ამერიკულ სამხედრო-საზღვაო ძალებში სამხედრო იურისტი და ოფიცერი გივი ტიბანელი მსახურობს. ამერიკული ხომალდი "Mount Whitney" დღეს ბათუმის ნავსადგურში შემოვიდა, რომლის ეკიპაჟის შემადგენლობაშიც სწორედ, გივი ტიბანელია. Ambebi.ge 29 წლის ქართველი ოფიცრის წარმომავლობითა და საქმიანობით დაინტერესდა:
- წარმოშობით კახეთიდან, სოფელ ტიბაანიდან ვარ. ოჯახის გვარი შაიშმელაშვილია, მაგრამ ჩემი სოფლის სახელწოდებიდან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ ჩემი გვარი ტიბანელი ყოფილიყო.
- როდის წახვედი საქართველოდან და როგორ აღმოჩნდი ამერიკის საზღვაო-სამხედრო ძალებში?
- დავიბადე თბილისში, 10 წლის ასაკში მშობლებთან ერთად წავედი ამერიკაში. გავიზარდე სან-ფრანცისკოში, კალიფორნიის შტატში. ვსწავლობდი კალიფორნიის უნივერსიტეტში. ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალებში 4 წელია ვმსახურობ. საქართველოში და მათ შორის ბათუმში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე საქართველოში ჩამოვიდოდი ამერიკული ხომალდით. რადგანაც ხომალდი იტალიიდან საქართველოს წყლებში მოდიოდა, როგორც წარმოშობით ქართველი, მეც გამომიშვეს და ძალიან მიხარია.
- საქართველოდან ბავშვობაში წასულხარ და როგორ მოახერხე, რომ ქართული არ დაგავიწყდა?
- ოჯახში ქართულად ვსაუბრობთ და ვცდილობ არ დამავიწყდეს. მე და ჩემს მეუღლეს შვილები რომ გვეყოლება, აუცილებლად ვასწავლით ქართულს.
გივი ტიბანელი ეკიპაჟის წევრებთან ერთად ბათუმს დაათვალიერებს. ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალების წარმომადგენლები საქართველოს ხუთდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება როგორც წვრთნები, ასევე კულტურული ღონისძიებები.
ნინო ხოზრევანიძე
