რა ბედი ელის 42 000 არასერტიფიცირებულ პედაგოგს და როგორ უნდა გახდეს მასწავლებლის პროფესია პრესტიჟული

რა ბედი ელის 42 000 არასერტიფიცირებულ პედაგოგს და როგორ უნდა გახდეს მასწავლებლის პროფესია პრესტიჟული

მასწავლებლის პროფესია რომ საქართველოში პრესტიჟული არ არის, უკვე ძველი და კარგად ნაცნობი თემაა. სხვადასხვა ინსტიტუტი, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია ინტენსიურად მუშაობს, რომ როგორმე ეს მტკივნეული პრობლემა მოიხსნას. უკვე შექმნილია და არსებობს კიდეც პროგრამები, კონცეფციები, რომელებიც პედაგოგის საქმიანობის პრიორიტეტულ დარგად გადაქცევისთვის არის გამიზნული. თუმცა რეალურად ამ მიმართულებით ჯერ ცოტა რამ არის გაკეთებული.

ქვეყანას 62.000 მასწავლებლიდან მხოლოდ 20.000 ჰყავს სერტიფიცირებული. დანარჩენი 42.000-ს კი გარკვეული დრო აქვს მიცემული იმისთვის, რომ ქვეყანას საკუთარი კვალიფიკაცია დაუმტკიცოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დროის გასვლის შემდეგ, მას ნებით თუ უნებლიედ, სასწავლო დაწესებულების დატოვება მოუწევს, რადგან თანამედროვე სკოლა კვალიფიციური სპეციალისტებით უნდა დაკომპლექტდეს.

როგორ უნდა ამაღლდეს მასწავლებლის პრესტიჟი, როგორ უნდა გახდეს ქვეყნისთვის პედაგოგის საქმიანობა პრიორიტეტული და მაღალანაზღაურებადი, ამ თემაზე საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს (ია ანთაძე, გიორგი კეკელიძე) ვესაუბრეთ, რომლებიც ამ მიმართულებით თავადაც ბევრს მუშაობენ და ფიქრობენ.

ია ანთაძე არასამთავრობო ორგანიზაცია, "სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს" წარმოადგენს, რომელიც სასკოლო განათლების სისტემის მხარდაჭერის მიმართულებითაც საქმიანობს.

- ქალბატონო ია, როგორ უნდა გახდეს მასწავლებლის პროფესია პრესტიჟული?

- გია დვალმა და ავტორების ჯგუფმა შექმნა საგანმანათლებლო სივრცის რეფორმირების კონცეფცია. ის როგორც საუნივერსიტეტო განათლებას, ასევე საინსტიტუტო რეფორმას და სკოლაში მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლების ხედვას ეხება. აღნიშნული კონცეფცია გულისხმობს როგორც სკოლის წარჩინებული მასწავლებლების, ასევე უნივერსიტეტში წარჩინებული პროფესორებისა და ლიდერი მეცნიერების თანამშრომლობას. მართალია დღეს ამ კონცეფციის დანერგვა გარკვეული მიზეზების გამო არ ხდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ აქამდე საქმე აუცილებლად მივა.

- საუკეთესო მასწავლებლებმა, უნივერსიტეტის პროფესორებმა და ლიდერმა მეცნიერებმა როგორ უნდა შეძლონ ერთმანეთთან საკომუნიკაციო, ახალი სივრცის შექმნა?

- ახალი სააზროვნო სივრცე უნდა შეიქმნას, სადაც მასწავლებლები იმ კვლევებში ჩაერთვებიან, რომელსაც მეცნიერები აწარმოებენ. უნივერსიტეტის პროფესორები მიბრძანდებიან სკოლებში, ჩაატარებენ გაკვეთილებს და სკოლის პედაგოგები შეიძლება სტუდენტებთან მივიდნენ. მათთან ერთად უნდა იმუშაონ ან სტუდენტები მოიწვიონ სკოლებში. ეს უნდა იყოს ერთიანი სააზროვნო სივრცე, სადაც თავს მოიყრიან საუკეთესო სპეციალისტები.

- ეს აქცევს მასწავლებლის პროფესიას პრესტიჟულად?

- თუ მასწავლებლების პრობლემას სერიოზულად განვიხილავთ, მერე სკოლის კურსდამთავრებულთა, საუკეთესო ნაწილი უნივერსიტეტებში წავლენ იმისთვის, რომ მასწავლებლის პროფესია შეისწავლონ. დღესდღეობით ვიცით, რომ ვინც უმაღლესებში აბარებენ და მასწავლებლები ხდებიან, სკოლებში სწავლისას არ აქვთ საუკეთესო შედეგები. სამაგიეროდ, ილიას უნიერსიტეტში უკვე არსებობს მაგისტრატურის პროგრამა, სადაც განათლების სფეროს მენეჯმენტის სპეციალისტებს ამზადებენ. იქ გაცილებით დიდი კონკურსია. ამასთან, არის კარგი პროგრამაც და ადამიანები, რომლებიც ამ პროგრამას საუკეთესო შედეგებითა და წარმატებით ამთავრებენ, მერე ადვილად საქმდებიან, მათ აქვთ ღირსეული სამსახურები. ზოგიერთი იქვე რჩება. იმისათვის, რომ მასწავლებლის პროფესია გახდეს პრესტიჟული, რაც შეიძლება მეტი თანხები უნდა ჩაიდოს ამ პროგრამების მოსამზადებლად. ამასთან, დღეისთვის სკოლის კარი ფაქტობრივად, ჩაკეტილია და ის უნდა გაიხსნას.

62.000 მასწავლებლიდან, ვინც ახლა სკოლაში გვყავს, მხოლოდ, 20.000-მა 4 წლის განმავლობაში შეძლო, დაედასტურებინა თავისი კვალიფიკაცია და მიეღო სერტიფიკატი. დანარჩენი 42.000 რჩება სკოლაში. უახლოესი სამი წლის განმავლოვბაში მათ არავინ დისკომფორტს არ შეუქმნის, სამაგიეროდ, სკოლის გარეთ რჩებიან ადამიანები, რომლებმაც აიღეს სერტიფიკატი, საგნებში ჩააბარეს გამოცდა, ასევე პროფესიულ უნარებში, მაგრამ მათთვის სკოლის კარი არის დაკეტილი.

საჭიროა, სეტიფიცირებულ მასწავლებელებს შეექმნათ გაცილებით უკეთესი პირობები, ხელფასისა და სოციალური სტატუსის მხრივ, ასევე უნივერსიტეტებთან, სამეცნიერო უნივერსიტეტებთან ურთიერთობის მხრივ. მაშინ რა თქმა უნდა, ბევრი ახალგაზრდა გადაწყვეტს, გახდეს მასწავლებელი. მოკლედ, ეს არის კომპლექსური ღონისძიებების სისტემა, რომელიც საგანმანათლებლო სისტემაშია გასატარებელი. თუ ისიც გახდება მომავალში ცნობილი, რამდენი ექნება სერტიფიცირებულ მასწავლებელს ხელფასი და იმ 20.000 მასწავლებელს, რომელიც სხვებთან შედარებით სკოლაში წარჩინებულია, სახელმწიფო კარგ პირობებს შესთავაზებს, ეს იქნება იმის გარანტი, რომ უახლოეს პერიოდში ახალგაზრდები და მეცნიერები სკოლაში სიარულს მოინდომებენ და ისინი სკოლას პრესტიჟულს გახდიან.

- იმ 42.000 არასერტიფიცირებულ პედაგოგს რა ბედი ელის?

- მათ სახელმწიფომ მისცა დრო (3 წელი), რომ კიდევ ჰქონდეთ საშუალება, ქვეყანას თავიანთი კვალიფიკაცია დაუდასტურონ...

- თუ ეს ვერ შეძლეს, სასწავლო დაწესებულების დატოვება მოუწევთ?

- ნამდვილად მოუწევთ სკოლის დატოვება, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ისინი თავის საგანში ვერ ჩააბარებენ გამოცდას და ვერ დააგროვებენ ქულების მინიმალურ რაოდენობას.

არადა, დღეს სკოლაში გვყავს ბევრი ბრწყინვალე მასწავლებელი, მონდომებულები, მოტივირებულები, რომლებსაც ვიცნობ კიდეც. განსაკუთრებით გავიცანით კიდევ რეგიონებში მომსახურე სპეციალისტები, რომლებიც სხვადასხვა საგანს ასწავლიან. ცდილობენ, აბსოლუტურად თანამედროვე მიღწევების დონეზე იყვნენ, შესანიშნავად ფლობენ კომპიუტერულ ტექნოლოგიებს, რაც ძალიან საამაყო რამ არის. როცა ხედავ, რომ თბილისიდან მოშორებით არის ასეთი მონდომებული მასწავლებელი, გიჩნდება სურვილი, სახელმწიფომ წაახალისოს და დააფასოს მისი მონდომება. ვნახოთ, წლის ბოლოს ამ მიმართულებით ბევრი რამ გაირკვევა...

გიორგი კეკელიძე, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი:

- ამ საკითხთან დაკავშირებით მე ჩემს მეგობრებთან ერთად, ბევრი მიფიქრია, თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. პირველ რიგში, ეს ყველაფერი ცხადია, სინქრონულ მუშაობას გულისხმობს, - საზოგადოების, განათლების სამინისტროსა და მასწავლებლების ჩართულობას.

მასწავლებლის პრესტიჟის ამაღლება საქართველოში წესით და რიგით რთული არ უნდა იყოს, იმიტომ, რომ წარსულში ეს პროფესია ერთ-ერთ მნიშვნელოვან და საკრალურ პროფესიად მიიჩნეოდა. მასწავლებელი ამაღლებულ კვარცხლბეკზე იდგა. დღეს კი ჩამოქვეითებულია და აქვს დაბალი ანაზღაურება. ეს ყველაფერი თანდათან მოხდა და ეს განსაკუთრებით იმ 90-იანი წლების კრიზისის შედეგია. დღევანდელი რთული სიტუაცია კი იმაზე მეტყველებს, რომ ამ მიმართულებით არ მოდის ნიჭიერი ახალი თაობა, არ ირჩევენ ამ პროფესიას, და სკოლაში დასაქმებას არ ცდილობენ.

- მიზეზი მარტივია - რაც უკვე ვთქვით, დაბალი ხელფასი...

- მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ისიც, რომ მასწავლებლებს გაუჩნდეთ განცდა, რომ მათ ყოველდღიურად განვითარება სჭირდებათ და მაქსიმალურად უნდა აჰყვნენ ახალ ტექნოლოგიებს, ახალ მოცემულობებს და საკუთარი თავი თვითონვე რაღაც თვალსაზრისით, წარმოაჩინონ ისე, რომ ხელისუფლება იძულებული გახდეს, მათ სათანადო ყურადღება დაუთმოს და კიდევ უფრო მეტი იფიქრონ ამ მიმართულებით. როდესაც კვალიფიციურია კადრი, ცდილობს, მისი კვალიფიკაციის შესაბამისი სამსახური ჰქონდეს, შესაბამისი ანაზღაურებით. ადამიანებმა ასევე უნდა გაითავისონ ის, რომ მასწავლებლობა ცხადია, კრიტიკას ექვემდებარება და იმ მითის ნაწილი არ არის, რომელიც იყო ხოლმე გავრცელებული: "მაწავლებელი საპირფარეშოში არ დადის," რომ ის შეცდომას არ უშვებს. მაგრამ არც ისეა საქმე, რომ არ გვყავს კარგი მასწავლებლები. ბევრს შევხვედრივარ ახლაც და მაშინაც, როცა სკოლაში ვსწავლობდი. დარწმუნებული ვარ, მასწავლებლობა გახდება პრესტიჟული საქმიანობა, ოღონდ, ეს დროშია გაწელილი...

- როგორ ფიქრობ, რა აფერხებს ამ პროცესს?

- რთულია ასე ხელაღებით ამდენი ადამიანისთვის ხელფასის მომატება, მეორე მხრივ ასევე ძნელია, რომ შეამცირო შტატები და ამ მიმართულებით რეფორმაც რთული ხდება. ვფიქრობ, ეს არის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი. არადა, ყველას აქვს მზაობა, რომ საზოგადოებაში და ქვეყანაში იყვნენ კვალიფიციური მასწავლებლები, რომელთაც მაღალი პრესტიჟი ექნებათ. მაგალითად, უცხოეთში მასწავლებლის ხელფასი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, ხელფასებს შორის. ამას ემატება თავისი სოციალური შეღავათები.

ცალსახად ვარ მასწავლებლის მხარეს, მაგრამ რაც უნდა მტკივნეული იყოს, უნდა გადაიხედოს ეს ყველაფერი სერიოზულად.

- პირადად შენს ყურადღებას როგორი მასწავლებელი იქცევდა?

- ყურადღებას ის მასწავლებლები იქცევდნენ, ვინც იმ ფარგლებს მიღმა გადიოდნენ, მეტს ხედავდნენ ტექსტებში, რომლებსაც ჰქონდათ კარგი გადმოცემის უნარი. ასევე მნიშვნელოვანია ზომიერების ფარგლებში ბავშვებთან მეგობრობის უნარი.

- საბოლოო შედეგს როდის მივაღწევთ?

- როცა საზოგადოება ამ მიმართულებით იქნება მონოლითური, რომ განათლება ქვეყნის მნიშვენელოვანი ნაწილია და შემდეგ ეს ყველაფერი ნელ-ნელა დალაგდება.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია