ნოდარი პრობლემებით დაიბადა. ორივე მხარეს საზარდულის თიაქარი ჰქონდა და დაახლოებით 10 თვის იყო, როცა საოპერაციოდ გორიდან თბილისში ჩამოიყვანეს. ექიმებმა მშობლებს უთხრეს, - ბავშვს ყურადღება მიაქციეთ, ჩამორჩენილობა აღენიშნებაო. ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ, ჩვილი ნევროპათოლოგ ნანა გელაძეს უჩვენეს. თურმე, ექიმმა შეიცხადა: ეს რა დღეში ხართ, თქვე საცოდავებო, ცერებრალური დამბლაოო. ეს იყო განაჩენი ახალბედაშვილების ოჯახისთვის!
როცა შვილის პრობლემებზე, მის ტკივილზე ბავშვის დედა გიყვება, ემოციებით ივსები და სურვილი გიჩნდება, მას ყველანაირად მხარში ამოუდგე, შეძლებისდაგვარად დაეხმარო, მაგრამ სულ სხვა ყოფილა, როცა ამ ტკივილზე გესაუბრება მამა და თანაც, როცა ხედავ, შვილზე, მის სატკივარზე ლაპარაკისას როგორ უკანკალებს ხელები, გრძნობ, როგორ უშრება ყელი და გზადაგზა რაღაც აბებს იყრის პირში, ძალა რომ მოიკრიბოს, ძნელია, შვილის სატკივარით დაუძლურებული მამაკაცის მოსმენა... გია ახალბედაშვილი საკუთარ შვილზე მიყვებოდა, მე კი ვიცრემლებოდი და საკუთარი ემოციების დაფარვას ამაოდ ვცდილობდი.
გია ახალბედაშვილი:
- სტომატოლოგი ვარ და ასე თუ ისე, მედიცინაში ვერკვევი, მაგრამ ჩემს შვილს ასე ძალიან თუ უჭირდა, ვერ ვიფიქრებდი... დავიწყეთ ბავშვის მკურნალობა. დაგვყავდა ახტალაში, თბილისში - მასაჟებზე... 2000 წელს ალეკო ასლანიკაშვილმა, რომელიც გორში ჯერ "გაის" უფროსად მუშაობდა, მერე - საბაჟო დეპარტამენტში, ჩემი მდგომარეობა გულთან ახლოს მიიტანა და ბადრი პატარკაციშვილთან დამაკავშირა.
ბიზნესმენმა ავადმყოფი პატარა ბიჭის სამკურნალოდ მოსკოვში კლინიკა შეარჩია და გამოკვლევის პირველადი გადასახადი და სხვა ხაჯებიც - დაახლოებით 8 ათასი დოლარი მან გადაიხადა.
- მოსკოვში მკურნალობის 4 კურსი ჩაუტარეს. სხვათა შორის, ძვირად ღირებული პროცედურები არ იყო და ამისთვის ბიზნესმენი აღარ შეგვიწუხებია. 5 კურსი, წასვლა-წამოსვლაც და მთელი ხარჯებიც რომ დაგვეთვალა, მთლიანობაში 4.000 დოლარი ჯდებოდა. ექიმები ჩვენ მიმართ ძალიან გულისხმიერები იყვნენ. რუსები საოცრად ადამიანურად გვექცეოდნენ, რამდენიმე ქართველმა კი დასაღუპავად გაწირა, ჯვარზე გააკრა ჩემი ნალოლიავები, მეოცნებე შვილი...
ლინინის სახელობის კლინიკაში პირველად რომ მივიდნენ, თურმე, ნოდიკოს თავის დაჭერაც არ შეეძლო. 4 კურსის გავლის შემდეგ, ბიჭი მოღონიერდა. ექიმებმა მის მშობლებს უთხრეს: მთელ ანუ 10 კურსს თუ გაივლის, რაღაც დონეზე დამოუკიდებლად გავლასაც შეძლებსო. მაგრამ მერე ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, ნოდარის მოსკოვში წაყვანა ვეღარ მოხერხდა და ოჯახი იძულებული გახდა, ამ კლინიკაში მკურნალობაზე უარი ეთქვა.