რა მდგომარეობაშია თბილისის საავადმყოფოებამდე მისასვლელი გზები - რეპორტაჟი სასწრაფო დახმარების მანქანიდან

რა მდგომარეობაშია თბილისის საავადმყოფოებამდე მისასვლელი გზები - რეპორტაჟი სასწრაფო დახმარების მანქანიდან

ნათქვამს ნანახი ჯობიაო, მაგრამ ნანახთან ერთად, საკუთარ თავზე რომ გამოცდი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მანქანაში ჯდომას და დანგრეულ გზაზე ჯაყჯაყს, სულ სხვაა..

თავიდან დავიწყებ: რამდენიმე დღის წინ ოჯახის წევრს კუჭის წყლული გაუღიზიანდა, თორმეტგოჯა ნაწლავზე კაპილარი გაუსკდა და სისხლიც ბევრი დაკარგა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა ოპერატიულად მოვიდა. შესაბამისი მანიპულაციებიც ჩაუტარა და ამის შემდეგ ექიმებმა უკვე დაიწყეს იმაზე ზრუნვა, რომელ სტაციონარში გადაეყვანათ პაციენტი.

ყველაზე ახლოს მდებარე კლინიკებიდან რესპუბლიკურ საავადმყოფოში ენდოსკოპიის აპარატი აღმოჩნდა დაზიანებული. სხვა კლინიკაში გასტროსკოპის სპეციალისტი იყო მომსახურების ზონიდან გასული. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების დისპეჩერმა ოპერატიულად აღმოაჩინა კლინიკა, სადაც ენდოსკოპიაც წესრიგში იყო და გასტროსკოპის აპარატიც.

უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტი დავაკარით ფარზე ("ნასილკაზე"), ვინაიდან სასწრაფო დახმარების მძღოლმა ახალ ნაოპერაციები ავადმყოფის მე-5 სართულიდან ჩამოყვანაზე უარი განაცხადა. დასახმარებლად სამეზობლოს მივმართე და 5 წუთში უკვე ქავთარაძის ლეჩკომბინატისკენ მივქროდით, თუმცა მანქანის ფანჯრიდან როდესაც გავიხედე ელიავას ბაზრობის ე.წ. დაშლილების ტერიტორიაზე მეგონა თავი. ირგვლივ უამრავი დამტვრეული, ნაავარიევი და დაჭეჭყილი მანქანების პანორამა გადაიშალა. სასწრაფოს მანქანამ ნჯღრევა რომ დაიწყო, გონება დაბინდული პაციენტი მომენტალურად გახდა ადექვატური და ტკივილებისგან ფერი დაკარგა. ექიმს როდესაც ვკითხე, სად ვიყავით, ამიხსნა, რომ ეს ტერიტორია ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ე.წ. "ლეჩკომბინატის" შიდა გზა იყო, რომელიც ლაბირინთებით მიმღებ განყოფილებამდე მიდიოდა.

თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმის განმარტებით თბილისის კლინიკების მიმღებ განყოფილებებთან მისასვლელ გზებს შორის, ყველაზე რთული ვითარება სწორედ ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ე.წ. "ლეჩკომბინატის" ტერიტორიაზე მდებარე სასწრაფო და გადაუდებელი საავადმყოფო შპს "ალსს"-ის მიმდებარე ტერიტორიაზეა, ვინაიდან მიმღებ განყოფილებამდე მისასვლელად სასწრაფო დახმარების მანქანებს ავტო-პროფილაქტიკების გავლა უწევთ.

"ავტოპროფილაქტიკებს შორის ლაბირინთები უნდა გავიკვალოთ. ხშირად ერთი წამიც მნიშვნელოვანია პაციენტის გადასარჩენად. არც თბილისის სხვა კლინიკების მიმღებ განყოფილებებთან მისასვლელი გზებია სახარბიელო მდგომარეობაში. ასფალტის საფარი დაზიანებულია და მანქანები ირყევიან, რაც მანქანაში მყოფ პაციენტებზე უარყოფითად აისახება",-განაცხადა სასწრაფო დახმარების ექიმმა.

რაც შეეხება სასწრაფო და გადაუდებელი საავადმყოფო შპს "ალსს"-ის ექიმებს, ისინიც უკმაყოფილონი არიან "ლეჩკომბინატის" ეზოში არსებული "ავტოპროფილაქტიკებით", სადაც სარემონტოდ მიყვანილ ავტომანქანებს მძღოლები უსწორმასწოროდ აყენებენ და სასწრაფო დახმარების მანქანები პაციენტებთან ერთად ე.წ. "საცობებში" დგომით კარგავენ დროს.

"გვიშველოს და მოგვხედოს ვინმემ. კლინიკის ეზოში ამდენი ავტოპროფილაქტიკის მუშაობა ვის გაუგია. მძღოლები ცუდად აჩერებენ მანქანებს და სასწრაფო დახმარების მანქანებს დროულად პაციენტის მიმღებ განყოფილებაში მოყვანის საშუალება არ ეძლევათ. არადა, აქ მძიმე პაციენტები მოჰყავს სასწრაფო დახმარების ბრიგადებს და მათ გადასარჩენად თითოეული წუთი ძვირფასია",-აღნიშნეს კლინიკის ექიმებმა.

მათივე ინფორმაციით, "ავტოპროფილაქტიკებში" ყოველდღიურად უამრავი მანქანა შედის, რამაც ასფალტის საფარი კარგა ხანია დააზიანა. ამის გამო წვიმიან ამინდში მანქანებსაც უჭირთ კლინიკამდე მისვლა.

ასე რომ, როდესაც ხელისუფლება ევროპულ სამედიცინო რეგულაციებზე საუბრობს, იქნებ ყურადღება იმ გზებსაც მიაქციოს, რომლებმაც პაციენტები ევროსტანდარტების მქონე კლინიკებამდე უნდა მიიყვანონ.

გიორგი ბერიძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია