რა აკავშირებს ნათია ფანჯიკიძეს წამლის მომხმარებლებთან

რა აკავშირებს ნათია ფანჯიკიძეს წამლის მომხმარებლებთან

ამ დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში თუ შეხვიდოდი, ბამბუკის ტყეში აღმოჩნდებოდი, ქუჩის ხმაურს ჩიტების ჟღურტული ცვლიდა. ტყისკენ მიმავალ ბილიკზე ნაიარევი მგელი მიაბიჯებდა. იქვე ახლოს "კარცერი ლუქსი" იდგა. თუ მიუახლოვდებოდი და შიგნით შეჭვრეტას მოინდომებდი, ავტორი სინათლეს გინთებდა, ასე უფრო ლამაზიაო. საგამოფენო სივრცეში თავს წითელგულიანი საათიც იწონებდა და საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტებას, რომ სიყვარულს დრო არ აქვს, დამთვალიერებელს კიდევ ერთხელ უმტკიცებდა...

მგონი, ამ აღწერით ცოტათი დაგაბნიეთ. დაბნევაზე რა გითხრათ, მაგრამ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ "კამარას" მიერ ორგანიზებული გამოფენით - "მე დავბრუნდი", აღფრთოვანებული ბევრი ადამიანი დარჩა.

ამ ყველაფერს სიმბოლური დატვირთვა აქვს. თითოეული "კამარელი" "მგელია", მართალია, დაჩეხილი სხეულით, მაგრამ იარები უშუშდება...

თუ იმის გათავისება არ შეგიძლია, როგორია ნარკოტიკზე დამოკიდებულთა ტკივილი, ფესვებისგან შექმნილ ნამუშევარს უნდა შეხედო. შეუძლებელია, სადღაც გულის სიღრმეში ტკივილი თავადაც არ იგრძნო და ავტორის განცდის თანაზიარი არ გახდე.

სარკის პეპელა, მოხატული ჭურჭელი, არაერთი ქანდაკება... საგამოფენო სივრცე იმდენად მრავალფეროვანია, ძალიან ძნელია, თითოეული ექსპონატის შესახებ ერთ სტატიაში ილაპარაკო. სრულად გადმოსცე ის ემოცია, რასაც ადამიანის ხელახლა დაბადების, დაბრუნების სიხარული ჰქვია.

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე უკვე მეოთხე წელია, რაც ცენტრ "კამარას" ხელმძღვანელობს. ამ ხნის განმავლობაში 120-მდე ადამიანის "დაბრუნება" შეძლო.

- ყოფილი "კამარელებიდან" ზოგიერთმა ცოლი მოიყვანა, შვილები ჰყავთ, ზოგმა სამსახური იშოვა, ზოგმა ორივე ერთად მოახერხა. თითოეულის წარმატება და წინ გადადგმული ნაბიჯი ძალიან მახარებს.

- თქვენთან მოსვლის მსურველთა რიცხვი იზრდება?

- ცხადია, მაგრამ ამ შემთხვევაში პრობლემა ჩვენ გვექმნება: ცენტრი პატარაა და ყველა მსურველს ვერ იტევს. ხშირად მოგვმართავენ ადამიანები, რომლებიც ჯერ გამოფხიზლებულები არ არიან. მათ ვუხსნი, რომ ეს დამამთავრებელი რგოლია, რომ ჩვენთან მოსვლამდე დეტოქსი (ფიზიკური დამოკიდებულების მოხსნა) უნდა გაიარონ. სამწუხაროდ, არ გვაქვს სტაციონარი, რომ ეს ეტაპიც ჩვენთან უმტკივნეულოდ გავატაროთ. როცა ადამიანი კარზე გიკაკუნებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას სჭირდები. უარის თქმა ძალიან დიდი გულისტკივილია. დეტოქსი ფასიანი, სახელმწიფო დაფინანსებით უფასო პროგრამაც არის, მაგრამ ამ პროგრამაში ჩასართავად დიდხანს ცდა უწევთ. სამწუხაროდ, ზოგიერთი რიგის მოსვლამდე უფრო ღრმად გადაიჩეხება ხოლმე. სახელმწიფოსგან ვითხოვ, სისტემა უფრო სიღრმისეულად დაიგეგმოს.

- ჯანდაცვის სამინისტროს სათანამშრომლოდ ხომ არ მოუმართავს?

- აზრი არასდროს უკითხავთ, მაგრამ ვიცი, რომ ჩვენი საქმიანობისადმი სიმპათიით არიან განწყობილნი. შარშან ეკონომიკის სამინისტროსთან შუამდგომლობის წერილიც კი დაგვიწერეს, რომ რომელიმე შენობა დროებით სარგებლობაში გადმოეცათ და ქირის გადახდას გადავრჩენილიყავით. ჯერ ისევ ნაქირავებ შენობაში ვართ. გადამრჩენლად მოგვევლინა ფონდი "ღია საზოგადოება საქართველო". "გლობალ ფონდი" მცირედით, მაგრამ მაინც გვაფინანსებდა. ამ შედეგის მიღწევას შემოწირულობებით ვახერხებთ.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია