''ყველას გეხვეწებით, ბავშვის გაჩენა მინდა, ხელი არ მკრათ, არ გამკიცხოთ''

''ყველას გეხვეწებით, ბავშვის გაჩენა მინდა, ხელი არ მკრათ, არ გამკიცხოთ''

''პირველად თბილისში 18 წლის ასაკში ჩამოვედი. მანამდე აქ მხოლოდ პატარაობისას ვყოფილვარ. ბოტკინი მქონდა და თბილისის საავადმყოფოში მიმკურნალეს. მაშინ 3-4 წლის ვიყავი და არაფერი მახსოვს. ასე რომ, როცა ვამბობ, საქართველოში ვცხოვრობ და სანამ სტუდენტი არ გავხდი, მანამდე დედაქალაქში არ ვყოფილვარ-მეთქი, მგონი მართალი ვარ. არ მეთანხმებით?!'' - ღიმილით კი დაიწყო საუბარი ნატომ, თუმცა ბოლოს ოთახი აცრემლებულმა დატოვა...

- ნორმალურად ვსწავლობდი. ვერ ვიტყვი, რომ ხუთოსანი ვიყავი, მაგრამ არც ერთი სამიანი არ მყავდა. ბავშვობიდან მინდოდა დაწყებითი კლასის პედაგოგი ვყოფილიყავი, მაგრამ მოგვიანებით გადაწყვეტილება შევიცვალე. მეოთხე კურსზე სკოლებში პრაქტიკა გავიარეთ და მაშინ მივხვდი, რომ ჩემგან პედაგოგი არ დადგებოდა. როცა ვხედავდი, რომ ბავშვი ზარმაცობდა და გაკვეთილს არ სწავლობდა, ისე განვიცდიდი, მთელი ღამე არ მეძინა. ყველა მეუბნებოდა, მასწავლებელი რომ გახდები, ამდენს აღარ ინერვიულებ, შეეჩვევიო, მაგრამ გულგრილობა ჩემს ხასიათში არ დევს. სწავლაზე და საერთოდ, ამ პროფესიაზე გული ამიცრუვდა. უმაღლესი კი დავამთავრე, მაგრამ სკოლაში მუშაობის დაწყებას არ ვაპირებდი.

- სტუდენტობის დროს თბილისში მარტო ცხოვრობდით?

- როცა ჩავაბარე, დედაჩემმა და მამაჩემმა ბიძაჩემის ოჯახში მიმიყვანეს, მაგრამ იქ ერთი წელიც ვერ გავჩერდი. ორი ბიძაშვილი მყავს და მათთან ერთად ვიყავი ოთახში. თუმცა თავს ზედმეტად ვგრძნობდი. ჩემი ბიძაშვილები ამრეზით მიყურებდნენ, მგონი, ერთმანეთში ''სოფლელსაც'' კი მეძახდნენ. არ მოსწონდათ ჩემი გურული კილო, ჩაცმის სტილი, ცხოვრების წესი. თუ ჩემი ჯგუფელები გართობაზე ფიქრობდნენ, მე ლექციების შემდეგ პირდაპირ სახლში ან საჯარო ბიბლიოთეკაში მივდიოდი. ერთხელად ბიცოლაჩემმა სადილად გვიხმო. ქათამი ჰქონდა შემწვარი, დაჭრა თუ არა, თეთრი ხორცი შვილებს თეფშებზე დაულაგა. მერე დესერტად საზამთრო მოიტანა და ყველაზე კარგი ნაჭრებიც შვილების თეფშებზე დააწყო. ამის გამო თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი და ჩემს მშობლებს შევუთვალე, ან ბინას მიქირავებთ და საცხოვრებლად მარტო გადავალ, ან სოფელში დავბრუნდები-მეთქი. დედაჩემი ჩვენი სოფლის სკოლაში ბიბლიოთეკაში მუშაობდა. ამბობდა, როცა ნატო სწავლას დაამთავრებს, ამ სკოლაში მასწავლებლად მოვაწყობო. მან მამა ბინის დაქირავებაზე დაიყოლია. საბედნიეროდ, მაშინ არ გვიჭირდა და ამის საშუალება გვქონდა.

- დედმამიშვილი გყავთ?

- ჩემი უმცროსი და ქუთაისშია გათხოვილი. 14 წლის იყო, როცა მისმა ქმარმა მოიტაცა. ჩემებს ვეხვეწებოდი, სულ მთლად ბავშვია, სახლში წამოვიყვანოთ-მეთქი, მაგრამ ჩემმა ძმამ და მამამ ეს არ დაუშვეს, მონატაცების სახელით ცხოვრება გაუჭირდებაო. ჩემი პატარა დაიკო ასე გაიმეტეს. ახლა 22 წლისაა და 3 შვილის დედაა. 17 წლის იყო, როცა უკვე 2 შვილი ჰყავდა. კიდევ კარგი, ნორმალურ ოჯახში მოხვდა და ქმარშიც ასე თუ ისე გაუმართლა.

მამამ ბინა მიქირავა და მარტო ცხოვრება დავიწყე. მშობლები ფულს კი მიგზავნიდნენ, მაგრამ მინდოდა დამოუკიდებლად მეცხოვრა. ბუღალტერია ვისწავლე. ყოველ საღამოს ჩემს მეზობელთან ერთად ინგლისურს ვმეცადინეობდი და ეს ენაც ავითვისე. დედაჩემს იმედები კი გავუცრუვე, როცა ვუთხარი სოფელში აღარ დავბრუნდები და სკოლაში მასწავლებლად არ ვიმუშავებ-მეთქი. მას შემდეგ დავმკვიდრდი თბილისში და ჩემი თავის ბატონ-პატრონი გავხდი. თუმცა ბოლომდე ასე მაინც არ არის. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 32 წლის ქალი ვარ, მაქვს საკუთარი ოროთახიანი ბინა, სამსახური და გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად ვიღებ, მაინც ვერ ვიქცევი ისე, როგორც მსურს.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია