რაში ეხარჯებათ ყველაზე ბევრი ფული ცნობილ ქართველებს

რაში ეხარჯებათ ყველაზე ბევრი ფული ცნობილ ქართველებს

დღეს პრობლემების გარეშე ცხოვრება რომ შეუძლებელია, ფაქტია. განსაკუთრებით ძნელია, მატერიალური ხარჯების (ყოველდღიური ყოფითი ხარჯები) გაძღოლა მით უფრო მაშინ, თუ სტაბილური შემოსავალი არ გაქვს.

მოკლედ, ზოგადად, ჭირს ცხოვრება, ამასთან, ფასებიც ყველაფერზე თანდათან მატულობს, თბილისის ქუჩებში ყოველ ნაბიჯზე ხელგამოწვდილი ადამიანები დგანან, ზოგი ნაგვის ურნაში იქექება... მაგრამ ვინც ამას არ აკეთებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დალხენილია...

როგორც სტატისტიკოსები ამბობენ, საქართველოში ბავშვების მეოთხედი სიღარიბეში იზრდება, როგორც აღვნიშნეთ, მოსახლეობის უმრავლესობას მძიმე ტვირთად აწევს ყოველდღიური ყოფითი ხარჯები...

საინტერესოა მას როგორ უმკლავდებიან ცნობილი ქართველები. შევეცადეთ, რამდენიმე მათგანს გავსაუბრებოდით, მათ შორის ზოგი საშუალო დონის მაცხოვრებელია, ზოგიც - მატერიალურად ძლიერი ფენის წარმომადგენელი.

კითხვა შემდეგში მდგომარეობს: რაში ეხარჯებათ ყველაზე მეტი თანხა?

ნინო გაჩეჩილაძე, მსახიობი:

- ალბათ ყველაზე მეტი თანხა ბენზინში მიდის და შემდეგ სხვა დანარჩენში. ასევე, ძალიან მიყვარს უცხოური საიტებიდან, ანუ ინტერნეტით რაღაცების გამოწერა.

- შემოსავალი თავისუფლად გყოფნის ამ ხარჯებზე, თუ ცდილობ, იმყოფინო?

- თავისუფლად, რა თქმა უნდა, არ მყოფნის. ვცდილობ, ვიმყოფინო.

- როგორ ფიქრობ, ყოველთვიურად რა შემოსავლი უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ გასაჭირი არ იგრძნოს?

- ალბათ, მინიმუმ, 3.000 ლარი. თუმცა ეს ყველასთვის მაინც ინდივიდუალურია: ზოგს ნაკლებიც ყოფნის და ზოგს თვეში მილიონიც კი – არა.

ხათუნა ჟორდანია, მომღერალი:

- ყველაზე ბევრი თანხა საჭმელში, დენისა და გაზის გადასახადებში გვეხარჯება. ასევე, ტელევიზიისა და ინტერნეტის ხარჯებში.

- ეს ყველაფერი სერიოზული ზიანს აყენებს თქვენს ბიუჯეტს?

- საკმაოდ.

- ეკონომიას რაში აკეთებთ?

- არ გამომდის... ვოცნებობ, ისეთ ქვეყანაში ცხოვრებაზე, სადაც ელემენტარული, საჭმლის ფული ყველას ექნება და ქუჩაში არ დავინახავ ადამიანებს, რომლებიც ნაგავში ეძებენ საკვებს.

გიორგი სუხიტაშვილი, მომღერალი:

- სამწუხაროდ, დიდი შემოსავალი არ მაქვს და არც სტაბილური, მაგრამ რაც მაქვს, იქიდან ყოველდღიურად ბევრი ხარჯი მიგროვდება. ქირით ვცხოვრობ, თან, მანქანით წანწალი მიყვარს. დღეში, საშუალოდ, 150 კმ-ს გავდივარ და ამაზე დიდი რაოდენობით საწვავი მჭირდება.

ამიტომ, კონკრეტულად გამოკვეთილი სახარჯო მიმართულება, როგორც ასეთი, არ მაქვს. ტანსაცმელშიც თავისთავად, ბევრი ფული მიდის, ასევე - საწვავში.

ნინა წკრილაშვილი, მომღერალი:

- ბევრი ფული მეხარჯება ტანსაცმელში.

- მაინც რამდენი მიაქვს შენი ბიუჯეტიდან?

- რამდენიც მაქვს, იმდენი (სიცილით ამბობს).

- შვილს არაფერს უნაწილებ?

- წელს ბიუჯეტიდან თანხები სწორედ მას დასჭირდება, რადგანაც აბიტურიენტია. აქამდე ძმურად ვიყოფდით (სიცილით ამბობს).

- სად აბარებს?

- მარკეტინგისა და მენეჯმენტის განხრით. კარგად სწავლობს, გონიერი ბიჭია. ასე რომ, წელს მთელი თანხა მის განათლებაში წავა. ეს კი ყველაზე დიდი ინვესტიციაა.

- რაკი დიდი რაოდენობით თანხა ტანსაცმელში გეხარჯება, იქნებ გვითხრა, ყველაზე დიდი საფასური რაში გადაგიხდია?

- ალბათ, ქურქში... ისე, კი ძალიან მინდა, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობდე, სადაც ადამიანის შრომა სათანადოდ დაფასდება...

განო მელითაური, რეჟისორი:

- ბანკში პროცენტი შეგვაქვს, რადგან ბინა ბანკის დახამრებით ვიყიდეთ... ამაზე მიდის დიდი თანხა, მერე ბავშვების კვებაზე. ასევე გზის ფული, ჯერ მანქანა არ გვაქვს და ტაქსის კოლოსალური თანხები მიაქვს.

- როგორ გგონია, რამდენი შემოსავალი სჭირდება ადამიანს, რომ გაჭირვება არ იგრძნოს?

- ბევრი, მაგრამ ოჯახსაც გააჩნია. თუ ადამიანს სახლის პრობლემა არ აქვს, ამაში ფულს არ იხდის, მაშინ მარტო ერთ ადამიანს 1.000-1.500 ლარი მაინც სჭირდება.

აქვე მინდა, საარსებო მინიმუმზეც ვთქვა, რომ ეს არის დეგრადირების სამარცხვინო პროგრამა. ადამიანები ცხოველები არ არიან... მათ საკვების კალორიებისა და გრამების თვლას მთელი ცხოვრება არ უნდა მოანდომონ.

ვახტანგ რჩეულიშვილი, ყოფილი პარლამენტარი:

- პირადად მე თანხა ხელფსიდან სხვადასხვა ადამიანის დახმარებზე მეხარჯება და ლამის ამაზე ხელფასის ნახევარი მიდის. საოჯახო ბიუჯეტიდან კი ყველაზე მეტი საბანკო ვალების მომსახურებზე იხარჯება, ყველა ჩვენი ბინა იპოთეკით არის დატვირთული. სერიოზული თანხა გვჭირდება ასევე ტრანსპორტზე, კომუნლურ გადასახადებზე, საკვებზე, წამლებზე და ყველაზე ცოტა - ტანსაცმელზე.

ლალი ფაცია

სპეციალურად AMBEBI.GE-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია