა და ფეხბურთელ ზურაბ ხიზანიშვილის შვილმა, ნიტამ.

P.S. ჩვენი ინფორმაციით, პარლამენტარ ირმა ნადირაშვილის ვაჟიც წელს სკოლაში პირველად წავიდა. მასთან დაკავშირება ვერ შევძელით, თუმცა ამ ფაქტის ამსახველ ფოტომასალას, რომელსაც დეპუტატი სოციალურ ქსელში აქვეყნებს, ფოტოგალერეაში შემოგთავაზებთ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია