რა ასაკში უნდა ვასწავლოთ ბავშვს ინგლისური ენა

რა ასაკში უნდა ვასწავლოთ ბავშვს ინგლისური ენა

"ჯერ კიდევ მეშვიდე-მერვე კლასელი ვიყავი, რომ ჩემზე უმცროს ბავშვებს ინგლისურ ენაში ვამზადებდი. ახლა კი ნებისმიერი ასაკის ადამიანთან ვმუშაობ, თუმცა პატარებთან ურთიერთობა მეტ სიამოვნებას მანიჭებს," - ამბობს ინგლისური ენის პრაქტიკოსი მასწავლებელი - ნინო დგებუაძე.

სწორედ მასთან შევეცადეთ, გაგვერკვია, რა ასაკიდან არის ინგლისური ენის შესწავლა გამართლებული და როგორ უნდა შეისწავლოს ის ბავშვმა.

- ახლა სკოლაში ბავშვები უცხო ენის შესწავლას 5-6 წლის ასაკში იწყებენ, ანუ პირველ კლასში. როგორც პედაგოგი, ამას გამართლებულად მიიჩნევთ?

- ნამდვილად გამართლებულია, რადგანაც ინგლისურის შესწავლა მოზრდილი ასაკის ბავშვებთან რომ დამიწყია, ათვისება ძირითადად უჭირთ ხოლმე. მათ პარალელურად პიველ-მეორე კლასელებიც მყოლია და ენის დაძლევის არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ. მოკლედ, უფროსებს ისე ვერ გააგებინებ და გაიგებს, როგორც პირველკლასელი, - ადვილად უღებენ ალღოს. თუმცა ყველაფერი მაინც ინდივიდუალურია და ბევრი რამ მასწავლებელსა და მოსწავლეზეა დამოკიდებული. ზოგადად, მკაფიოდ ვაფიქსირებ იმ მოსაზრებას, რომ პატარები როგორც ღრუბელი, ისე არიან, იწოვენ და ითვისებენ ყველაფერს, მით უმეტეს, თუ მასწავლებელი კარაგად უხსნის. საოცარი შედეგები აქვთ...

- ზოგჯერ ისეც ხდება, რომ პატარები ერთი უცხო ენის შესწავლის პარალელურად, მეორესაც იწყებენ (გერმანულს, ან ფრანგულს) თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, ეს რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ?

- უპირველესად გეტყვით იმას, რომ მივესალმები თავიდან მხოლოდ ერთი უცხო ენის შესაწავლას. პარალელურად ორივეს დაწყება პირველკლასელისთვის არ არის გამართლებული, რადგანაც გაუჭირდება ამდენის დაძლევა. მყავდა და ახლაც მყავს მოსწავლე, რომელიც ინგლისურთან ერთად, გერმანულასც სწავლობს, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ კარგი შედეგი აქვს (გერამნული მეც ვიცი, არა იმ დონეზე, როგორც ინგლისური, მაგრამ გერმანული ენის ნიუანსებში გარკვეული ვარ და ამიტომ ვამბობ). ზოგადად, პატარისთვის პარალელურ რეჟიმში ორი ენის შესწავლის დაწყება რთულია.

ვიმეორებ, თავიდან გამართლებულად მივიჩნევ მხოლოდ ერთი უცხო ენის შესწავლას.

- თუმცა ისეც ხდება, რომ ბავშვები არა პირველ კლასში, არამედ უფრო ადრეულ ასაკში (3-4 წლის) იწყებენ უცხო ენის შესწავლას, ისე, რომ ქართულად წერა-კითხვაც რომ არ იციან... ამ ასაკში ენის დაწყება მისთვის სტრესი არ არის?

- არა, მისთვის ეს სტრესი ნამდვილად არ არის, თუმცა შეიძლება პატარასთვის ცოტა მეტი დატვირთვა კი იყოს, მაგრამ ის მას სერიოზულ ფსიქოლოგიურ ზიანს არ აყენებს. ჯერ ჩემთან არც ერთ ბავშვს არ გასჭირვებია 3-4 წლის ასაკში ინგლისური ენის შესწავლა.

თან, ამ ასაკში ენის დაწყება ბავშვს იმაში ეხმარება, რომ სიტყების მარაგს აგროვებს. როდესაც ლექსიკური მარაგი აქვს, მერე თუნდაც პირველ კლასში მეტად უადვილდება პროგრამის დაძლევა. მოკლედ, ეს მისთვის მოსამზადებელი ეტაპია და მისი გონება და მონაცემები საშუალებას იძლევა, რომ კარგად აითვისოს.

- სწავლების მეთოდიკაზე რას გვტყვით?

- ანბანის ათვისების შემდეგ, სიტყვების მარაგი უნდა დააგროვონ. როდესაც ბავშვს ეს არ აქვს, ელემენტარული წინადადების აგება საშინლად უჭირს. ამიტომ სანამ სკოლაში მივა, სასურველია, საკმაო რაოდენობის სიტყვები იცოდეს.

- რაც შეეხება გრამატიკას?

- სიტყვების ათვისების შემდეგ გრამატიკას მსუბუქად ვიწყებთ, - მრავლობითი და მხოლობითი რიცხვის გარჩევა (მარტივი ხერხით), ვსწავლობთ წინადადებების სწორად აგებას, მოკლედ, ნელ-ნელა და თანდათან სწავლის პროცესი რთულდება. არც ის შეიძლება, რომ პირველკლასელს სასწავლად 4 ფურცელი მისცე, ცოდოა, თან, ვერ მოასწრებს.

- რა შედეგები გაქვთ?

- არც ერთი პედაგოგი არ იტყვის, რომ ცუდად ასწავლის, მაგრამ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ უკმაყოფილო არც ერთი მშობელი არ მყავს, რადგანაც ბავშვები მშვენივრად, ასაკის შესაბამისად, ფლობენ ინგლისურ ენას. კითხულობენ, თარგმნიან, ელემენტარული გრამატიკა იციან - აწმყო და ნამყო დროებს არჩევენ. ბევრი ისეთი მოსწავლე მყავს, რომელმაც ეს ყველაფერი ქართულადაც შესანიშნავად იცის და არ უჭირს. მაგრამ არიან ისეთები, ვინც ქართულად არ იციან და მერე ინგლისურში "იჭედებიან", ანუ ქართულშიც არ აქვს ნასწავლი, ეს ქართული ენის მასწავლებლის პრობლემაა, რაზეც გული მწყდება.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია