მე ახლა ვწევარ თეთრ ზეწარში გახვეული. კეფა ტყვიით მაქვს გახვრეტილი და არ ვსუნთქავ.
ჭრელი ხალიჩა, რაზეც მე ვწევარ, ნესტიანია, მაგრამ ეს ნესტი არ მაწუხებს. ჩემი სიგრძე მეტრი და 70 სანტიმეტრია, წონა 52 კილოგრამი. არ იქნება ძნელი ჩემი მხარზე გადება და მიწაში ჩაფვლა. საფლავის გათხრაც არ იქნება ძნელი. დიდი-დიდი, ერთი საათი წაიღოს.
სანამ მზე ჩავა, გამიდებს მხარზე ჩემი ძმა, ერთსაც არ წამოიკვნესებს, ისე გამოიხურავს სახლის კარს და მიწაში ჩამდებს. კეფაც იმან გამიხვრიტა - უცხო კაცს თმაზე აფერებინებდიო.
ახლა შავ თმაზე წებოვანი სისხლის წვეთები, როგორც ყაყაჩო, ისე მახმება და ველოდები 5 წლით უფროს ძმას, რომ გამიდოს მხარზე და მიწაში ჩამდოს.
ველოდები ძმას, რომელსაც ადრე, ბავშვობაში, ტკბილეული უბით მოჰქონდა. ზოგს მე მომცემდა, ზოგს თვითონ დაიტოვებდა და იმ ჭრელ ხალიჩაზე, რომელზეც ახლა თეთრ ზეწარში გახვეული ვწევარ, ფეხმორთხმულები დიდხანს ვღეჭავდით ვანილის გემოს.
კაცი, რომელიც თმაზე მეფერებოდა - როგორც ღმერთი, ისე მიყვარდა. ან უფრო მეტად, ღმერთზე მეტად, აბა, ღმერთი როდის მომფერებია?
მის ნაკოცნ მკერდს ახლა თეთრი ზეწარი შემოტმასვნია და კერტები უკან ჩაუტრიალებია.