სასჯელაღსრულების სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, პატიმარი რუსლან სოსელია ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა და მიიმალა.
ამის შესახებ ნათქვამია პატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"გეგუთის N14 სასჯელაღსრულების დაწესებულების მსჯავრდებულმა რუსლან გენოს ძე სოსელიამ (დაბადებული 16.06.1980 ), რომელიც მკურნალობის მიზნით გადაყვანილი იყო ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, 21 სექტემბერს, გამთენიისას მოახერხა საავადმყოფოს ტერიტორიიდან გაქცევა. წინასწარი ინფორმაციით, მსჯავრდებული საავადმყოფოს მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა და მიიმალა. ამ დროისათვის გაქცეული პატიმრის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. მომხდარ ფაქტს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა იძიებს. პატიმრის დასაკავებელ ღონისძიებებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო. მსჯავრდებულის მიმართ, საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს ქუთაისის განყოფილების თანამშრომელთა მიმართ - 243 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს 2009 წლიდან იხდის, ქრონიკული ავადმყოფია, რის გამოც პერიოდულად გადაჰყავდათ ინფექციურ საავადმყოფოში, სადაც მას შესაბამისი მკურნალობის კურსი უტარდებოდა", - ნათქვამია განცხადებაში.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ ნებისმიერ ახალ ცნობას მომხდართან დაკავშირებით დაუყოვნებლივ მიაწვდის მედიას და საზოგადოებას.