დიღმის მასივში, კინოსტუდიის ავტოსადგომის ეზოში მდგარ ავტობუსში მცხოვრებ მრავალსულიან ოჯახზე დაახლოებით, 1 წლის წინ გიამბეთ. მდიდარი ფანტაზიის მქონე ადამიანისთვისაც კი ძნელად წარმოსადგენია ის პირობები, რომელშიც 8-სულიან ოჯახს უწევს ცხოვრება, მაგრამ უკვე 10 წელია, ასე გრძელდება. ყურაძეების ერთადერთი შემოსავალი სახელმწიფოსგან გაცემული სოციალური დახმარებაა.
რამდენიმე დღის წინ, ოჯახის დიასახლისი - იამზე ხასაია დამიკავშირდა და მითხრა: ჩვენი მდგომარეობა უკეთესობიდან უარესობისკენ შეიცვალა. კინოსტუდიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ავტობუსი, რომელშიც თავს ვაფარებთ, სხვა ადგილზე გადაგვაყვანინეს და 3 თვეა, სოციალური დახმარებაც შეგვიჩერესო. მათ იმავე დღეს ვესტუმრე. ავტობუსი შედარებით მოფარებულ ადგილზე გადაუყვანიათ. ყურაძეებმა იქვე, სახელდახელოდ მოწყობილ მაგიდასთან მიმიპატიჟეს.
- ავტობუსი რატომ გადააადგილეთ?
ბაირამ ყურაძე:
კინოსტუდიას ავტოსადგომი გაქირავებული აქვს. ადრე ამ ტერიტორიას სხვა უფროსი ჰყავდა. ახლა 2 პიროვნება განაგებს, ერთ-ერთი მათგანი სოსო ჯაჭვლიანის დის ქმარია, გელა ჰქვია. პირველად ერთმანეთს რომ შევხვდით, დამპირდა, უკეთეს ადგილზე გადაგიყვან, დენს და წყალს შემოგიყვანო. გაზაფხულზე დიდი ტრაქტორი მოიყვანეს და ყველანაირი ძველი ტექნიკა ერთ ადგილას გადაიტანეს. ყველა დაპირება დაპირებად დარჩა. ჩვენი ავტობუსის გადაყვანა უარეს ადგილას უნდოდათ, მაგრამ არ დავთანხმდით... თავადაც ხედავთ, აქვე გაუვალი ბუჩქებია. ზაფხულში ქვეწარმავლები გამოვიდნენ. ყოველდღე ვხედავდით, გველები როგორ დასრიალებდნენ. ოჯახში 2 მცირეწლოვანი ბავშვი გვყავს. შეგვეშინდა, არ დაეკბინათ.
იამზე ხასაია:
- ჩემმა ვაჟმა ისანში ბინა იქირავა და ცოლ-შვილთან ერთად, საცხოვრებლად იქ გადავიდა. ერთი პატარა ოთახია, ყოველგვარი პირობების გარეშე. უბრალოდ, ავტობუსში ცხოვრებას ცოტათი მაინც ჯობია. ჰოდა, ამის გამო სოციალური დახმარება მოგვიხსნეს. 4 თვეა, არ აგვიღია. რომ არა კეთილი ადამიანები, არ ვიცი, თავს როგორ გავიტანდით.
- დახმარება რატომ მოგიხსნეს, მიზეზად რა დაასახელეს?
- ოჯახი გაიყოო. განცხადება დავწერეთ, აგენტი მოვიდა და ოქტომბრიდან დახმარებას ისევ მოგვცემენ, მაგრამ თუ ადრე 8 სულზე ვიღებდით, ახლა მხოლოდ 4 სულზე მოგვცემენ ანუ გვექნება მხოლოდ ავტობუსში მაცხოვრებლებს. ჩემი შვილი ქირის გადახდას ვეღარ ახერხებს და ისევ აქ დაბრუნება მოუწევთ.
- ზამთარში აქ დარჩენას აპირებთ?
- წასასვლელი არსად გვაქვს და აბა, რა ვქნათ?
ბაირამი:
- "იმედიდან" დეკორაცია გამომაქვს. იქ მცნობენ, ჩემს მდგომარეობაში შედიან და რაც აღარ სჭირდებათ, მაძლევენ. ისინი რომ არა, ზამთარში სიცივით გავიყინებოდით. პრობლემა ის არის, რომ ავტობუსი ძალიან ძველია, სულ დაიჟანგა და წყალი ჩამოდის. ამ პირობებში ბავშვები როგორ ვაცხოვრო, არ ვიცი. ბინა რომ ვიქირავეთ, ვიფიქრეთ, ყველანი იქ გადავსულიყავით, მაგრამ არავის უნდა, 8 ადამიანი სახლში შეუშვას.
- ქალაქის მერთან შეხვედრა არ გიცდიათ?
- არა. უახლოეს დღეებში ამ შესაძლებლობასაც გამოვიყენებთ.