ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში ახალშობილი ბავშვი გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას სამედიცინო ცენტრის დირექტორი დავით მდინარაძე გვიდასტურებს.
"ლეილა ჟღენტი-გიორგაძე 24 სექტემბერს, 13.00 საათზე შემოიყვანეს სამშობიაროში და ბავშვი გაჩნდა 18.00 საათზე. სამწუხაროდ, ბავშვი დაბადებიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა" , - განაცხადა დავით მდინარაძემ.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ბავშვს ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება და დადგინდება თუ რა იყო გარდაცვალებების მიზეზი.
ლეილა ჟღენტის ოჯახი ბავშვის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებს.
"ამ საქმეს ასე არ დავტოვებთ. მშობიარობამდე რამდენიმე დღის წინ ვიყავით ექიმთან და ყველაფერი კარგად იყო. რა მოხდა მშობიარობის დროს არავინ არ ვიცით, ბავშვი დაბადებისთანავე გარდაიცვალა" , - განაცხადა ლეილა ჟღენტის დამ.
არსებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, ამ კლინიკაში ორი ჩვილი, ერთი მშობიარე და ერთი 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა.