"ჩვენი ქალაქი ერთ დიდ ბორდელად იქცა" - ბათუმელებს პროსტიტუციის მასშტაბების ზრდა აშფოთებთ

"ჩვენი ქალაქი ერთ დიდ ბორდელად იქცა" - ბათუმელებს პროსტიტუციის მასშტაბების ზრდა აშფოთებთ

"ჩვენი ქალაქი ერთ დიდ ბორდელად იქცა" - ამ ფრაზას ხშირად გაიგონებთ ბათუმელებისგან. ქალაქის მცხოვრებლები ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მმართველობის დროს აპროტესტებდნენ პროსტიტუციის მასშტაბების ზრდას რეგიონში, თუმცა ამაოდ.

ბათუმში ათობით სასტუმრო, კაფე თუ ღამის კლუბია, რომლებშიც, ადგილობრივთა თქმით, მეძავები თავიანთ კლიენტებს ემსახურებიან. "უძველესი პროფესიის" წარმომადგენლები ღამის საათებში ქალაქის ქუჩებშიც ხშირად გვხვდებიან. ისინი ძირითადად საკათედრო ტაძრის წინ მდებარე მოედანზე და ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე იკრიბებიან.

პროსტიტუციის მასშტაბები პიკს ზაფხულში, საკურორტო სეზონისას აღწევს, როდესაც აჭარას ათიათასობით ტურისტი სტუმრობს როგორც საქართველოს სხვა რეგიონებიდან, ასევე საზღვარგარეთიდან.

აღსანიშნავია, რომ ბათუმში პროსტიტუციაში ჩართულ ქალთა ასაკი ზოგიერთ შემთხვევაში 15-16 წლიდან იწყება. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს მოქალაქე არ არის. აქ შეიძლება შეხვდეთ როგორც საქართველოს, აგრეთვე უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის, ყაზახეთის, თურქმენეთის, უზბეკეთის, მოლდოვის, თურქეთისა და ჩინეთის მოქალაქე ქალბატონებს.

ერთ-ერთმა მათგანმა "მთელ კვირასთან" საუბრისას თქვა, რომ აჭარაში აგვისტოს დასაწყისში თურქეთიდან გადმოვიდა და აქ ლეგალურად იმყოფება. მისივე თქმით, მის მსგავსად საქართველო-თურქეთის საზღვარი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე ბევრმა ქალმა გადმოკვეთა.

"მე 26 წლის ვარ, სრულწლოვანი ვარ, რასაც მინდა, იმას ვაკეთებ. აქ ყოფნას არავინ მაიძულებს, მარტო ვმუშაობ და ამ გზით ფულს ვშოულობ. ვიცი, რომ ძალიან ვრისკავ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, რადგანაც მყავს 3 წლის შვილი, რომელიც ახლა დედაჩემთან მყავს დატოვებული.

"ივლისში თურქეთში, ანტალიაში ვიმუშავე, ახლა - აქ. მართალია, ფული იქ უფრო მეტია, მაგრამ აქ შედარებით უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს. ალბათ მომავალ წელსაც ჩამოვალ", - თქვა უკრაინის მოქალაქე იანამ "მთელ კვირასთან" საუბრისას.

ქართული კანონმდებლობის მიხედვით, პროსტიტუცია და პროსტიტუციისათვის ფართის გამოყოფა დასჯადი ქმედებაა, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხ წლამდე. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ხშირად ატარებენ ე.წ. "რეიდებს", რა დროსაც აკავებენ იმ სასტუმროების მეპატრონეებს, სადაც მეძავები კლიენტებს ემსახურებიან.

ამასთან, ხშირია სექს ინდუსტრიაში ჩართული უცხო ქვეყნის მოქალაქეების დეპორტაციის შემთხვევებიც, მაგრამ, ბათუმელთა თქმით, ეს სიტუაციაზე გავლენას ვერ ახდენს. მათივე ცნობით, შესაბამისი კლუბებისა და ბარების მეპატრონეები ძირითადად უცხოელები არიან, რომლებიც არც კანონს სცემენ პატივს და არც ადგილობრივთა შეხედულებებს.

"გენოფონდი ნადგურდება, ხალხნო. 15-17 წლის გოგო რომ ამ საქმეშია, ის მერე ან დედად ივარგებს ან ცოლად, ან საერთოდ ადამიანად?! მიუჯდებიან კაფეში ამ თურქებს და არაბებს და ეკურკურებიან, იმათ კიდევ რა ენაღვლებათ... მერე ასეთნაირი გოგოების შემხედვარე ყველა ქართველი გარყვნილი ჰგონიათ და რამდენჯერ ყოფილა, რომ ქუჩაში წესიერ, ოჯახის გოგოს აჰკიდებიან და კიდეც მოხვედრიათ მაგის გამო", - თქვა "მთელ კვირასთან" საუბრისას ბათუმის მცხოვრებმა დავით დუმბაძემ.

ადგილობრივთა ნაწილი პოლიციას არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ სასტუმროებისა და კლუბების თურქი მფლობელები დიდ საშემოსავლო გადასახადებს იხდიან, რის გამოც ხელისუფლების წარმომადგენლები თვალს ხუჭავენ მათ საქმიანობაზე.

ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლები არაოფიციალურ საუბრებში ამბობენ, რომ პოლიციამ შეძლო ქალაქის ქუჩების უცხო ქვეყნის მოქალაქე მეძავების დიდი ნაწილისაგან გაწმენდა, თუმცა, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულ ქალებს ვერაფერს უხერხებენ, რადგანაც ბევრი მათგანისთვის პროსტიტუციაში ჩართულობის დამტკიცება რთულია.

"რამდენჯერ ყოფილა, ქალი აქეთ შემოგვდავებია - რას მკადრებთ, მეძავი კი არა, დამსვენებელი ვარ და ვსეირნობო. უცხოელებთან საქმე უფრო ადვილადაა, თავს ვერაფრით იმართლებენ. ძალიან ბევრი დავადეპორტეთ, ზოგი უკრაინელია, ზოგი შუა აზიელი, მაგრამ ზღვაში წვეთია, მაინც ვერ მოისპობა, პროსტიტუცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, თუმცა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამას პედოფილიის და ტრეფიკინგის სახე არ მიეცეს.

"ჩვენზე მეტად მაგათი ქუჩიდან მოშორება არავის უნდა. პროსტიტუცია ნებისმიერი ქვეყნის პოლიციისათვის დიდი თავის ტკივილია, მაგრამ მისი მოსპობა განა არ, ვერ ხერხდება", - თქვა ერთ-ერთმა პოლიციელმა "მთელ კვირასთან" საუბრისას.

ბათუმელთა ნაწილი პრობლემის გადაწყვეტის გზას პროსტიტუციის ლეგალიზაციაში ხედავს. მათი თქმით, ამ შემთხვევაში სახელმწიფო უფრო ეფექტურად შეძლებს სიტუაციის გაკონტროლებას.

"ბათუმი საპორტო ქალაქია, ამასთან, საკურორტოც. აქ პროსტიტუცია რომ არ იყოს, ის უფრო იქნებოდა გასაკვირი. თუ ლეგალიზაცია მოხდება და ყველა ასეთ ობიექტს ძალოვანები აიყვანენ კონტროლზე, იქ ვერავინ შეძლებს არასრულწლოვანი და ტრეფიკინგის მსხვერპლი გოგონების გაჩერებას. ამასთან, ეს გოგოები ძალადობისგანაც იქნებიან დაცული", - თქვა "მთელ კვირასთან" საუბრისას სოც. მუშაკმა, გიორგი კერესელიძემ, რომელსაც პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად უწევს ამ კატეგორიის მოქალაქეებთან ურთიერთობა.

მისივე თქმით, აჭარის ტერიტორიაზე კაზინოებად, სასტუმროებად და კლუბებად შენიღბული საროსკიპოების სიმრავლე განსაკუთრებით სარფში, გონიოსა და ბათუმშია. მათი კლიენტები ძირითადად თურქეთის მოქალაქეები და დამსვენებლები არიან. ამ ობიექტის დახურვა, მისი აზრით, გამოიწვევს პროსტიტუციაში ჩართული საქართველოს მოქალაქე ქალბატონების მასობრივ მიგრაციას სხვა ქვეყნებში, სადაც მათ უფლებებსა და უსაფრთხოებას დიდი საფრთხე შეექმნება.

ვახო შამუგია

გაზეთი "რეზონანსი"

იხილეთ ასევე: რა ხდება ჩვენი ქვეყნის სექსინდუსტრიაში?! - ინტერვიუ მეძავთან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია