"მას ვერასოდეს ვაპატიებ, რომ რძალი სახლიდან გამიქცია"

"მას ვერასოდეს ვაპატიებ, რომ რძალი სახლიდან გამიქცია"

რძლებზე აუგის მთქმელი ბევრი დედამთილი მინახავს, მაგრამ იშვიათად შევხვედრივარ ქალს, რომელსაც თავისი რძალი გულწრფელად ექოს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მეექვსე წელია ქალბატონი ნანა და მისი აწ უკვე ყოფილი რძალი ქეთი ერთ ჭერქვეშ აღარ ცხოვრობენ, მათ დღემდე საუცხოო ურთიერთობა აქვთ...

- მეექვსე წელია ჩემი რძალი ჩემთან აღარ ცხოვრობს, მაგრამ მას და ჩემს შვილიშვილებს კვირაში რამდენჯერმე ვნახულობ. ძალიან მიყვარს სამივე და გული მწყდება, რომ დღეს ქეთი ჩემი შვილის ცოლი აღარ არის. თუმცა, ყველაფერში დამნაშავე ჩემი შვილია და მას ვერასოდეს ვაპატიებ, რომ რძალი სახლიდან გამიქცია.

- რა მოხდა? მოგვიყევით...

- ჩემი შვილი 25 წლის იყო, როცა ცოლის მოყვანა გადაწყვიტა. ქეთი გასაცნობად ჩვენს ოჯახში რომ მოიყვანა, მის მიმართ მაშინვე სიმპათია გამიჩნდა. ხშირად გაიგონებთ, რომ დედები ბიჭების მიმართ ეგოისტურად არიან განწყობილი და რაც უნდა კარგი რძალი ჰყავდეთ, ფარული თუ დაუფარავი აგრესია აქვთო. თუმცა ამას ჩემზე ნამდვილად ვერ ვიტყვი. ვერ ვხვდები, რატომ უნდა შევიძულო ის ქალი, ვინც ჩემი შვილის რჩეულია?! მით უფრო, როცა დაინახავ, რომ მას შენი შვილი უყვარს, ზრუნავს და საუკეთესო მეუღლეა. მართლაც არაჩვეულებრივი რძალი მყავდა, მაგრამ ჩემმა ბიჭმა ვერ შეიშნოვა. გია ისეთი ეჭვიანი გამოდგა, რომ ქეთის არც მეზობელთან უშვებდა, არც მაღაზიაში –და ყველა მეგობარსაც ჩამოაშორა. ტელეფონის ზარებს უმოწმებდა, უკონტროლებდა ჩაცმის სტილსაც, თუმცა მე არასოდეს მახსოვს, ქეთის გამომწვევად ჩაეცვა.

მის ტანზე მუხლს ზემოთ კაბა არასოდეს მინახავს. არ ვიცი, ჩემს ბიჭს რა დაემართა, გიჟივით იყო, ვერ ვცნობდი. ხან მამამისი ელაპარაკებოდა, ხანაც მე ვუჩიჩინებდი, რომ ცოლს პატივისცემით მოპყრობოდა, მაგრამ ვერაფერს გავხდით. ქეთიმ სამ წელიწადში ორი ბავშვი გააჩინა. პროფესიით სტომატოლოგია და ერთ-ერთ სტომატოლოგიურ კლინიკაში მუშაობდა. ბავშვების დატოვებას და მოვლას როგორ დავამადლიდი, პირიქით, სიამოვნებით ვუვლიდი შვილიშვილებს, მაგრამ ჩემმა ბიჭმა ცოლს სამსახურისთვის თავის დანებება მოსთხოვა. ქეთი დაემორჩილა. მე არ ვმუშაობდი და მთელი დღე რძალთან ერთად შინ ვიყავი. მაშინ კიდევ უფრო კარგად გავიცანი ის გოგო, მივხვდი, რომ არაჩვეულებრივი ხასიათის ადამიანი შემოგვივიდა ოჯახში. ერთ დღესაც ჩემი შვილი შინ უგონოდ მთვრალი მოვიდა. ქეთიმ კარი რომ გაუღო, ხმა არ ამოუღია, ქმარი ისე შეიყვანა თავიანთ ოთახში და ლოგინში ჩაწოლაში დაეხმარა. გიას მაშინვე ჩაეძინა.

რამდენიმე საათში ბავშვები რომ დავაძინეთ, ჩვენც დავწექით. ღამით ჩემი რძლის განწირულმა კივილმა გამაღვიძა. მივხვდი, საშინელება ხდებოდა. გია ცოლს სცემდა! ამასობაში ბავშვებსაც გაეღვიძათ და ტირილი მორთეს. ჩემი მეუღლე ცუდად გახდა, გულზე ხელი მიიდო და სკამზე მიესვენა. აღარ ვიცოდი რა მექნა, დავიბენი, მაგრამ სასწრაფო დახარება მაინც გამოვიძახე. გიამ რომ დაინახა, მამამისი ცუდად გახდა, მომენტალურად გამოფხიზლდა, მაშინვე მის გვერდით გაჩნდა და დამშვიდება დაუწყო. კიდევ კარგი, ექიმები მალე მოვიდნენ და ჩემს მეუღლეს სერიოზული არაფერი სჭირდა, გადავრჩით.

- დარწმუნებული ვარ, რახან თქვენი შვილი ცოლს ხელით ერთხელ შეეხო, ამას მეორედაც გააკეთებდა...

- სამწუხაროდ, კი და ამ ყველაფერმა სისტემატური ხასიათი მიიღო. როგორ არ ვთხოვე, რა არ ვუთხარი, დავემუქრე კიდეც - მოვკიდებ ამ გოგოს და ბავშვებს ხელს და სოფელში წავიყვან-მეთქი, მაგრამ არაფერმა გაჭრა. ხანდახან ისე მძულდა, თითქოს ჩემი შვილი კი არა, ვიღაც უცხო, მტერი ყოფილიყო! მე და ჩემს მეუღლეს არაერთი ღამე გაგვითენებია თეთრად, როცა გვერდით ოთახიდან ჩემი შვილის ყვირილი და ქეთის ტირილის ხმა გამოდიოდა. ხან ვფიქრობდი, ცოლ-ქმრის ჩხუბში არ ჩავერევი-მეთქი, მაგრამ ეს ყველაფერი შეუძლებელი იყო. ერთხელაც, ჩემი რძალი ოთახიდან თვალებ ჩაწითლებული და ტანდალილავებული რომ გამოვიდა, ვეღარ მოვითმინე, ფეხებში ჩავუვარდი და ავტირდი.

სანამ რამეს მეტყოდა, მე ვუთხარი, შვილო, ამ მხეცს თავს ნუ შესწირავ, ჩაალაგე ბარგი, მოჰკიდე ბავშვებს ხელი და წადი ჩვენი სახლიდან. თუ მშობლებთან დაბრუნება არ გინდა, ბინას გიქირავებ და იქ გადადით-მეთქი. ჩამეხუტა და მითხრა, რომ ბინა უკვე ერთი კვირის ნაქირავები ჰქონდა, ბარგიც ჩაალაგა და ჩვენი სახლიდან გადასვლას აპირებდა. გამიხარდა-მეთქი, რომ გითხრათ, დამიჯერებთ?! მაგრამ მართლა ასე იყო, რადგან მე ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი. რასაკვირველია, გიას დავუმალეთ იმ ბინის მისამართი, სადაც მისი ცოლ-შვილი გადავიდა. ვუთხარი, რომ ჩემგან ამას ვერ გაიგებდა და ხომ არ მომკლავდა?! გაგიჟდა, გადაირია, ორი კვირა გადაბმულად სვამდა, მაგრამ როცა განქორწინების საბუთი მოუვიდა, ვეღარაფერი თქვა... რატომ ვერ შეიშნოვა ამ კაცმა ანგელოზივით ცოლ-შვილი, დღემდე ვერ გამიგია.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია